პროექტის დასახელება: |
წიგნის ხე |
პროექტის განხორციელების ვადები: |
23/07/2015 – 20/11/2015 |
პროექტის ორგანიზატორი: |
ა(ა)იპ „კავკასიონი“ |
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: |
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“ |
პროექტის პარტნიორი: |
CENN |
პროექტის მედია პარტნიორები: |
ტელეკომპანია აჭარა და Reportiori.ge |
პროექტის მხარდამჭერები: |
სასტუმრო „შალოშვილების მარანი“, სსიპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“, ჟურნალი „ზღვაური“, ა(ა)იპ „მთაწმინდის მთვარე“ და „ლიტერატურის განვითარების ფონდი“. |
|
– ლიტერატურა გარემოს დასაცავად
ახალგაზრდა ავტორების კონკურსი საქართველოს მასშტაბით
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიონი“, CENN-ის მხარდაჭერით, ლიტერატურული პროექტ „წიგნის ხეს“ ანხორციელებს.
პროექტის ფარგლებში გამოცხადდა სამი კონკურსი, რომელიც სამ ნაწილად განხორციელდა და სამივე ეტაპი გარემოს დაცვის თემატიკას დაეთმო.
კონკურსი მიზნად ისახავს გარემოს დაცვის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას – მხატვრული ლიტერატურის დახმარებით.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 14-დან 20 წლამდე ასაკის 400-მდე ახალგაზრდამ საქართველოს 32 მუნიციპალიტეტიდან.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეექმნათ ლიტერატურული ნაწარმოებები (პოეტური და/ან პროზაული) წინასწარ ცნობილი სათაურების მიხედვით.
ლიტერატურული კონკურსის პირველი ეტაპის სათაურები იყო:
- ნაჯახის აღსარება;
- წერილი ნაძვებს;
- კუნძის თავგადასავალი.
ლიტერატურული კონკურსის მეორე ეტაპის სათაურები იყო:
- აკვარიუმში დაბადებული;
- წერილი ბოთლში;
- აქ იყო მდინარე.
ლიტერატურული კონკურსის მესამე ეტაპის სათაურები იყო:
- ტყეში დაკარგულები;
- წერილი მინისტრს;
- ტურისტის დღიურები.
კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვნენ ფასიანი პრიზებით (წიგნადი, ფონდი, ელ. წიგნების წამკითხველები, დეკორატიული მცენარეები, ზურგჩანთები და კარვები და სხვ.)
|
მირიან გორგილაძე - პირველი ადგილი
კუნძის თავგადასავალი
ჩემი ცხოვრება არც ისეთი საინტერესოა, როგორიც თქვენი. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ერთმანეთს რაღაცით მაინც ვგავართ.
დიდი ხნის წინათ, როცა ქვეყანაზე მხოლოდ გვიმრები და ხეები ცხოვრობდნენ, ჩემი წინაპრებიც მაშინ გაჩნდნენ და მას შემდეგ ერთმანეთის ნაკვალევში ვიზრდებით, მე მამის ნაკვალევში, მამა ბაბუის, ბაბუა დიდი ბაბუის და ასე დაუსრულებლივ. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ. ჩვენი გენის ჩამომავალნი აი ამ მთის ფერდობზე ვცხოვრობთ და ფეხი არსად მოგვიცვლია, არასდროს გადავსულვართ ახლობელი ხეების საზღვარში, ჩვენს გვერდით ნაძვები, ფიჭვები, წიფელა და კიდევ ღმერთმა იცის რამდენი ოჯახი ცხოვრობს. ერთმანეთის მოპირისპირედ ვდგავართ და ფესვებით ვამაგრებთ მიწას. როგორც არწივი ჩააფრინდება კლანჭებით მსხვერპლს, ისე ვებღაუჭებით დედიშობილა მიწას. ჩვენს სოფელს ტყეს ეძახიან. ბევრია ჩვენში ნადირი. ტანში მცრის, როცა მშიერი მგელი გამოუდგება ხარ-ირემს, მოვა და გაიბლანდება ტოტებში, ამ დროს თვალებში ვუყურებთ და სიკვდილის მეტს ვერაფერს ვხედავთ, ტოტებს ვწევთ, წელამდე ვიწევით ფესვებიანად და საუკუნის შეხორცებულ ძვლებს ხმლებივით ვიშიშვლებთ. ჩვენში დიდია თოვლი, ხშირად ტოტები გვატყდება გაზულუქებული ფიფქებით და ჩვენც ტორსს ვემსგავსებით, აქედან იწყება ახალი სიცოცხლე, ასე ამოვიზარდე მამის ფესვებიდან. ვეხიდები, რომ არ წაიქცეს ჩემი მოხუცი. მე კიდევ არა მიჭირს რა, ძალა მერჩის. გაზაფხულისპირს არაფერი შეედრება, ტოტებს მაღლა აღვაპყრობთ და ცას შევღაღადებთ, მადლობას ვსწირავთ ამ დღეს კიდევ რომ მოვესწარით. სხვა სიცოცხლეა გაზაფხული, პეპლები თავბრუს გვახვევენ, თითქოს დაჭერობანას გვეთამაშებიან, ხან რომელი მხრიდან