1 მაისს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კრწანისის ტყეპარკის განვითარების პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა.
„ეს იქნება პროექტი, რომლითაც იამაყებს არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მომავალი თაობები. ჩვენ ვიწყებთ კრწანისის ტყეპარკის აღდგენას და მის განვითარებას“ – აღნიშნა პრემიერმა ტყეპარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.
CENN მადლობას უხდის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ბუნების დაცვის სააგენტოს კრწანისის ტყეპარკის აღდგენა–განვითარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისათვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებათშორისი დიალოგი 2017 წლიდან, „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის Austrian Development Agency ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თბილისის სკოლების წვლილი აღნიშნული თემის ადვოკატირებაში: ტყეპარკის შექმნის ინიციატივით, ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, თბილისის რამდენიმე სკოლა გაერთიანდა. მათთან ერთად მომზადდა პეტიცია manifest.ge-ზე ტყეპარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, რომელსაც ხელი 2,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.
კრწანისის ტყეპარკი/Krtsanisi Park