მრავალი წელია, მუნიციპალური ნარჩენების მართვა საქართველოში პრობლემას წარმოადგენს როგორც ნარჩენებთან დაკავშირებული მომსახურების არასაკმარისი ხარისხისა და დაფარვის, ისე ზემოაღნიშნულის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თვალსაზრისით. ნაგავსაყრელზე არასაკმარისი წვის შედეგად წარმოქმნილი მეთანის გაზები იწვევს კლიმატის ცვლილება, მოსავლიანობის შემცირებას, ინფექციური დაავადების გავრცელებას და სხვა ბევრ საზიანო შედეგს.
ამ საკითხზე ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის N1 სკოლის ეკოკლუბის წევრები შეხვდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სანიტარული დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც ბავშვებს უამბო თუ როგორ ხდება რეგიონში ნარჩენების მართვა, რომელ ნაგავსაყრელს გამოიყენებენ, როგორ ხდება ნარჩენების შემცირება.
"დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა გაგვაცნო რეგულაციები ნარჩენების ბუნებაში უნებართოდ გადაყრის შესახებ. დასუფთავების სამსახურმა საჩუქრად გადმოგვცა ხელთათმანები და პარკები ნარჩენების შესაგროვებლად. სამომავლოდ ერთად დავგეგმეთ საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება, დაგვპირდა უფასო ტრანსპორტირებასა და სხვა დახმარებებს" - ამბობენ თხილნარელი ეკოკლუბელები.