მოგვირბენენ, ხან რომელი და ჩვენც სიცოცხლის ჟინს ვიკლავთ. რაც წამოვიზარდე მას შემდეგ ჩემი მოხუცი ხშირად ავადმყოფობს, მოვა ჩვენი ექიმი და დილიდან საღამომდე დაუზარელად მკურნალობს ჩემს მოხუცს, თითქმის აღარ დარჩა დაკოჟრილ სხეულზე ადგილი წყლულები რომ არ ქონდეს. თმა სულ გაცვინდა და მიწისკენ ექაჩება დამძიმებული სხეული, ხშირად მსაყვედურობს და მახსენებს სიტყვებს „მიწა ხარ და მიწად იქეც“, მე კი არადა არ მემეტება. სხვა სიცოცხლეა, როცა ათასი რჯულის ჩიტები ჩამოსხდებიან ნაზამთრალ ტოტებზე და ჟრიამულით იკლავენ აქაურობას, ზოგისთვის შეხვედრის ადგილია ჩემი სხეული, ზოგი კი მოდის და აქვე სახლდება, აი, უბეში შოშიის სამიოდ კვერცი მიდევს, დღედღეზე გამოიჩეკებიან და მერე აღარ მოვიწყენთ, ახლა კი ვცდილობ წვიმისგან დავიცვა ჩემი შოშიები, რომ არ გაცივდნენ. ასე ვცხოვრობდით დასაბამიდან, ასე ვიცავდით ერთმანეთს, მაგრამ ერთ დღეს ჯერ კიდევ ათასი წლის წინათ ჩვენს ტყეში ჩვენთვის უცნობი ცხოველი გამოჩნდა. მოვიდოდა, დადგებოდა და საათობით ამოგვცქეროდა, ისე, რომ ფეხს არ მოიცვლიდა. ჩვენც მივეჩვიეთ უცნაურ ამბავს და არაფრის გვეშინოდა, ალბათ მოსწყინდა ერთ ადგილას დგომა და ამოძრომა სცადა, ლამის ძვლები დაგვამტვრია, მერე კიდევ უფრო მიგვეჩვია და ერთ დღესაც უბიდან მთელი თვის ნალოლიავები კვერცხები მოგვპარა, იმ დღიდან შევიძულეთ ადამიანი.
მას შემდეგ შევიძულეთ შემოდგომაც!
ყოველი შემოდგომისპირს ერთით ნაკლები ვიყავით, დღევანდელივით მახსოვს ყოველი დაცემა, მაშინ პირველად დავარღვიეთ ერთმანეთის საზღვარი, მაგრამ არავინ გაბრაზებულა და მყვირლა ხეებიც არც ისეთი ცივები აღმოჩნდნენ. ჯერ ტოტებით გადავეხვიე წიფელს, როგორც უკანასკნელ იმედს, მაგრამ ფეხებით შემდგა და სისხლი სულ თქრიალით წამომივიდა, ძალაგამოცლილი დავენარცხე წიფლის ფესვებზე. ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე რა მოხდა, მეგონა ჩვენი ექიმი მოვიდოდა, განმკურნავდა, მაგრამ მწარედ შევცდი, სხეული დამინაწევრეს და წამიღეს. მეგონა მთლიანად წამიღებდნენ, მაგრამ ნასუფრალივით დამტოვეს და წავიდნენ. წასვლისას შევამჩნიე ჩემი გვარისა და ერთიც გავიფიქრე - თავს მხოლოდ ჩემი გვარის თუ მომჭრიდა, მაგრამ მისი რა ბრალია, ასეთად ადამიანმა შექმნა, ის ადამიანის შემოქმედებითი ნაყოფი იყო, რომელსაც არანაირი ნება არ გააჩნდა.
დასწყევლოს შენი გაჩენის დღე ადამიანო!
შენ მხოლოდ ტკივილისთვის და ტანჯვისთვის ხარ გაჩენილი!
მას შემდეგ ტაშნი მცრის როცა ადამიანს ვხედავ. მას შემდეგ ყოველი შემოდგომის პირს ერთით ნაკლები ვრჩებით, მეკი უკვე წლებია, ალბათ საუკუნეა რაც აღარაფრის მეშინია, ადამიანი აღარაფერს მერჩის, რადგან კუნძი ვარ, მისთვის გამოუსადეგარი. ზოგჯერ თუ ჩამოჯდება და ჩამოისვენებს, მთელი ცოდვით მაწევს ზურგზე და ვცდილობ ბევრჯერ ნაცადი, ირონიული ღიმილი ავიცილო, როცა ცდილობს ჩემი ასაკი გამოითვალოს, ან რა აზრი აქვს, ხვალ ისევ მოვა და დანის წვერით ისევ დამიწყებს სიცოცხლის ხაზების ჩიჩქვნას. ამ დროს მიწას მყარად ვებღაუჭები და ადგილიდან არ ვიძვრი, რომ შემეძლოს წავიდოდი და ჩემ ნაწილებს შევაგროვებდი და ერთ დღეს ისიც მოვიდოდა, ჩემ ნაკვალევში ისევ ამოიზრდებოდა ჩემი გენის. ასი წელიც კი არ შემისრულებია ისე გამოვესალმე სიცოცხლეს, მხოლოდ ერთი წრეღა მაკლდა. ახლა კი, ამდენივე წელია ველი ჩემ ნაკვალევში ამოზრდილ გენს. წელს სოკოები ამომეზარდა და საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემ გვარს გაგრძელება აღარ უწერია. საბოლოოდ დავკარგე იმედი ჩემი სხეულის პოვნის და ბედს დავმორჩილდი, დუმილი ვისწავლე და ხშირად ქარი რომ ამოვარდება ტოტების შრიალი ახალგაზრდობას მახსენებს, როგორ ვეჭიდებოდით ერთმანეთს მე და ჩემი მოხუცი. ახლა კი, ახლა არაფერი მაბადია, ვზივარ აქ და ვინმე თუ გამოივლის ჩემ ამბავს ვუყვები, მაგრამ მაინც, ყოველ წელიწადს ერთით ნაკლები ვართ და მეც ყოველ წელიწადს ახალ-ახალი სოკოები მეზრდება.
აკი გითხარი რაღაცით მაინც ვგავართ ერთმანეთს-თქო.
მე უარაფრო ვზივარ, ვებღაუჭები მიწას და ვცდილობ როგორმე დავივიწყო, რომ ადამიანი გქვია და ჩემი გვარის სისხლი გმართებს.
შენ კი, ადამიანი, შენც უარაფრო ზიხარ, ამ წერილს კითხულობ და ვიცი, ვერც კი წარმოგიდგენია, რომ ერთ დროს მეც შენნაირი ვიყავი. ახლა კი კუნძი ვარ, ისევ ფერდობზე ვცხოვრობ, სადაც ტყე აღარ არის.
ბექა ფოცხვერია - მეორე ადგილი
"წერილი ნაძვებს"
გამოვიხურე წლების უკან ბოლო კარები,
მახსოვს ქარები უკანასკნელ გირჩებს გაცლიდათ.
მოგაგონდებით ისეთივე მიუკარები,
როგორაც გული დაქვრივებულ დედაკაცისა,
რადგან წავედი ისე ჩუმად, უემოციოდ
წავედი, როგორც მომაკვდავის ბოლო იმედი.
რა იქნებოდა, რომ ჩემამდე გამოგაცილონ
ჩამოხვიდოდით, დასხდებოდით, გამიღიმებდით.
იქაურს, ჩვენსას ბავშვობისას იტყოდით რამეს,
თქვენს ძირებთან, რომ „ნაზაფხულარ“ სუფრას გავშლიდით.
ვიმალებოდით თქვენს ტოტებში, როგორაც მთვარე
აიტუზება ღრუბლის უკან მორცხვი ბავშვივით.
ნაახალწლევზე გაუძელით, ნუ გეწყინებათ
(ლამაზ სიკვდილზე ოცნებობენ მხოლოდ მოხუცნი)
ზოგჯერ სიცოცხლეც სიკვდილივით მოგვეწყინება
და მერე ბოლო ამოსუნთქვას აღარ მოვუცდით.
წავედი, შევცდი რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები.
გულზე ნაღველი ნაყოფივით ნელა მწიფდება.
არა! ერთ დღესაც უსათუოდ დაგიბრუნდებით,
როცა მზეს ყველა სხივის ბოლო გაუწითლდება.
უბრალოდ დამხვდით, გაუძელით ქარიან სეზონს,
ვიცი დედ_მამა, როგორც შვილებს ისე გივლიან.
მგზავრებს სხვას ვერა, შესთავაზებთ დაჩრდილულ ეზოს
ჩვენი სახლის წინ თოხებით, რომ ჩამოივლიან.
შემოხგედავენ, გაიმართეთ, ცამდე მიწიდან
მე თქვენს ადგილას უსათუოდ გავიღიმებდი,
რომ მახსენდება, გოგოსავით თმებს, რომ გიწნიდათ
ქარი და ისევ შემრჩენია ბოლო იმედი.
რომ მე ოდესღაც დავბრუნდები
მე დავბრუნდები.
დემეტრე ქარდავა - მესამე ადგილი
ნაჯახის აღსარება
ბინდი ახლოვდებოდა. მდინარე მისისიპის ზედაპირი დუნედ ირწეოდა და გადაწვერილი მზის მოწითალო-ოქროსფერ შუქზე თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა. მსუბუქი სიო შავი ნაძვების წყლისკენ დახრილ ტოტებს არხევდა.
უეცრად მოლივლივე წყალზე ვეიმუტის ფიჭვის ხმელი მორებისგან შეკრული ტივი გამოჩნდა.
ტივის კიდესთან ასე ცამეტი-თოთხმეტი წლის ყმაწვილი მოკალათებულიყო, რომელსაც თეთრი პერანგი ემოსა და შარვალს მხოლოდ ერთი აჭიმი უმაგრებდა, თავზე ფართოფარფლიანი ჩალის ქუდი ეხურა ნამგალა მთვარის მოყვანილობის ნარღვევით, პირში კი ხელნაკეთი ჩიბუხის მოკლე მუნდშტუკი გაერჭო და ჰაერში ამერიკული თამბაქოს რგოლებს უშვებდა. ანაზდად მან ტივის კიდეს მიწებებული სველი ფურცელი შენიშნა, გადაიხარა, ფრთხილად მოაცილა მორის ზედაპირს და გაშალა. ეს ლექსი იყო, სახელწოდებით “სიმღერა ბრტელპირა ნაჯახზე”:
“აჰა, იარაღი, მოპირული, ხდილი, დამაშვრალი!
დედამიწის წიაღიდან ამოწვდილი ზუჩი!
ხის სხეული და ლითონის ძვალი!
ერთადერთი კიდური, ერთადერთი ტუჩი!
ალის სიმხურვალეში გამოსხმული ფოთოლი რუხი!
ნათესი წვრილი თესლიდან აღმონაცენი ტარი!
მწვანე მოლზე დაბჯენილი იარაღი ჯმუხი,
რათა დაღლილმა ჩამოაყრდნო მხარი.
მძლავრი ხატები, და მათი ატრიბუტები - მამაკაცთა ვაჭრობა, უამრავი ბგერა;
გრძელ, დახვეწილ მატარებელს აგებს, გაისმის მუსიკის ძგერა;
ორღანისტის თითები დიდებული ორღანის კლავიშებზე აცალკავებს ჰანგებს...”
ლექსი მეტად გრძელი იყო - თორმეტი სტროფი და ორას ორმოცდათოთხმეტი პწკარი. ამიტომაც ბიჭმა მზერა პირდაპირ უკანასკნელ სტროფზე გადაიტანა:
“მთავარი ხატები აღიმართება!
დემოკრატიის ხატები, სრულად - საუკუნეთა მონაგარი;
ხატები, მუდამ რომ ბადებენ სხვა ხატებს;
ხალხსავსე, სიცოცხლით მჩქეფარ ქალაქებს;
დაიბადება მთელი პლანეტის უამრავი შემხიზვნელი და მეგობარი,
ისინი დედამიწას ჩაეკვრებიან, და მთელი დედამიწა მათ ჩაეკვრება.”
ფურცლის ზედა კიდეზე ეწერა ამ დიდებული ლექსის ავტორის სახელი - “უოლტ უიტმენი”, ხოლო ქვედაზე - “CHANTS DEMOCRATIC.1860”. ბიჭმა ფურცელი დასრისა და მი-სისიპის მდორე დინებაში გადააგდო.
“-ნეტავ რაში სჭირდებოდა მის უოტსონს ჩემთვის კითხვის სწავლება, - გაიფიქრა მან, - ეჰ, ტომ, ნეტავი ახლა გვერდით მყავდე და ერთად მივიწევდეთ აიტასკას ტბისკენ – იქ, საიდანაც მისისიპი იწყება... შენ ხომ ყოველთვის დინების საწინააღმდე-გოდ გიყვარდა ცურვა...”
უეცრად ყმაწვილმა პირიდან მუნდშტუკი გამოიღო და სმენა გაიმახვილა. ტყეში ტოტების ლაწა-ლუწი მოისმა. მალე ხეთა ზროებს შორის თეთრკუდა ირმის გრაციოზული ფიგურა გამოჩნდა. ბიჭმა თოფს ხელი დასტაცა, სასწრაფოდ დატენა ლულიდან, ცხოველი მიზანში ამოიღო და ესროლა. რქადატოტვილი ირემი მოწყვეტით დაეცა მიწაზე.
ბიჭმა თოფი ძირს დადო და ნიჩაბს მოუსვა, თუმცა ნაპირთან მისულმა ტივი თოკით კუნძს მიაბა თუ არა, მიხვდა, რომ ცხოველს, ძალიანაც რომ ცდილიყო, ტივზე ვერ გადაათრევდა. სასწრაფოდ ნაჯახს დაავლო ხელი, და ის-ის იყო ფეხის მოკვეთას აპირებდა, რომ ისლიანში რაღაც დიდი გაფაჩუნდა.
“- მელა?.. მგელი?.. წითური ფოცხვერი?.. – გაუელვა მას თავში და ნაჯახის ტარს ხელები მოუჭირა, - ალბათ სისხლის სუნმა მოიზიდა რომელიმე მტაცებელი... ახია ჩემზე, თოფი რად დავტოვე ტივზე!..”
ფაჩუნი გაძლიერდა და ბალახებს სორის მოკლე, მწითური ბეწვით შემოსილმა ელ-ასტიურმა სხეულმა გაიელვა.
“- მდინარის წავი!.. - გულზე მოეშვა ბიჭს და ნაჯახი ძირს დაუშვა, - ალბათ ორა-გულის დასაჭერად თუ ყვინთავს წყალში...”
მაგრამ იმავ წამს ისლიდან უცნაური მხეცუნა გამოვარდა, მარდად დააცხრა ბიჭს და ტარი დაღრჭენილ კბილებში მოიქცია. გამოჰგლიჯა, ყბები საშინელი სისწრაფით აამუშავა და ტარი ქათმის ძვალივით დაფქვა. უცნაური არსება იყო – გრძელი, მწითური ძაღლი, რომელსაც დრუნჩი ნაჯახის პირის მოყვანილობისა ჰქონდა.
- გუტენ აბენდ! მე ნაჯახდრუნჩა ძაღლი ვარ და შენ ვინ ხარ? - წარმოთქვა არსებამ მკვეთრად გამოხატული გერმანული აქცენტით.
- მე ჰეკლბერი ფინი ვარ სანქტ-პეტერბურგიდან...
