კუნძის თავგადასავალი გამურული ღამე იყო. სადღაც, ღრუბლების მიღმა, მთვარე გაფუჭებული ნათურასავით ეკიდა. სოფლის ირგვლივ კი იწვნენ მთები, როგორც დაღლილი აქლემები წვებიან ხოლმე დასასვენებლად... და ღამე მაინც სოფლისგან მოშორებით იდგა და არეული ძილის გარდა არავინ ელოდა გათენებას. არც სოფელს ჰქონდა სოფლის ფერი. ჭაღარაშერეულ ღამეს მთების სითეთრე ნელ-ნელა აფერმკრთალებდა. თენდებოდა და საკვამურებიდან სიცივე ყმუოდა. სადღაც ახლოს ძაღლი ყეფდა და იყო ყინვა, სიცივისაგან გადამსკდარი თითები და გამურული ხალხი. ადამიანები, რომლებიც ოდესღაც, დიდი ომის დროს დაინისლნენ შავი ფერით და მას შემდეგ მთელ ადამიანთა მოდგმას მურის ფერი დალექვოდა კანზე. ოდესღაც ხეებსა და ადამიანებს შორის დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული. სოფელში მოხუცების გარდა არავინ იცოდა თუ რა იყო ხე, ტოტი, ნაყოფი, ფოთოლი... იდგა უჰაერობა. ამ სოფელს შემორჩენილ ქვრივ დედას აცრემლებულ თვალის ბოლოებში უყურებდა ნოე, პატარა ბიჭუნა ნამდვილი მზისფერი თვალებით და ჩამქრალი ღიმილით, ის ყველასგან გამორჩეული იყო. განსაკუთრებით კანის ფერით... ნოე ვერაფერს ხვდებოდა და ცდილობდა დედის ფერგადასულ მზერაში წაეკითხა თუ რატომ იყო ასეთი თეთრი, მაგრამ დედის ცივ თვალებში ვერაფერს ხედავდა... დედამისი ხშირად უყვებოდა ნაჯახალესილ მამაზე, რომელიც ხეებთან საომრად წავიდა და აღარ დაბრუნებულა. სოფელში სხვებიც აღარ დაბრუნდნენ. ჩანდა მხოლოდ წითელი ცა... მერე შავი კვამლი და ბოლოს ყველაფერს მური მოედო. ნოე საკუთარ ადგილს ვერ პოულობდა სოფელში. გამურულ ქვის სახლებს შორის ანთებული ასანთის ღერივით დადიოდა თეთრი ბიჭუნა... ყველა შავი თვალებით უყურებდა ნოეს, ის კი შორი მთებისკენ იყურებოდა, რომელზეც ღრუბლები დაგუბებულიყვნენ... ნოემ წასვლა გადაწყვიტა... საკუთარ სუსტ ტერფებს მიანდო ის გასავლელი გზა, რომლის გავლასაც აპირებდა. გამბედავი ბიჭი იყო ნოე. ამიტომაც ასე ადვილად გამოეთხოვა დედის დამჭკნარ ხელებს და გაუყვა დანაცრულ გზას შორეული მთებისკენ. ღამეებს გამოქვაბულებში ატარებდა, ხოლო დღისით მიუყვებოდა დაუსრულებელ სიცარიელეს. გზას, სადაც არცერთი ხე იდგა... ნოე მიდიოდა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა საით უნდა წასულიყო. ერთ დილითაც, მდინარეზე გადასვლისას, სველ, მოლიპულ ქვაზე ფეხი მოუცურდა და სწრაფმა მთის დინებამ გაიტაცა. ცურვა არ იცოდა ნოემ... უშედეგოდ აპარტუნებდა ხელებს. დინებამ საკმაო ხანს ატარა... ნოე იძირებოდა და დინებას მიჰქონდა... ვინ იცის სად. თვალები წყლით ამოევსო და აღარაფერი ესმოდა. როცა დინებამ კიდევ ერთხელ სცადა პატარა სხეული ჩაეთრია სიღრმეში, ბიჭუნას სუსტმა ხელებმა მყარი სხეული აღმოაჩინეს. ნოე სწრაფად ჩაეჭიდა უცხო სხეულს და თავი ამოყო წყლიდან. ორივემ კიდევ დიდხანს იცურავეს ერთად და ბოლოს, როდესაც მდინარე წელში