მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო პროგრამა შემუშავდება

რა ხავეზებთანაა დაკავშირებული მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა და რამ განაპირობა სპეციალური სახელმწიფო პროგრამის მომზადების აუცილებლობა, რომელიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის ნაწილი გახდა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების იმპლემენტაციის საგზაო რუკით განისაზღვრა – ამის შესახებ დღეს, 28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო პროგრამის მომზადების მიზნით, სამინისტროსა და სატყეო სააგენტოს პატრონაჟით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სახელმწიფო, სამოქალაქო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები შევიდნენ. მათთან ერთად მომზადდებული კომპლექსური სამოქმედო გეგმა განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობას მომავალი წლისთვის გადაეცემა. დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ ორ დოკუმენტს, რომელთაგანაც პირველი ამ კუთხით დღემდე განხორციელებული კვლევების ერთიან ანალიზს მოიცავს. აღნიშნულის საფუძველზე მომზადდა "მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის საკვანძო ასპექტები“, რომელიც შეშის მოხმარება-მიწოდების არსებული პრაქტიკის ძირითად ხარვეზებს აერთიანებს. აღნიშნული პუნქტები შეთანხმებულია როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, ასევე ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან. სპეციალისტების განცხადებით, სატყეო პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურების მიერ წლების განმავლობაში არსებული მწვავე პრობლემების გრძელ სიაზე შეთანხმება უკვე ამ სფეროში დაგეგმილი ცვლილებებზე აღებული პასუხისმგებლობის დეკლარირებაა, რაც შეიძლება „საეტაპო მოვლენად“ მივიჩნიოთ სატყეო დარგის მართვაში. სამუშაო ჯგუფი, რომელშიც რამდენიმე სამინისტრო და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია ჩართული, წინასწარ შეთანხმდება შეშის მოხმარებისა და საშეშე ხეტყის პოტენციალის შეფასების მეთოდოლოგიაზე და ჩართული იქნება მისი განხორციელების ყველა ეტაპზე. პროგრამის სამუშაო ვერსია, რომელმაც ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით, მოსახლეობის სათბობი რესურსით სრული დაკმაყოფილება უნდა უზრუნველყოს, გაზაფხულისთვის მომზადდება და ფართო საზოგადოებას წარედგინება. მოსახლეობის შეშით უზრუნველყობის პროგრამის შემუშავების ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, „ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისათვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის (ENPI East FLEG II)“ ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მხარდაჭერით. ინიციატივა ფინანსდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) მიერ“.