- ოდესღაც მეც ადამიანი ვიყავი, ფრენსის ბაუმჰაუერი მერქვა... - მიუგო ნაჯახდრუნჩამ, - მეც სანკტ-პეტერბურგიდან ვარ, მაგრამ არა პინელასის საგრაფოდან - რუს-ლანდიდან. ბაბუაჩემი ჰანს ფონ ბაუმჰაუერი, რომელიც შვიდწლიან ომში პრუსიის მეფე ფრიდრიხის ერთგული ქვეშევრდომი იყო, 1765 წელს, კაიზერინ კატარინა მეორის კეთილი ნებით, რუსლანდის სამხრეთის აუთვისებელ მიწებზე დასახლდა - გერმანელ ახალმოშენეებს კაიზერინასგან ებოძათ თვალუწვდენელი სამოსახლო სივრცე, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, თვითგანკარგვა, ხარკის, გადასახადებისა და ყოველგვარი მორჩილებისგან განთავისუფლება... და უპროცენტო სესხი მეურნეობის გასაძღოლად დაფარვის ოცდაათწლიანი ვადით. ბაბუაჩემმა თავისი მუშკეტი ლულა-ზე წამოსაცმელი ბაგინეტით ლურსმანზე ჩამოკიდა, ჰუსარის მუნდირი გაიძრო და ხელში რუსული ნაჯახი მოიმარჯვა. მოგვიანებით მამაჩემი მიამბობდა, რომ ნაჯახი არის გერმანელის ნამდვილი იარაღი – ჩვენი გვარი ბაუმჰაუერიც “ტყისმჭრელს” ნიშნავს, და ზოგი იმასაც მეუბნებოდა შენი სახელი “ფრენსისიც” ნაჯახს ნიშნავსო, რადგანაც ჩვენი წინაპარი ფრანკები საშინელი სასროლი ნაჯახით უპობდნენ თავს ჯერ რომაელებს, ხოლო შემდეგ სარკინოზებს პუატიესთან, და ამ ნაჯახს “ფრანცი-სკას” უწოდებდნენ... მამაჩემი ძილის წინ ყველაზე ხშირად სუასონის თასის ლეგენდას მიყვებოდა, როცა მეროვინგმა მეფე ჰლოდვიგმა თავის ურჩ მეომარს სეკირათი გაუპო თავი, რადგან ამ უკანასკნელმა მისთვის საეკლესიო თასის დათმობა არ მოისურვა... რასაკვირველია, ჩვენ ნაჯახით მხოლოდ ხეებს ვჭრიდით, და ადამიანზე არც ერთხელ არ აღგვიმართავს ხელი, მაგრამ რუსლანდში ამგვარი რამ არაერთხელ მო-მხდარა – როდესაც დიდძალი ფული დავაგროვეთ და ჩვენი ოჯახი სანკტ-პეტერბურგში დამკვიდრდა, ჩვენამდე ცნობამ მოაღწია, რომ ერთმა გაღატაკებულმა სტუდენტმა როდიონ რომანოვიჩ რასკოლნიკოვმა ერთ მევახშე დედაბერს ნაჯახით გაუჩეხა თავი... მაშინ მე შენხელა ყმაწვილი ვიყავი, და მამა ცდილობდა ადგილო-ბრივი პროტესტანტული ეკლესიის პასტორად აღვეზარდე, მთელი დღე მარტინ ლუთერის ბიბლიიდან მაზუთხვინებდა ციტატებს: “თუ დიდხანს გექნება შემორტყმული ალყა ქალაქისათვის მის დასამარცხებლად და ასაღებად, ნუ გაანადგურებ მის ხეებს, ცულს ნუ აღმართავ მათზე, რადგან თუკი ჭამ მათ ნაყოფს, არც უნდა მოჭრა. რად-გან მინდორში მდგარი ხე კაცი ხომ არ არის, რომ გაგეცალოს და ციხე-სიმაგრეში შეაფაროს თავი?”... – ეს რაც “მეორე რჯულიდან” გამახსენდა. თუმცა ჩემგან პროტესტანტი ღვთისმსახური ვერ დადგა. როცა ყველა ახლობელი გარდამეცვალა და თითქმის უფულოდ დავრჩი, რედაქციებში მოვუხშირე სიარულს, რათა გერმანულ-იდან რუსულად მეთარგმნა, მაგრამ ჩემი ცოდნით არავინ არ მიმიღო... მერე შევიტყვე, რომ ყირიმის ახლოს მცხოვრები გერმანელები ჩრდილოეთ ამერიკის ახალ ქვეყანაში ჩადიოდნენ, რომელიც გასულ საუკუნეში გამოეყო დიდ ბრიტანეთს და ახლა სულ უფრო იზრდებოდა... მაშინ მივხვდი, რომ ჩემი მხსნელი ისევ ის ძველი ნაჯახი იყო, და არა ლუთერის ბიბლია, ხოლო მე ჰოლცფალერი ვიყავი და არა ღვთისმსახური. ხელი დავავლე ჩემს ძველ მეგობარს, და მეც დანარჩენ გერმანელებთან ერთად თბო-მავლით შეერთებული შტატებისკენ გავეშურე... აქ ჩამოსულმა გადავწყვიტე რუსლან-დმენონიტებივით მინესოტის შტატში დავმკვიდრებუ-ლიყავი – რაღაც