სამეგრელოში ბავშვებმა სოფლის გამგებელს ნაგვის ურნების დადგმა მოსთხოვეს (ვიდეო)

სამეგრელოს სოფელ ფახულანის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა სოფელში გარემოსდაცვითი მონიტორინგის დროს აღმოაჩინა, რომ  ფახულანის ცენტრში არ დგას ნაგვის ყუთები და შესაბამისად არ ხდება ნაგავის გატანა. ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში ჩართული სოფელ ფახულანის სკოლის მოსწავლეების ინფორმაციით, ნარჩენები სტადიონის გვერდით იყრება, რომელიც მთავარი გზიდან არ ჩანს. "სამწუხაროა, რომ რატომღაც უმრავლესობას კანონზომიერად მიუჩნევია ნაგავის იქ დაყრა, ზოგიერთებს ტომრითაც მოუტანიათ ნაგავი" - ამბობენ ფახულანის სკოლის მოსწავლეები. სკოლის ეკო-კლუბ "ესკედას" წევრებმა გადაწყვიტეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება და ამ მიზნით ესტუმრნენ გამგებლის წარმომადგენელს ფახულანის თემში, - ბატონ ჯონი გოგოხიას, რომელიც ბავშვებს დახმარებას და მხარში დგომას დაჰპირდა. შეხვედრის დროს მიზნად იქნა დასახული დასუფთავდეს აღნიშნული ტერიტორია და დაიდგას ნაგვის ყუთები. იხილეთ, ფახულანის სკოლის მოსწავლეების გამგებელთან შეხვედრის ამსახველი მცირე ვიდეო: