ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ასახელებს სატყეო ტერიტორიებს, რომლებიც დეგრადირებული არ არის.
გორის #1 საჯარო სკოლა ტყეების მდგომარეობის შეფასების მიზნით განხორციელებული სოციოლოგიური კვლევის საგულისხმო შედეგებს ავრცელებს.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული 785 რესპონდენტიდან ვერცერთი ვერ ასახელებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ტყის ისეთ უბნებს, რომლებიც დეგრადირებული არ არის. მათი ინფორმაციით, შედარებით გადარჩენილია ეკლესიებთან და სამლოცველოებთან არსებული ტყეები ლიახვის, ტანას და ათრევას ხეობების სოფლებში, სადაც მოსახლეობა ტყის ჭრას და სახლში წაღებას რელიგიური მოტივით ერიდება.
დანარჩენი ტყეების დეგრადაციის ხარისხი საგანგაშოა. კერძოდ:
ოლოზი-ათრევას ხეობის სოფლების მიმდინარე ტერიტორიებზე (გორიდან 18-22კმ.) პირველადი, ხნოვანი ტყეები შეცვლილია მეორადი, ახალგაზრდა ტყეებით. შეშის გამყიდველების ინფორმაციით, სწორედ ათრევას ხეობიდან მარაგდება ქალაქი გორი და გორის რაიონის სოფლები. ტყეები ინტენსიურად იჩეხება სოფელ ბნავისისა და ღვარების მიმდებარე ტერიტორიებზე.
სოფლების: დიდთავი, ბოშური, ბობნევი, წედისი, გარდატენი, მეჯვრისხევი, სკრა, სახორცე, ლული, ორმოცი, ლევიტანა – მიმდებარე ტყეები ადგილ–ადგილ პირწმინდადაა გაჩეხილი.
ბოშურის, ბობნევის და საერთოდ, ატენის ხეობის საავტომობილო გზას მიფარებულ ტყეებს დაკარგული აქვს რეკრეაციული და ესთეტიკური ღირებულება. ასევე დაზიანებულია სატყეო გზები. ზოგიერთ უბენებზე გზები უკვე დახრამულია ბობნევის და ბოშურის მიმდებარე ტერიტორია უკვე მიუვალი ხდება.
სატყეო გზები მძიმე მდგომარეობაშია მეჯვრისხევისა და სკრის მიმდებარე ტყეებშიც.
კვლევის ფარგლებში, ძირითადად გამოიკითხა ქალაქის მოსახლეობა, მათ შორის, 785 რესპონდენტი – სათბობი რესურსებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გუნდის წევრები შეხვდნენ ადგილობრივ მონადირეებს, შეშის გამყიდველებს, სკოლის მოსწავლეთა ოჯახებს, რომელთა ნათესავებიც რაიონის სოფლებში ცხოვრობენ.
კვლევა განხორციელდა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში, რომელსაც CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. კვლევაზე მუშაობდნენ მოსწავლეები გვანცა ლაფაჩი, ანა ცერაძე, ანა ლუკაშვილი, თამარ ნუკრაძე, მზია მეყანწიშვილი, ბექა აფციაური, ანა მარტიაშვილი, მურად ახალაძე და თორნიკე თაყაძე. ხელმძღვანელი – გორის N1 სჯარო სკოლის პედაგოგი მაია ქურდაძე.