22 ივლისს, ზუგდიდის მერიის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის, "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში (ფაზა 2) ‘’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული შეხვედრა "დისკუსიები მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესამუშავებლად’’ გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, ეროვნული სატყეო პოლიტიკის სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო დაწესებულებების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცნობილია, რომ სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, ასევე დონორთა კოორდინაციის უზრუნველყოფის და დარგობრივი საკითხების მოგვარების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ეროვნული სატყეო პროგრამის ( NFP) შემუშავების პროცესი.
საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის, მოსახლეობის მერქნულ რესურსზე და ზოგადად ტყეზე მჭიდრო დამოკიდებულებიდან გამომდინარე სატყეო პოლიტიკის სამსახურმა CENN -თან თანამშრომლობით, დაიწყო რეგიონებში არსებულ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობა“, რომლის მიზანსაც მიმდინარე პროცესებში რეგიონების უფრო აქტიური ჩართვა წარმოადგენს.
შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ პრეზენტაციები:
- ეროვნული სატყეო პროგრამა; მეცხრე სამუშაო ჯგუფის - ,,საქართველოს რეგიოებთან ურთიერთობა’’ მიზნები და ამოცანები
- შეშის დეფიციტი საქართველოში - შეშის ალტერნატივების ხარჯთსარგებლობის ანალიზი
- მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესახებ
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საგზაო რუკით, აიღო ვალდებულება საქართველოს მთავრობასთან ერთად შეიმუშავოს ენერგოდეფიციტის აღმოფხვრის მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმები, რაც მოსახლეობას გარანტირებულად უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის სათბობი რესურსებით, ტყეებს კი შეუქცევადი დეგრადაციისგან დაიცავს.
შეხვედრაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის და მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ტექნიკური რეგლამენტი’’ პროექტი.


