ჩხოროწყუს სოფელ მუხურის სკოლის ეკოკლუბის ვიზიტი კოლხეთის ეროვნულ პარკში

29 ივლისს ჩხოროწყუს მუნიციალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ეგრისის წევრები (მეგი ნაჭყებია, ლანა თოლორდავა, მარი ჭანტურია, ზაზა ჭანტურია, ერეკლე ძერია, ზვიად ცირდავა, ლუკა ცირდავა, ჯინა გახარია, მაია მებონია) ეწვივნენ კოლხეთის ეროვნულ პარკს. მდგრადი განვითარების მე-15 მიზნიდან გამომდინარე ეკოკლუბის წევრებს აინტერესებდათ ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების დათვალიერება და მიზან მე-4-ის შესაბამისად მეტი ცოდნის მიღება დაცული ტერიტორიის შესახებ.

კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში ბუნებრივი რესურსების მთავარმა სპეციალისტმა მანანა ჩიქოვანმა ბავშვებს გააცნო დაცული ტერიტორიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების ნიმუშები. გამართა ვიდეო-ჩვენება ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ ცხოველებზე, წყლის ბინადრებზე და გადამფრენი ფრინველების შესახებ.

ეკოკლუბელები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვის დამახასიათებელი მცენარეებით, კოლხეთისთვის უცხო სფაგნუმის ხავსებით, მრგვალფოთლა დროზერებით, წითელ ნუსხაში შეტანილი ხე-მცენარეებით და ენდემური სახეობის ცხოველებით.

ეკოკლუბის წევრებმა  „პალიასტომი-ფიჩორის“ მონაკვეთი გადაცურეს პანტონით ეროვნული პარკის წარმომადგენელთან ერთად.  გზადაგზა ეცნობოდნენ ბიომრავალფეროვნების სხვადასხვა სახეობებს, აგროვებდნენ ვიდეო და ფოტო მასალას. იქ გატარებული სამსაათიანი ტური ეკოკლუბელებისთვის საინტერესო და დაუვიწყარი გახლდათ.