იდეებით შთა-გონებული მივადგებოდი ხოლმე ხეებს და ვჭრიდი და ვჭრიდი, და მეგონა კაცობრიობისათვის სიკეთე მომქონდა. ერთხელ ნაძვნარში ძალი-ან ღრმად შესულმა განმარტოებული ტიპი დავინახე, რომლის წინ ოჯიბვეს ტომის მოხუცი შამანი იჯდა და თავის კოიოტს ეალერსებოდა. “-ბებერო ინდიელო, - დამტვრეული ინგლისურით ვუთხარი მე, - ეს მიწა ჩვენია, თეთრების! აქ მე ქოხის გაშენებას ვაპირებ და შენი ტიპი დაშალე”, თან ცალი ხელით დამბაჩის ტარი გამოვაჩინე. “-მე შეიძლება წავიდე, - მშვიდად მომიგო შამანმა დამტვრეულივე ინგლისურით, - მაგრამ ბუნებას ნუ დევნი, განა არ გესმის როგორ ტირიან ხეები, როცა შენი ნაჯახის პირს ახებ? განა არ იცი, რომ ყოველ ხეში სული ბინადრობს?” “-ბებერო ინდიელო! – გავაწყვეტინე მოთმი-ნებადაკარგულმა, - ეგ ზღაპრები შენი ტომის ბავშვებს მოუყევი, ახლა კი...” დამბაჩის ამოღება დავაპირე, მაგრამ უცებ გაავებული კოიოტი ხელში მეცა და კბილები ჩამარჭო, მე გამწარებით შევყვირე და ნაჯახი პირდაპირ თავში ვთხლიშე. კოიოტმა დაიწკავწკავა და ძირს უსულოდ დაეცა. მაშინ გავეშებული შამანი ფეხზე წამოხტა, ხელი ჩემკენ გამოიშვირა და დაიყვირა: “-წყეულიმც იყავ, მკრთალსახიანო! შენ უდანაშაულო ცოცხალი არსება მოკალი! ამიერიდან შენ თვითონ მოგიწევს ძაღლად ყოფნა, და ხეების მოჭრის მაგივრად ნაჯახების ტარებს დაუწყებ ჭამას!” ამ სიტყვებით იგი მუხლებზე დაეცა, ხელები მაღლა აღაპყრო და ოჯიბვეს ენაზე დაიწყო რაღაცის ლუღლუღი... მე მამაჩემი ყოვე-ლთვის მიამბობდა ლეგენდებს ბერსერკერებსა და ვერვოლფებზე, მაგრამ, როგორც ჭკუადამჯდარ კაცს, მაქციების არსებობის არასდროს მჯეროდა. გამეცინა და ის იყო დავაპირე შამანისთვის ტყვია დამეხალა, ვიგრძენი, როგორ შემოვიდა ჩემში რაღაც უცხო სხეული, იარაღი ხელიდან გამივარდა, ტანისამოსი შემოვიფხრიწე და ოთხ ფეხზე დავიწყე სირბილი და ვიგრძენი ბეწვით როგორ შევიმოსე, მაშინ კი ჩამესმა ყურში სიტყვები ბიბლიიდან: “მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი გაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.” მას შემდეგ, დავეხეტები მინესოტას ტყეებში, თუ სადმე ნაჯახი მოვიხელთე, ტარს ვაჭამ, რადგანაც ხის ტარის დანახვა უფრო ვნებს ხეებს, ვიდრე ბასრი ლითონის პირის შეხება... ჰეკლბერი ფინ, დინების საწინააღმდეგოდ მცურავო ფრონტირსმენო, მიიღე ჩემი აღსარება, რომელსაც მეტი ვეღარავინ მოისმენს – ნაჯახის აღსარება! მე თვითონ ვიყავი ნაჯახი სხვა ადამიანების ხელში! “ურო ხარ ჩემთვის – საბრძოლო იარაღი და შენით ვფანტავ ხალხებს, შენით ვანადგურებ სამეფოებს” – მე ვიყავი ჯალათი, რომელიც ადამიანად ყოფნის დროს სხვის ბრძანებებს აღასრულებდა და თავის თავს არწმუნებდა, რომ საკუთარი ნებით მოქმედებდა! მშვიდობით, ჰეკლბერი ფინ, და ეს ირემი აქ დატოვე – დაე საკუთარ მიწაზე ეღირსოს სამუდამო განსასვენებელი. მე ეს პატივი აღარასოდეს მერგება წილად!
ბოლო სიტყვებზე ნაჯახდრუნჩა კვლავაც ისლის სიმწვანეში გაუჩინარდა.
ღამე ჩამოწვა. მინესოტას ტყის თავზე ცა მოციაგე ვარსკვლავებით დაიწინწკლა. მისისიპის ფრონტირსმენმა ტივი მდინარეში შეაცურა, ნიჩაბი მოუსვა და აიტასკას ტბისკენ აიღო გეზი.
პირველი ადგილი - მარიამ ათაბაგი
"აქ იყო მდინარე"
ღამემ - შავმა სამურაიმ იშიშვლა ჰორიზონტი - ბასრი კატანა. ჰარაკირით განგმირული სხეულიდან მკრთალი სინათლე გადმოიღვარა.
