„არც თოფი წამოგვიღია, არც ტყვია-წამალი. ეს ყოველივე ფოტოაპარატმა შეცვალა და მაპატიონ მონადირეებმა, ფოტოაპარატმა არანაკლებ მასიამოვნა. ყოველი სურათი მართლაც ნანადირევია, შედეგია თავისებური ნადირობისა, გრძელი გზისა, კლდე-ღრეებში ხეტიალისა, დიდი შრომისა და განცდისა“.
ნიკო კეცხოველი
სკოლის მოსწავლეებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით!
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, აცხადებს სასკოლო კონკურსს „ფოტო სინთეზი“ ნიკო კეცხოველის სახელობის 2016 წლის პრემიის მოსაპოვებლად.
კონკურსის თემაა
„საქართველოს ფაუნა – ფოტოგრაფია vs ნადირობა“
საკონკურსო პერიოდი: 11.05.15 – 21.03.16
I ტური – სასკოლო ფოტოგამოფენა/სტენდი, გამარჯვებულების შერჩევა;
2016 წლის 1 იანვრამდე
II ტური – რეგიონული ფოტოგამოფენები, გამარჯვებული; ფოტოებისა და სტენდების გამოვლენა და დაჯილდოვება;
2016 წლის 1 მარტამდე
III ტური – ეროვნული ფოტოგამოფენა, I, II და III ხარისხის პრემიების გადაცემა.
21 მარტი, 2016 წელი
ფოტოკონკურსის მიზანი
კონკურსი მიმართულია ბრაკონიერობის წინააღმდეგ, რომელიც დიდი საფრთხეა როგორც ველური ბუნებისათვის, ასევე ქვეყნის განვითარებისა და მომავალი თაობების ჯანსაღი მსოფლმხედველობისათვის.
სიცოცხლე მრავალფეროვანი ცოცხალი ორგანიზმების თანაარსებობაზეა აგებული. ადამიანი ბუნებრივი ჯაჭვის მხოლოდ ერთ-ერთი რგოლია, რომელიც ცოცხალი სამყაროს სხვა წარმომადგენლების გარეშე, უბრალოდ, ვერ იარსებებს.
თემატიკა
საკონკურსო ფოტოზე აღბეჭდილი უნდა იყოს ფაუნის რომელიმე წარმომადგენელი, მასთან დაკავშირებული ცალკეული დეტალი/ასპექტი, ან მოიცავდეს ნებისმიერი სახის ინფორმაციას ფაუნასთან მიმართებაში. ფოტოებმა უნდა წარმოაჩინოს პოზიტიური ფაქტები და მოახდინოს მათი პოპულარიზაცია, ან გაზარდოს ინფორმირებულობა ნეგატიური ფაქტების შესახებ და გამოიწვიოს პროტესტი.
საქართველოს ფაუნა
საქართველო, ბიოლოგიური თვალსაზრისით, დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონში მდებარეობს. კავკასია ერთ-ერთია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ განსაზღვრული მსოფლიოს 35 „პრიორიტეტული ადგილიდან“ და შედის მსოფლიოს ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ 34 „ცხელ წერტილში“, რომელიც „საერთაშორისო კონსერვაციის“ მიერაა გამოყოფილი.
ჩვენთან ორჯერ უფრო მაღალია ფაუნის მრავალფეროვნება, ვიდრე ევროპისა და აზიის მიმდებარე რეგიონებში. საქართველოში მნიშვნელოვანი დასასვენებელი და გამოსაზამთრებელი ადგილებია მიგრირებადი სახეობებისათვის.
თქვენს ობიექტივში შეიძლება მოხვდეს
- მსხვილი ძუძუმწოვრების 30 სახეობა
- წვრილი ძუძუმწოვრების 79 სახეობა
- ფრინველების 300, ამფიბიების 12, ქვეწარმავლების 50 (მათ შორის, ხვლიკების 27) და უხერხემლოების (მწერები, კიბოსნაირები, ობობასნაირები და ა. შ.) უამრავი სახეობა.
