თელავის N4 საჯარო სკოლის ეკო კლუბმა უმასპინძლა კამპანიის „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც შეხვდნენ მასწავლებლებს და მშობელთა საბჭოს წევრებს.
კამპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოში წყლის ობიექტზებზე არსებული საფრთხეებისა და კამპანიის მიზნების თაობაზე, აჩვენეს სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმი „სიკვდილის ზონები საქართველოში“.
დისკუსიისას გამოიკვეთა ქალაქ თელავისა და მიმდებარე სოფლებისთვის აქტუალური რამდენიმე მწვავე საკითხი და პრობლემა.
საუბრისას აღინიშნა, რომ რეგიონის მთავარი მდინარის - ალაზანის გარდა, მიმდებარე სოფლებში ბევრი მდინარეა, რომელთა ნაწილი გაზაფხულზე წყალდიდობით გამოირჩევა. არის რამდენიმე კუსტარული რეკრეაციული ზონა, სადაც ბანაობა საშიშია, მაგრამ საზოგადოება არ არის ინფორმირებული ამ საშიშროების შესახებ.
დასახელდა ყველაზე საშიში ადგილი მდინარე ალაზანზე - წითელკლდე, სადაც წლების განმავლობაში რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა. ამ ადგილის საშიშროებაზე ისაუბრეს როგორც ბავშვებმა, ისე მშობლებმაც და მასწავლებლებმაც. გამოითქვა მოსაზრება, რომ კამპანიის ფარგლებში, შემდგომი საინფორმაციო აქცია მოეწყოს წითელკლდესთან.
მნიშვნელოვანია, ქალაქ თელავში არსებობდეს რამდენიმე კეთილმოწყობული საცურაო აუზი და აბონემენტის ფასები ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის. ამ მხრივ, საჭიროა, განხორციელდეს ქალაქში არსებული ძველი აუზების რეაბილიტაცია. მაგალითად, თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს საცურაო აუზი, რომელიც ამჟამად ამორტიზებულია და ამ აუზით ვერც სტუდენტები და ვერც ქალაქის მაცხოვრებლები ვერ სარგებლობენ.
გამოითქვა იდეა, რომ ქალაქში არსებულ ერთ-ერთ საცურაო აუზთან მუნიციპალიტეტმა და სკოლებმა გააფორმოს უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, სკოლის მოსწავლეებს უფასოდ ან დაბალ ფასად ექნებათ შესაძლებლობა, იარონ საცურაო აუზზე და შეისწავლონ ცურვა.