17 სექტემბერს “კავკასიის უნივერსიტეტმა“ კლიმატის დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ საჯარო ახალგაზრდული ფორუმს უმასპინძლა. forestry.ge ფორუმის ერთ–ერთ სპიკერს, ნინი ყრუაშვილს ესაუბრა, რომელიც ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის აქტიური მონაწილეა.
ნინი ყრუაშვილი, ეკო აქტივისტი, თბილისის N169 სკოლის ეკო–კლუბის ლიდერი:
“ფორუმმა საშუალება მომცა ჩემი აზრი ხალხისთვის გამეზიარებინა და ჩვენი კლუბის საქმიანობა გამეცნო. თუმცა, მასში მონაწილეობისთვის მთავარი მოტივაცია გარემოსთან და კლიმატთან დაკავშირებული პრობლემებია, რომელთა გადაჭრაც მრავალმხრივ მუშაობას გულისხმობს, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და თუნდაც, მსგავსი ფორუმების გამართვას. ცნობიერებაში ცვლილებების გარეშე არაფერი გამოვა. სწორედ ამ მიზნით ჩამოვაყალიბეთ ეკო–კლუბი. თავიდან ცოტა ვიყავით და სკოლასაც ჩვენი ნაკლებად სჯეროდა. დღეს კი, ჩვენი კლუბის საშუალებით, თითქმის არ მოიძებნება სკოლაში მოსწავლე, რომელიც ან ჩენს აქტივობებში არ ჩართულა, ან კიდევ – მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. საბედნიეროდ კლუბის მონაწილეთა რიცხვიც აქტიურად იზრდება და დაახლოებით 40-ხე მეტი მოსწავლეა მასში გაწევრიანებული. ეს ყველაფერი კი ნიკო კეცხოველის პრემიით დაიწყო. პრემია რომ არა, ვერც დღეს შევძლებდი გამოვსულიყავი ასობით ადამიანის წინაშე და ჩემს დამოკიდებულებაზე, შეხედულებებზე მესაუბრა“.
ახალგაზრდა გარემოსდამცველის პედაგოგის, ქეთევან ჯიქიას თქმით, ნინი სკოლაში ერთ-ერთი პირველი მოსწავლე იყო, რომელიც ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას ქალაქსა თუ ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამო. მან შეძლო შემოეკრიბა თანამოაზრეები, შეექმნა ეკოკლუბი, შეეცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულებები და სკოლა გაეხადა გაცილებით ეკო მეგობრული. მისი აქტიურობის შედეგად სკოლის ორგანიზებით ათეულობით დასუფთავებისა და გამწვანების აქცია მოეწყო.
ქეთევან ჯიქია, თბილისის N169 საჯარო სკოლის პედაგოგი, ეკოკლუბის ხელმძღვანელი:
„საუბრები კლიმატზე“, ისევე როგორც ნიკო კეცხოველის პრემია, კარგი საშუალებაა, წარმოვაჩინოთ შესაძლებლობები და საზოგადოებამდე მივიტანოთ ჩვენი ეკოკლუბის გზავნილები. კონკურსში უკვე მესამე წელია ვმონაწილეობთ. ამან მოგვცა შესაძლებლობა დავფიქრებულიყავით ჩვენს ირგვლივ არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და საკუთარი ძალებით დაგვეწყო ბრძოლა მათ აღმოსაფხვრელად. პრემიამ მოგვცა საშუალება გვეთანამშრომლა სხვა სკოლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაიონის გამგეობასთან. ვასუფთავებთ, ვრგავთ, ვაგროვებთ მაკულატურას, ვაწყობთ სემინარებს და ვმსჯელობთ ეკოლოგიაზე, მეორადი ნივთების გამოყენებით სკოლის ეზოში მოვაწყეთ სკვერი, შევკერეთ და დავარიგეთ ნაჭრის ჩანთები, დავგდგით სპექტაკლი უმცროსკლასელებისთვის ნარჩენების თემაზე. წელს ვაპირებთ რამოდენიმე სკოლის ჩართვას პროექტში და მათთან თანამშრომლობას. წინ კიდევ ბევრი აქტივობაა. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენს მცირე წვლილს შევიტანთ გარემოს დაცვის საქმეში“.
ჩვენი საუბრის ბოლოს ისევ ნინის ვთხოვეთ, თანატოლებისთვის რჩევა მიეცა. პასუხი მოკლე იყო:
„ჩამოაყალიბეთ ეკო–კლუბები, იმუშავეთ გარემოს სასიკეთოდ შეცვლის მიმართულებით და არ მოერიდოთ შენიშვნების მიცემას მათთვის, ვინც გარემოს მიმართ არამეგობრულია“.