ბევრი მათგანის ნახვა ველურ გარემოში გაუსვლელადაც შეიძლება, მაგრამ თუ მცირე ფოტოექსპედიციას დაგეგმავთ, შეიძლება მართლაც უიშვიათესი სახეობები დააფიქსიროთ და უნიკალური ფოტოების ავტორი გახდეთ.
საკონკუროდ ასევე მიიღება ფოტოები, რომელზეც შეიძლება არ ჩანდნენ ველური ბუნების წარმომადგენლები, მაგრამ აღბეჭდილი იყოს მათი ნაკვალევი, საბინადრო ადგილი, ბრაკონიერობის, ვაჭრობისა და ექსპუატაციის ამსახველი კადრები. ფოტოს შეიძლება ჰქონდეს როგორც ესთეტიკური, ასევე სამეცნიერო და მტკიცებულებითი ღირებულება.
მონაწილეობის წესები
- კონკურსში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდით ვებგვერდზე forestry.cenn.org
- ატვირთეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტო/ფოტოები აღნიშნულ ვებგვერდზე
- დარეგისტრირებულ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ 3 საკონკურსო ფოტოს ატვირთვა
- ფოტოების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 იანვარი
- ფოტო ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საკონკურსო თემატიკას და იყოს საავტორო
- ფოტოს გადაღების პროცესი არ უნდა უკავშირდებოდეს გარემოს ხელყოფას
- საკონკურსო ფოტო არ უნდა იყოს დამუშავებული კომპიუტერული პროგრამების საშუალებით და არ უნდა ჰქონდეს დასმული ავტოგრაფი
- საკონკურსო ფოტოს მინიმალური ტექნიკური პარამეტრები: 5 მეგაპიქსელი; 2592x1944.
სტენდების კონკურსის წესები
- საავტორო ფოტოკონკურსის გარდა, სკოლები ჩაერთვებიან სტენდების კონკურსში; ამისათვის: სასკოლო სტენდზე წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 10 ფოტო
- სტენდს გადაუღეთ ფოტო და გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართებზე: rezo.getiashvili@cenn.org; lado.basilidze@cenn.org
- გამოგზავნილ სტენდს დაურთეთ განმარტებები სტენდზე წარმოდგენილი ფოტოებისა და სტენდის მომზადების პროცესის შესახებ
- მიუთითეთ რეგიონი, სკოლა და ტელეფონის ნომერი.
კონკურსში გამარჯვებულების შერჩევა და დაჯილდოვება
- I ტურში გამოვლინდება 1 გამარჯვებული – სკოლის ადმინისტრაციის მიერ
- სასკოლო ტურში გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ ფოტოგამოფენებში, სადაც ჟიური გამოავლენს 3-3 გამარჯვებულს თითო რეგიონიდან. დამატებითი პრიზი გაიცემა კონკურსანტზე, რომელმაც CENN-ის სატყეო პორტალზე ყველაზე მეტი „მოწონება“ მიიღო.
- 33 გამარჯვებული /ქვეყნის მასშტაბით/ მონაწილეობას მიიღებს ეროვნულ ფოტოგამოფენაში, სადაც ჟიურის მიერ დასახელდება 3 გამარჯვებული და გადაეცემათ ნიკო კეცხოველის სახელობის I, II და III ხარისხის პრემიები. დამატებითი პრიზი გაიცემა კონკურსანტზე, რომელმაც CENN-ის სატყეო პორტალზე ყველაზე მეტი „მოწონება“ მიიღო. ეროვნულ დონეზე, გამარჯებულის შერჩევის მიზნით, „მოწონებების“ დათვლა დაიწყება ნულიდან
- საუკეთესო სტენდისათვის 3 საჯარო სკოლას გადაეცემა „მწვანე სკოლის“ დროშა და მონაწილეობას მიიღებს „საზაფხულო სკოლებში“
- კონკურსში მონაწილე სკოლებს გადაეცემა სატყეო საინფორმაციო ბროშურები და პლაკატები.