21 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები: ბაზალეთი, საღანძილე, მარელისი, ლეღვანი, დაბის #2 და კიცხის სკოლები, რომლებიც ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში არიან ჩართულნი ნიკო კეცხოველის გზაზე გაემგზავრნენ ბაღდათი-საირმის მიმართულებით. მარშუტი სკოლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა, სასკოლო აქტივობას მხარს უჭერდნენ პარტნიორი ორგანიზაციები ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისია, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის სამსახური.
ვიდრე საირმეში ჩავიდოდნენ, ეკოკლუბებს გადაწყვეტილი ქონდათ სტუმრად წვეოდნენ ბაღდათის სკოლებს, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება პროექტში და თავიანთი გუნდის შესახებაც ეთქვათ. ბაღდათის სოფლებს ძალიან საინტერესო ისტორია და წარსული აქვთ. პირველად გიორგი გეწაძის სახელობის სკოლას ესტუმრნენ, სადაც მოისმინეს ინფორმაცია კლუბის მუშაობის შესახებ. აგრეთვე სოფელ ობჩის მდიდარი ისტორია ღირსეული ადამიანებით. ამის შემდეგ ობჩის სკოლას ესტუმრნენ. მასპინძელმა მოსწავლეებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს სასკოლო გარემო, ესაუბრნენ მათ მიღწევებზე, აქტივობებზე, აგრეთვე აჩვენეს მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის სისტემა.
გაჩნდა სურვილი სკოლების მეგობრობა სამომავლოდაც გაგრძელდეს და ერთობლივად განახორციელონ პროექტები. შემდეგ მასპინძლობა ბაღდათის ტურიზმის სამსახურმა იკისრა. ბატონმა გოჩა ხორავამ სტუმრები ჯერ როკითის სკოლაში წაიყვანა, შემდეგ როკითის უძველესი ძელქვები აჩვენა, რომლებიც მრავალ საუკუნეს ითვლიან და ბოლოს სოფლის პანთეონს ასტუმრა.
როგორც მასპინძელმა თქვა, ამ სოფელში უამრავი აკადემიკოსი და გამოჩენილი ადამიანია დაბადებული. პანთეონის იდეა კი როკითის სკოლის ამშენებელს ეკუთვნის. მან სოფლის მოსახლეობის შემოწირულობებით ააგო პანთეონის მთავარი ძეგლი ნიკოლოზ კახიანისაა, რომელიც მსოფლიო დონის მეცნიერია, საქართველოში ქირურგიის ფუძემდებელი.
სოფელი როკითი თავისი ისტორიით დიდი აღმოჩენა იყო ხარაგაულელი მოსწავლეებისათვის. სოფელ ფერსათში ვახტო ჯიხვაძის მარანს ესტუმრნენ. ზოგადად ბაღდათი მდიდარია ეკოტურისტული ობიექტებით. ძალიან ბევრი მარანი ხვდებოდათ გზადაგზა."შატო ფერსათში" იქაური ღვინოც დააგემოვნეს და ღვინის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცვნენ. აღსანიშნავია, რომ მასპინძელს ეზოში 150 წლის სახლი ედგა, რომელსაც ულამაზესი ხის ჩუქურთმიანი აივანი და კარები ამშვენებდა. ასეთი რესურსი ახლა აღარ იქმნება.
როგორც ამბობენ, ვლადიმერ მაიაკოვსკის მამა ბაღდათის მეტყევე იყოვო, მაიაკოვსკის მუზეუმიც მოინახულეს და ნიკო კეცხოველის მიურ მრავალგზის ნაქებ საირმისკენ გაუდგნენ გზას. საირმეში სამკურნალო წყლები დააგემოვნეს. მართალია, იქ ნამდვილი ირმები გადაშენდნენ, თუმცა ხელოვნურთან ფოტოები გადაიღეს, ზიპლაინით დაეშვნენ და დაბრუნდნენ ხარაგაულში.
სასკოლო აქტივობაში ჩართული იყო მრავალი ორგანიზაცია როგორც ხარაგაულიდან, ასევე ბაღდათიდან. ექსკურსია დააფინანსა ხარაგაულის სკრებულომ. მონაწილეობდა ხარაგაულის ექვსი და ბაღდათის სამი სკოლა. დღე იყო ინფორმაციულად დატვირთული. სკოლებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
ხარაგაულელების მიერ განვლილი ნიკო კეცხოველის გზა გააშუქა დამოუკიდებელმა გამომცემლობამ ,,ჩემი იმერეთი" სასკოლო აქტივობა მდგრადი განვითარების მეჩვიდმეტე მიზნიდან გამომდინარეობდა.