ბორის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან

"ერთად ვაკეთოთ სიკეთე, დავეხმაროთ ერთმანეთს" - ეს ხარაგაულის სოფელ ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა დევიზია. უკვე წლებია ისინი ჩართულნი არიან სამოქალაქო აქტივობებში, არჩევენ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა ან მრავალშვილიან ოჯახებს, ამზადებენ სოციალური ტიპის პროექტებს და უგზავნიან არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის ბავშვთა და მოზარდთა სახლს," რომელიც აფინანსებს მოსწავლეთა ამ ინიციატივებს.

ამ ორგანიზაციის მიზანია მოსწავლეთა ჩართვა სამოქალაქო აქტივობებში, სოლიდარობის და სოციალური უნარების განვითარება. ამ ორგანიზაციის დახმარებით და   დაფინანსებით ჩვენი სკოლის მოსწავლეები  ეხმარებიან შერჩეულ ოჯახებს ფიზიკურად, საკვები პროდუქტებით და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებით. 

ტრადიცია სკოლაში გრძელდება და წელს, საახალწლოდ ამ ტიპის პროექტების მომზადება-განხორციელებაში ბორის საჯარო სკოლის ის მე-8 კლასელებიც ჩაერთნენ, რომლებიც ასევე ჩართულნი არიან პროექტში "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში", მოინახულეს სამი   სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახი და სხვა მოსწავლეებთან ერთად გადასცეს მათ პროექტის ფარგლებში შეძენილი საკვები პროდუქტები.

ეს აქტივობა ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს: "არა სიღარიბეს, არა შიმშილს, უთანასწორობის შემცირებას".