გაიშალა და დინებამაც იკლო, ნაპირზე აღმოჩნდნენ. გაოცებული შესცქეროდა ნოე მის გადამრჩენელს. უცხო მეგობართან ერთად იწვა ნაპირთან და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ნოეს არასოდეს ენახა ეს საგანი, რომელმაც კიდობანივით ატარა და გადაარჩინა. თავიდან წასვლა დააპირა, მაგრამ მერე ისევ გამობრუნდა და გადაეხვია... - ადამიანის შვილი! - აღმოხდა კუნძს. - შენ რა, საუბარი შეგიძლია? - ჰკითხა გაოცებულმა. - ჰმ. - მე ნოე ვარ, თეთრი ბიჭუნა, დედა მეძახის ასე. შენ რა გქვია? ან დედა რას გეძახის? მაგრამ მხოლოდ მდინარის ხმა ისმოდა. ნოემ შეხედა და დაინახა თუ როგორ ტიროდა ხის კუნძი. ნოემ პირველად ნახა მასავით თეთრი არსება, რომელსაც შეეძლო გასაუბრებოდა. კუნძი ისევ ჩუმად იყო. მერე გამურულმა მზემ თვალები შეუმშრალა და ჩუმი ხმით დაიწყო საუბარი: - ძალიან პატარა ვიყავი... ჩვენ, ხეებს, ძალიან ბევრი მტერი გვყავდა... დიახ, თქვენ ადამიანები მოდიოდით... - ისევ ტირილი დაიწყო მოხუცმა. - მოდიოდით და უმოწყალოდ ჭრიდით ჩემს თანამოძმეებს. ერთხელაც ხეებმა დააპირეს, რომ შური ეძიათ ადამიანებზე. მე ხმელ ფოთლებში დამმალეს და დანარჩენები წავიდნენ... წავიდნენ და იმ ღამით არავინ დაბრუნებულა. დიდი ხანძარი მოხდა სოფელში. ცეცხლი ჩემამდეც მოვიდა... და სანამ ცეცხლის ალი მომეხვეოდა ტანზე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მივხვდი, რომ მომჭრეს და გადამაგდეს დაღმართზე. ხანძრის დროს ყველა დაიღუპა. ხეებიც და ადამიანებიც... მე... მე კი, თავდაყირა ვიყავი დაკიდებული კლდის თავზე და ტოტის გამოჩენას ვერ ვბედავდი. სხეულიც მაშინ დამიზიანდა... ბოლოს წვიმამ ჩამრეცხა და მოვხვდი მდინარეში... დინებამაც ცალკე მიმტვრია ტოტები და დავრჩი ასე კუნძი... ბოლოს წყალმაც გამიტაცა და შუა დინებაში მოვხვდი შენსავით. მერე შენ დაგინახე... ალბათ შენს გადასარჩენად გამიტაცა მეც დინებამ... და როგორც ხედავ, ორივენი ნაპირზე ვართ. ნოე გაოცებული ისმენდა ამ ამბავს. კუნძი კი აგრძელებდა წარსულის ტკივილის გახსენებას. ენატრებოდა ხეები, მათი სუნი და ტოტების შრიალი. ნოეს ეხვეწებოდა წაეყვანა მათთან და რომელიმე ხის გვერდით ჩაემარხა იგი. თუმცა დედამიწის მეორე მხარეს შემორჩენილ ტყემდე გზა არც ნოემ იცოდა და არც კუნძმა. ამის მიუხედავად, ნოე თავის გადამრჩენელს დახმარებას დაპირდა და გაუდგნენ გაზას, რომელიც ორივესთვის უცხო და ხიფათით გაჯერებული იქნებოდა. მიდიოდნენ და თან საუბრობნენ. ნოე ეკითხებოდა თუ როგორები იყვენენ ხეები, ან რა ფერის ფოთლები ქონდათ მათ და კუნძიც ნაღვლიანი ხმით უყვებოდა. ინტერესი არ ასვენებდა ნოეს და უფრო სწრაფად მიათრევდა სუსტ ტერფებს ხოლო ხელით კუნძი მიჰქონდა. ბიჭუნას ხე არასდროს ჰქონდა ნანახი, კუნძს კი კეთილი ადამიანი. ნოეს დედა ენატრებოდა და მამა. მამა რომელიც ხეებთან ბრძოლის დროს დაეღუპა. ყველაფერი კი კუნძმა უამბო, რომ ამ უბედურების გამო იბადებოდნენ გამურული ადამიანები ხოლო რჩეულნი იყვნენ დღის ცასავით განათებულები. ასეთი იყო ნოეც. ისინი მეგობრები გახდნენ. დარბოდნენ, მღეროდნენ და ასე გადაიარეს ცრა ზღვასა და ცხრანახევარ მთაზე ცოტა მეტი. მიდიოდნენ მაგრამ გზად არცერთი ხე შეხვედრიათ და არც ადამიანი. მზე ანათებდა. ცხელოდა... და სიარულიც უფრო და უფრო უძნელდებოდა ნოეს. ბოლოს, როგორც იქნა, მწვერვალზე ავიდნენ... ნოემ კუნძი გვერდით მოისვა და შემდეგ მზერა ჰორიზონტს გააყოლეს და უჩვეულოდ მწვანე ხაზი შენიშნეს, რომელიც ძალიან შორს იყო მათგან... თუმცა ნათლად ჩანდა ტოტებისა და ფოთლების ხასხასა მწვანე ფერი... მეგობარ კუნძს სიჩუმის შემდეგ ხვნეშა აღმოხდა და სუნთქვაშენელებული ცდილობდა ეგრძნო სიხარული თუმცა სხეული სტკიოდა. წლებს მისთვის უკანასკნელი ქერქიც გაეძრო და გაძარცვული იყო შემოდგომასავით. ნოე ვერაფერს ხვდებოდა. გათენდა, ნახშირის მზე ისევ ცის კიდეზე გავარვარდა და აენთო. ნოემ და კუნძმა გაიღვიძეს, ერთმანეთს მზერა შეავლეს და ისევ გზას გაუდგნენ. გადიოდნენ დღეები და ისინი უფრო მეტად უახლოვდებოდნენ ტყის გულს. კუნძი უკვე ძალაგამოლეული იყო და დასუსტებული ესვენა ნოეს სუსტ მკლავებზე. როგორც იქნა, მიუახლოვდნენ ტყეს. ნოეს სუნთქვა შეეკრა... ვერ ხვდებოდა თუ საიდან მოდიოდა ეს ჰაერი და სასიამოვნო სიო... ის ხომ მუდამ ნახშირისფერ და ნაცრისფერ სოფელში ცხოვრობდა! მისთვის ხომ უცხო იყო ხეების ამონასუნთქი. ნოემ უღონო კუნძი მოლზე დაასვენა, თვითონ კი ტყეში შეიჭრა. დარბოდა და ყველა ხეს ეხუტებოდა... და როცა ყველაფრით გული იჯერა, კუნძთან დაბრუნდა. კუნძი კი გაყინული დახვდა, რომელსაც სიცოცხლის ნიშნები აღარ ეტყობოდა. ნოემ სცადა კუნძის გაღვიძება, მაგრამ ყველაფერი დამთავრებული იყო! ფერდაკარგული კუნძი მის გარემოში გარდაიცვალა... ნოეს გაახსენდა კუნძის თხოვნა და ყველაზე ლამაზი ხის გვერდით ჩამარხა, მერე დაემხო მის ძირთან და ღონეგამოლეულს ჩაეძინა... გაზაფხულით შეფოთლილი დილა თენდებოდა. ნოემ უჩვეულო რყევა იგრძნო, თითქოს ქვემოდან მიწა ეცლებოდა და თან სიმღერის ხმა ჩაესმა. თვალები გაახილა და კუნძის ადგილას მყინვარზე შემორჩენილი თოვლივით ქათქათა გოგონა დაინახა, რომელიც მას უმღეროდა. გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ქმნილებას, რომელმაც რაღაც სხვა სითბო ჩაუღვენთა გულში. ბიჭუნა ხედავდა რომ კუნძი გოგონად იყო გადაქცეული. მიუხედავად ადამიანთა სასტიკი გულისა, კუნძი გოგონას სახით დარჩა მეგობართან... ნოეს დარაჯად გათენებულმა დღეებმა კუნძს ადამიანური სითბო შესძინა და ამოხეთქა მიწის გულიდან. .... სოფელში ყველა საუბრობდა დაკარგულ ბიჭუნაზე. ცამ ჩაყლაპა თუ მიწას გადასცდა არავინ იცოდა... ერთ საღამოსაც, ფერდობზე გამოჩნდა სოფლისკენ მომავალი ნოე კუნძის გულიდან ამოსულ გოგონასთან ერთად, რომელთაც ხელში ხის ნერგები ეჭირათ...