ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნანა ლაბაძემ, მინისტრის თანამდებობა ერთი დღით დაიკავა. ნანას, როგორც ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის გამარჯვებული სკოლის ლიდერს, მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უმასპინძლა.
სამუშაო დღე სამინისტროში გამართული შეხვედრით დაიწყო, სადაც ლევან დავითაშვილმა, ნანა ლაბაძესთან ერთად, ტყის ინვენტარიზაციის შედეგებზე ანგარიში მოისმინა. ამის შემდეგ „მინისტრებმა“ შეხვედრა გამართეს აკვაკულტურის თემაზე, კერძოდ, ახალ კანონპროექტზე, რომელზეც სამინისტრო მუშაობს.
მინისტრმა დავითაშვილმა „მინისტრ ლაბაძეს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორია დაათვალიერებინა და სააგენტოს უფროსთან, ანდრო ასლანიშვილთან ერთად, ნიადაგის, ატმოსფერული ჰაერის და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის ტექნოლოგიების გააცნო.
„მინისტრები“ სტუმრად იყვნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრშიც, სადაც სასწავლო კურსზე „გარემოსდაცვითი მმართველი“ ტრენინგები მიმდინარეობს.
დღის ბოლოს ლევან დავითაშვილმა ნანა ლაბაძეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა აჩვენა და ქართული ღვინის კულტურასა და მევენახეობა-მეღვინეობის 8000–წლიან უწყვეტ ისტორიაზე ესაუბრა.
ნანა ლაბაძე 2016 წლიდან აქტიურად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანიებში. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალზე მისმა გამოსვლამ ჟიურის მოწონება დაიმსახურა და სხვა პრიზებთან ერთად, სამინისტროს სპეციალური პრიზი, „ერთი დღე მინისტრად“, დაიმსახურა. ახალგაზრდა ლიდერმა ეს შესაძლებლობაც ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენა.
„გადავწყვიტე, მინისტრამდე მიმეტანა ის პრობლემური საკითხები, რაც ჩემს მხარეში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კუთხით დგას“ – აღნიშნავს ნანა ლაბაძე FORESTRY.GE-სთან საუბარში: „ერთ–ერთი – მუხრანის ტყის სავალალო მდგომარეობაა. ბატონი მინისტრი დაინტერესდა და მივიღე პირობა, რომ აუცილებლად მოახდენს შესაბამის რეაგირებას“.
ინიციატივის შესახებ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის (EIEC) წარმომადგენელს, ეკა ბენდელიანს გავესაუბრეთ.
“დარწმუნებული ვარ, ნანა და კონკურსის სხვა მონაწილეები მომავალში ნამდვილად მოგვევლინებიან გადაწყვეტილების მიმღებ ან პოლიტიკის განმსაზღვრელ პოზიციებზე. ეს პრემია უკვე უამრავ გარემოსდამცველს აერთიანებს, ვინც მნიშვნელოვან სამუშაოებს თავი უკვე არაჩვეულებრივად გაართვა. პრემიას სხვა კონკურსებისგან გამოარჩევს თავისი მასშტაბურობა. ქართულ რეალობაში მართლაც იშვიათია კონკურსი, რომელიც მთელი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აერთიანებს გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო. ამ კონკურსზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო - მისი მონაწილეები და მათი წარმოდგენილი აქტივობები, ხშირ შემთხვევაში ინსპირაციაა ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროსაც. რაც შეეხება პრიზს, მესამე წელია, სამინისტროს ჰყავს თავისი რჩეული, რომელიც მინისტრის რანგში ეცნობა დარგის სფეციფიკას. ნანა ლაბაძე უკვე ჩამოყალიბებული გარემოსდამცველი და ნამდვილი ლიდერია. საინტერესოა, რომ მან, მინისტრად ყოფნის პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და ხედვები გააჟღერა“ - ამბობს ეკა ბენდელიანი WWW.FORESTRY.GE-სთან საუბარში.
ნანა ლაბაძის წარმატების შესახებ საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, რომელიც კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის დიდი ქომაგი და პრემიის ჟიურის აქტიური წევრია.
კარლო ამირგულაშვილი: “ნანა ლაბაძის ეს წარმატება მისი ეკოკლუბის, სკოლის და მთლიანად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმატებაცაა. ეს არის მთელი წლის, უფრო სწორედ, რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგი. ნანას მინისტრობის დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა და ეს ჩვენი სამინისტროს წარმატებაც იყო. ხშირად ავღნიშნავ ხოლმე, რომ კეცხოველის კონკურსი გამორჩეული და უანალოგოა არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. ის აერთიანებს ათასობით ახალგაზრდას და მათ უკან მდგომ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ რეალობა. ბოლო საკონკურსო წელს, მდგრადი განვითარების მიზინებთან მიმართებით, ახალგაზრდებმა შეძლეს, ემუშავათ ყველა სფეროში, დაწყებული სიღარიბის აღმოფხვრიდან და დამთავრებული უშუალოდ გარემოსდაცვითი პრობლემატიკით. ეს კონკურსი სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნამდვილად ქმნის ჩვენს უკეთეს მომავალს“.
წელს „მინისტრმა“ სკოლა დაამთავრა და მოსწავლეებს უკვე გარემოს დაცვის ინჟინერიისა და გამოყენებითი ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის რანგში მიმართავს: „ნიკო კეცხოველის პრემია მასშტაბური პროექტია, რომელიც გეხმარება ლიდერობისა და გუნდურობის უნარების განვითარებაში, გასწავლის ბუნების სიყვარულს და რაც მთავარია, გაყალიბებს აქტიურ მოქალაქედ. ამიტომ ამ პრემიაში მონაწილეობის შანსი არცერთმა მოსწავლემ ხელიდან არ უნდა გაუშვას“.
დამატებითი ინფორმაციისათვის თანდართულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოსიუჟეტი: https://www.facebook.com/MEPAGeorgia/videos/394053507927833/