ლელოვანის სკოლის აქტივობები ადგილობრივი მედიით გაშუქდა (ვიდეო)

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანის სკოლის ეკო კლუბმა,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020 მონაწილეობისათვის შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და შეაჯამა განვლილი წლებში განხორციელებული აქტივობები.შედეგები გამოაჰვეყნა სკოლის გვერდზე,სოციალურ ქსელში.აღნიშნული ინფორმაციით და ეკო კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობებით დაინტერესდა ადგილობრივი,რეგიონალური საინფორმაციო მაუწყებლობა  ,,სამხრეთის კარიბჭე".

ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეების მიერ შექმნილ ხელნაკეთ ნივთებს და ,,გაცოცხლებულ ნარჩენებს". გთავაზობთ "სამხრეთის კარიბჭეში" გამოქვეყნებული სტატიას და ვიდეოსიუჟეტებს.

ათობით დარგული ხე, გადაგდებული ნივთებით შექმნილი ჩანთები, გაფერადებული სკოლის ეზო და გადარჩენილი ქართული ბზა - რატომ დააარსეს ეკოკლუბი მოსწავლეებმა?

 

 

'ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ'– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]

გარემოსდაცვაზე ფიქრი 2015 წელს დაიწყეს, სკოლის ყველაზე დიდი წარმატება კი 2017 წელს ქართველი ბოტანიკოსის, ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფინალურ ეტაპზე გასვლა იყო. სასკოლო კონკურსში გარემოსდაცვით ღონისძიებებში ჩართული სკოლები მონაწილეობენ. 

ადიგენის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლა 152 სკოლას შორის საუკეთესოდ დასახელდა და ფინალურ ეტაპზე გავიდა. ლელოვნის სკოლამ მწვანე სკოლის სტატუსიც მოიპოვა.

„პრემიის შესახებ ოთხი წლის წინ გავიგეთ, შევქმენით ეკოკლუბი, რომელშიც ათი წევრი ვართ, პირველივე აქტივობის შემდეგ ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალურ ეტაპზე მოვხვდით. მას შემდეგ ვიკვლევთ მცენარეებს, ვრგავთ და ვუვლით მათ, ჩემი როგორც დირექტორის მიზანია, გავხადო მათი ცხოვრება მრავალფეროვანი და დავტვირთო სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმიანობით“, - ამბობს ლელოვნის სკოლის დირექტორი, ეთერ მეტრეველი. 



ლელოვნის სკოლის მოსწავლე და ეკოკლუბის წევრი ამბობს, რომ ბზა განსაკუთრებით უყვარს, რადგან ის საქართველოსთვის ისტორიულია და ამჟამად გადაშენების პირასაა. ვანომ ყველაზე დიდი გამოცდილება ბზების მოვლით მიიღო.

ვანოს სახლში ორნაირი, კოლხური და ქართული ბზა აქვს, სკოლის ეზოში კი ბზის ათ კორომს უვლის. 2016 წელს საქართველოში ბზის ალურა მთელი ქვეყნის ბზებს მოედო, დაავადება ვანოს ბზებსაც გაუჩნდა: „ჩემს სოფელში ბზას ალურა შეეყარა, ამიტომ დავიწყე ფიქრი, თუ როგორ განმეკურნა ეს მცენარე დაავადებისგან, ვკითხე ყველას ვისაც ეხებოდა და ვიშოვე წამალი. საბოლოოდ კი როგორც სახლის, ასევე სკოლის ბზა გადავარჩინე“.

ვანოს თანასკოლელები აღნიშნავენ, რომ მისი ძალისხმევის გარეშე ქართულო ბზა ვერ გადარჩებოდა. თექვსმეტი წლის ეკოდამცველი ამბობს, რომ ბზის ალურა წელსაც საფრთხეს უქმნის მცენარეს, ამიტომ ყველას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: „საქართველოში სულ ათას კორომამდე კოლხური ბზაა შემორჩენილი და ყველამ უნდა მოვუაროთ“.



ლელოვნის ეკოკლუბის წევრი, მარიამ ბოჭორიშვილი გვიყვება, რომ მცენარეების მოვლა და გავრცელება მათი ერთადერთი საქმიანობა არაა: „გადავწყვიტეთ სკოლის ინტერიერი გაგველამაზებინა და მთელი სკოლის ბავშვები ჩავერთეთ, მოვხატეთ კედელი, თუნუქის ურნები, ვეცადეთ პოლიეთილენის პარკების გამოყენება შეგვეზღუდა, ამიტო ქაღალდის, პარკისა და გამოუსადეგარი ნაჭრისგან ჩანთები დავამზადეთ და სოფლებში გავაჩუქეთ, საბურავებისგან საყვავილეები შევქმენით“.

მოსწავლეები ყოველ კვირას გასართობ შემეცნებით თამაშს„რა? სად? როდის?“ აწყობენ, ბუნებასა და ისტორიულ ადგილებში კი ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების შემოქმედების გასაცნობად გადიან.



მალე ლელოვნის სკოლის ეზოს ფიჭვის, ნაძვისა და ფოთლოვანი ნერგების შემდეგ, ცაცხვის ხეებიც შეემატება. კლუბის წევრი, ლინდა მარკოიძე სკოლის ეზოს ყველა სამუშაოში მონაწილეობდა, ამის მიზეზს ასე განამრტავს: „ყველაზე სასიამოვნო პროცესია, როცა შენი ხელით აკეთებ და ქმნი სილამაზეს იმ გარემოსთვის, რომელსაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებ.“

'ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ'– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]

'ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ'– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]