***
ადგილს, საიდანაც ისინი მოვიდნენ, ჩრდილების მხარეს უწობდნენ ძველები. ჩვენ მხოლოდ მდინარე გვყოფდა და სანამ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, შეუმჩნევლად ვიპარებოდით გაღმა ნაპირზე. მთელი დღე დავეხეტებოდით ხალხმრავალ ქუჩებში, ღია ფანჯრებისკენ ვაპარებდით მზერას, რამდენჯერმა მათ ნაშიერებსაც ვეთამაშეთ. ძველებმა რომ გაგვიგეს, განრისხდნენ. ძველებიდან ყველაზე ძველმა, წინა მარცხენა თათთან რომ ზეცის ნიშანი ჰქონდა, პირველად მაშინ გამისწორა თვალი და მითხრა, რომ ჩრდილების მხარეში ჩვენ ნადირებს გვეძახდნენ, სინამდვილეში კი თავად ნადირობდნენ ჩვენზე. მე მაინც ვიპარებოდი ხოლმე გაღმა ნაპირზე. ადამიანები საოცრად ლამაზები იყვნენ. განსაკუთრებით ქალები. ტირილითაც კი ისე ტიროდნენ, გეგონება თვალებში ამოზრდილ ველურ ყვავილებს რწყავდნენ. თვოთონ რომ გადმოლახეს პირველად მდინარე, ტყის სულს მადლობა შევწირე. წარმოვიდგინე, როგორ დავაშრობდით ჩვენ შორის ერთადერთ საზღვარს - მდინარეს და ერთად ვიცხოვრებდით. ძველებიდან ყველაზე ძველმა, წინა მარცხენა თათზე რომ ზეცის ნიშანი ჰქონდა, ერთხელ თქვა, რომ ჩვენი ცხოვრება მშვენიერია თავისი წარმავლობით. ეს ის ღამე იყო, როდესაც შეიტყვეს, რომ ჩვენ მდინარის გაღმა ვმოგზაურობდით და ბევრი ისაუბრეს. უძველესმა ისიც თქვა, რომ დღე და ღამე, როგორც დაბადება და გარდაცვალება, არასოდეს ებრძვიან ერთმანეთს, ერთი მეორეს ყოველთვის უთმობს გზას და საჭირო დროს ერთი მეორისთვის თავსაც კი გასწირავს. იმ ღამით, როდესაც მათ გადმოლახეს პირველად მდინარე, პირველად ვიხილე ნადირი. ნადირს ძველებიდან ყველაზე ძველის (წინა მარცხენა თათთან რომ ზეცის ნიშანი ჰქონდა) გამოფატრული სხეულის სუნი ასდიოდა, მიმოლეწილი ტოტებივით ულამაზო იყო და მზერა ისეთი ცარიელი ჰქონდა, თითქოს არასოდეს მოერწყას მის თვალებში ამოზრდილი ველური ყვავილები. გამთენიისას, სანამ სხვები ჭრილობებს ილოკავდნენ მდინარის ნაპირას გავედი. არაფერი შეცვლილიყო. გაღმა ნაპირზე მათი ნაშიერები დახრილიყვნენ და ჭურჭელს ავსებდნენ წყლით. დღეს უკვე მე ვიწოდები ძველებიდან ყველაზე ძველად. პატარები ხშირად დამყავს ხოლმე სხვადასხვა ადგილას და ჩვენს მხარეს ვაცნობ. დღეს ჩემი საყვარელი ადგილი ვაჩვენე და მოვუყევი, რომ იქ, არც ისე შორს, ალბათ დღესაც ცხოვრობს საოცარი ერი ველური ყვავილებით თვალებში, რომლებსაც ზოგი რწყავს და ახარებს, ზოგი კიდევ გვალვით აჭკნობს. შემდეგ თათი (რომელზეც კონდახით დანატოვარ ჭრილობას ზეცის ნიშნად თვლიან) დავადე ქვის ლოდებს, მთელს სიგრძეზე რომ გაჭიმულიყვნენ ჩვენი ბებერი მუხის სიმაღლეზე:
- "აქ კი მდინარე იყო."
***
დღემ - თეთრმა სამურაიმ იშიშვლა ჰორიზონტი - ბასრი კატანა. ჰარაკირით განგმირული სხეულიდან შედედებული წყვდიადი გადმოიღვარა.
მეორე ადგილი - გიგლა ფუტკარაძე
"წერილი ბოთლში"
სანამ მზე გაიზმორებოდა და ნამძინარევ თვალებს დილის ცვარით მოიბანდა უკვე ფეხზე ვიდექი... მინდოდა ფეხშიშველს მერბინა ეზოში, მაგრამ ამჯერადაც დედაჩემი გამიჯავრდა გაცივდებიო და სახლში შემიყვანა. ახლადგაღვიძებულ ღუმელთან წამოვწექი. მას ჯერაც არ შესწევდა ყბედობის ძალა. ფანჯრიდან თეთრ ცხენზე ამხედრებული ,,მინი“მზე შემოვარდა და პირდაპირ ჩემს მუცელზე ჩამოქვეითდა. ხის კედლებმა ,,მინი“მზეს ჯერ სინათლის, მერე კი სითბოს პარვა დაუწყეს. მანამ ვიწექი და ვუყურებდი როგორ გარბოდნენ ჩრდილები, სანამ მზემ თვალებში არ ჩამხედა. ახლადმოსული რძალივით თვალი ავარიდე და გარეთ გავედი. მოწმენდილ ცაზე ორიოდე კაფანდარა ღრუბელი მიიზლაზნებოდა, ისიც იმის მანიშნებლად გამომძვრალიყვნენ ბუნაგებიდან, რომ მათი არსებობა არ დაგვვიწყებოდა.
მამაჩემი გაბრაზებული ამოვიდა სარდაფიდან ეჩოთი და ლურსმნებით ხელში. ინსტიქტურად ღობეს შევხედე. რამდენიმე ყავარი მომძვრალიყო, ერთიც წელმოღრეცილი ეპოტინებოდა ხავსს, რომელიც მალევე გაწყდა და ეზოს შიგნით გადმოცვივდა.
-რამდენჯერნა ვუთხრა... თუ დალევა არ შიგიძლია ნუ სვამ ამ ოხერ მაღაზიის სპირტ!..
