ქალაქ სამტრედიის N 11 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები ესტუმრნენ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს. ბავშვებს მასპინძლობა გაუწია სახლ-მუზეუმის თანამშრომელმა, ზინაიდა დარსაველიძემ. მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია: ”ნიკო ნიკოლაძე და ბუნება.” ისაუბრეს ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობაზე, მის როლზე დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში და ნიკოლაძის დასავლურ-ევროპულ ღირებულებებზე.
მეტყევის თანხლებით ბავშვებმა დაათვალიერეს ნიკო ნიკოლაძის ტყე-პარკი. მეტყევე ესაუბრა ნიკო ნიკოლაძის ღვაწლზე საქართველოში სატყეო მეურნეობის განვითარებაში. განუმარტა, რომ ის ადგილი სადაც დღეს სახლ-მუზეუმი და ტყე-პარკი მდებარეობს ტიალ მინდორს წარმოადგენდა, იდგა მხოლოდ რამოდენიმე ძირი კაკლის ხე და მუხა. შეისყიდა მიმდებარე მიწები და გააშენა ხეხილი, ვენახი, დეკორატიული ბაღი, სანერგე მეურნეობა, რომელიც 25 ჰექტარზე იყო გადაჭიმული.
ნიკო ნიკოლაძის ბაღში მრავლად იყო უცხოეთიდან შემოტანილი მცენარეები, სხვადასხვა ჯიშები. მაგალითად: ფრანგული ვაზის ჯიშები, საფრანგეთიდან შემოტანილი წაბლის ერთგვარი ჯიში, რომლის ნაყოფიც განსაკუთრებულად ნოყიერ საკვებად ითვლებოდა მეცხოველეობაში და სხვა...
სამტრედიის N11 საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.