გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჭარბტენიანი ტერიტორიების დღე აღნიშნეს. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში სასკოლო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს
მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს თემაზე: „კლიმატის ცვლილება და ჭარბტენიანი ტერიტორიები”. მოსწავლეთა კონფერენციის პარტნიორია პროექტი ,,ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის", რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე პირველად 1997 წელს აღინიშნა და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები ყოველ წელს აღნიშნავენ.
მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. კონვენცია უზრუნველყოფს წყალჭარბი ტერიტორიების შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვას მთელს მსოფლიოში.