ყავრები ავიღე და სარდაფში ჩავედი. მოგრძო რომელიც იყო გვერდით მივაყუდე და მამაჩემმა ეჩო ჩამოიტანა თუ არა ხანჯალი გამოვთალე. მთლად გორდა არ გამოვიდა, მაგრამ ყანაში ამოპარულ ჩემი სიმაღლის სარეველებს სულ ,,დურ რაზ“, „დურ რაზ“ ვაძახნინე. ყანა სახლის უკან გვაქვს, ნახევარი ვაკეა, ნახევარი დამრეცი. შუაში და ყანის ბოლოში კი პატარა-პატარა ბაღნარებია. ვაშლი ჩიტისკვერცხისოდენა გახდება თუ არა დავძვრები ხიდან ხეზე და ბოლო, გადამწიფებული ნაყოფის ჩამოვარდნამდე არ ჩამოვდივარ. განსაკუთრებით კენწეროში მიყვარს აძვრომა, რადგან რაც უფრო მაღლაა ვაშლი და ძნელადმისაწვდომი უფრო მეგემრიელება. ზაქარია მხარგრძელივით (კინაღამ ქუცნაშვილი დავწერე) ხმალშემართული ჩავედი ზედა ბაღში, როცა ბაბუაჩემმა ქვედა ბაღიდან დამიძახა ჩამოდიო. ისე ჩავედი მიწაზე ფეხი არ დამიდგამს და ბაბუს ჩამოვეკიდე კისერზე. მანაც გაშლილი ხელები შემომხვია და ჩამიხუტა მის უზარმაზარ, გემრიელ გულში. აღარ მიშვებდა. ვინმეს რომ დავენახეთ იფიქრებდა ომში უშვებენ ცერისტოლა ბავშვსო. ვინ იცის, იქნებ მართლა ომში მიშვებდნენ.
დიდი ხნის დუმილის შემდეგ ბაბუაჩემმა გამიღიმა.
-გამძიმებულხარ მამაძაღლო.
ღიმილი ვუპასუხე...
-გეირბინე ბაბუ ავაზანზე ცელოფანი დამჩა და წამეიღე.
არც ჩამიხედია შიგნით რა იყო ისე გადავიკიდე მხარზე და ბაბუს გამოვები კუდში.
მდინარის პირას გავედით და წაქცეული კაკლის ხეზე ჩამოვჯექით. სიჩუმემ მდინარეც კი შეანელა, აღარც მისი ბოხი ხმა მიხშობდა ყურებს. ბაბუაჩემმა მუხლებს სახურავი გაუკეთა და ზედ დაეყრდნო ნიკაპით.
-ბაბუ!.. ხვალ ცოცხალი ვიქნები თუ არა არვინ არ იცის ბაბუ...
ხმაშიც ჭაღარა შეეპარა. პარკი გამომართვა და ბოთლი ამოიღო.
-მე ბაბუ რთული ცხოვრება შემხდა... მამაჩემი 37 წლის იყო რომ გამოაკლდა ოჯახს და მთელი ოჯახი მარტოს შემწვა... არვინ არ იყო ცოდვის შემზიარე... დიდი ცოდვა მაწევს ბაბუ, დიდი. ბუნებას ვინცხაი მიადგება ის ვერ გეიხარებს ბაბუ... რა მექნა, ძველი სახლი თავზე გვენგრეოდა, იმ დროს ფული ძალიან ძნელად იშოვებოდა, აგური ვერ ვიყიდე. რა მექნა შევედი ტყეში, ნეტაი მაშინ გამხეთქოდა ეს წყეული მიწა, შენ აგაცილებდი ცოდვებ, ჩემ ცოდვას შენ მოგკითხავენ ბაბუ. მე იმის მეშინია ჩემი კუზი შენ არ ეგეკიდოს ტვირთად. მაპატიე ბაბუ... მაპატიე...
ყელში გაჩრილი ცრემლები ვეღარ შევიკავე და სლუკუნით ჩავეხუტე აცრემლებულ ბაბუას.
-არა ბაბუ, შენ არ გაქვს ცოდვები, ცოდვები იმას აქვს ვინც მკვლელია, ყაჩაღია. შენ ჩემი ბაბუა ხარ და არ გაქვს ცოდვები, არა. ან ეს ხეხილი ვინ გააშენა? განა შენ არ გააშენე? განა შენ არ უსხი წყალი რომ გაზრდილიყო და მოესხა ნაყოფი? შენ არ დარგე აკაციები ნასახლევზე, ჩვენი ჭალის ქენერებში?
-კაცმა ბაბუ ვალი კი არნა მეიხადოს...ვალი ვალია, ეს ბუნებაა... ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერადაა და მე დავარღვიე, მე გავწყვიტე ჯაჭვი. იმას ვჩივი შენ არ მოგივიდეს რამე ცუდი. რაც შენი უფროსი ძმა აკვანიდან წაიყვანა ღმერთმა მის მერე აღარ მძინავს ბაბუ. შენ მე მგავხარ და მეშინია ბუნებამ პასუხი არ მოგთხოვოს ჩემი გულისთვინ. რაც ძმა მოგიკვდა მის მერე ყოველ წელწადს აქ გამოვდივარ, გამომაქვს ბოთლი და ყველა ხის თესლი, რაც აქ იზდება. ჩავყრი ბოთლში, თავს დავახურავ და ვატან ღელეს. ღელე წეიღებს. ღმერთი ჰაცხა ინებებს იქ გახეთქავს ბოთლს და ღელიპირში მოაპნევს თესლს.
გაოცებული ვუყურებდი თუ როგორ ეფერებოდა და სათითაოდ ყრიდა ჯერ ნაძვის გირჩის ნაწილებს, მერე ნეკერჩხლის წიწიბოს, წაბლს, თხილს... ბევრი ვერ გავარჩიე რომელი ხის შთამომავალი იყო. დაკოჟრილი ხელები ?