სამუშაო შეხვედრა "ქართულ-აფხაზური დიალოგი" მესტიის სოფელ ფარში

18-19 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა შეხვედრას "ქართულ-აფხაზური დიალოგი". სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” მრავალი წელია მართავს ქართულ-აფხაზური დიალოგის თემაზე ვორკშოპებს. სადისკუსიო ვორქშოფების საკვანძო ელემენტია ქართული, აფხაზური და ოსური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენა და ანალიზი. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ მოისმინონ და მცირე ჯგუფებში განიხილონ ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები, რომლებიც ჩაწერილია სოხუმში, გალში, ტყვარჩელში, ოჩამჩირეში, ცხინვალში, ახალგორში, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
 
აღნიშნულ ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებს, მოგვითხრობენ თავიანთ ისტორიებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ მიმდინარე მოვლენებს. ზემოხსენებულ ბოიგრაფიულ ინტერვიუებში რესპონდენტები საუბრობენ კონფლიქტის წინაპირობებზე, ესკალაციის პერიოდზე, საომარ მოქმედებებზე და უშუალოდ მათი თვალით დანახულ მოვლენებზე.

ინტერვიუები წარმოდგენილია აუდიოფაილების სახით, რომლებიც ჩაწერილია გერმანული ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდის“ მიერ, რომელიც მუშაობს მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის კავკასიის რეგიონში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფარის საჯარო სკოლის ეკოლუბის წევრები,პედაგოგები და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი. ღონისძიება საინტერესო და ემოციური იყო დამსწრე საზოგადოებისთვის.შეხვედრას ფასილიტაციას უწევდნენ შაკო ჯინჭარაძე და დავით კიკუტაშვილი.

სამუშაო შეხვედრა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განხორციელებას.