გალელმა მოსწავლეებმა მარტვილის კანიონი დალაშქრეს და დაასუფთავეს

12 ოქტომბერს, ოკუპირებული გალის სოფელ ოტობაიის N1 საშუალო სკოლის ეკოკლუბი "ფენიქსი" ესტუმრა საქართველოს ერთერთ ულამაზეს ადგილს  - მარტვილს. ექსკურსია ჩატარდა "აღმოაჩინე საქართველო" კამპანიის ფარგლებში.  აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონის დათვალიერების დროს, ეკოკლუბის წევრებს არ გამორჩენიათ კანიონის დაბინძურებული ტერიტორიაც და შეძლებისგვარად დაასუფთავეს.

ეს აქტივობა განხორციელდა მიუხედავად იმ დიდი წინააღმდეგობებისა რომლებიც მონაწილეებს შეექმნათ. ბავშვებს უნდა გადაელახათ ე.წ. საზღვარი და ერთ-ერთ მონაწილეს ე.წ. პასპორტის უქონლობის გამო მავთულხლართებს შორის გასვლა მოუწია. გარდა ამისა ექსკურსიას ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე არაღიარებული ხელისუფლების  ე.წ. განათლების სამინისტროდან, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად გალელმა ეკოკლუბელებმა მაინც შეძლეს მარტვილის ღირშესანიშნაობების მონახულება.

სოფელ ოტობაიის N1 სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში მესამე წელია მონაწილეობს.