დეკემბრის დასაწყისში ქალაქ სამტრედიის N11 სკოლის ეკოკლუბ “ვუერთგულოთ ბუნებას” წევრები ესტუმრნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს - “ლამპარი”. დღის ცენტრის სხვადასხვა საჭიროებისა და ასაკის ბავშვების გასამხიარულებლად ეკოკლუბელებს თან ახლდა სამტრედიის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი ლალი პირტახია და თოჯინა - “ბეჯითი ვანო”. ბეჯითი ვანო მიესალმა ბავშვებს, ესაუბრა ბუნების დასუფთავებასა და გარემოს დაცვაზე.
როგორც ცენტრის პროგრამების კოორდინატორმა სოფიო კუპატაძემ განაცხადა, ცენტრის ბენეფიციარები ჩართული არიან გარემოსდაცვით ღონისძიებებში, რგავენ ხეებს, აგროვებენ მაკულატურას და აბარებენ მეორადი გადამუშავების ცენტრს. ეკოკლუბელებმა სახელდახელო კონცერტი გამართეს, ყველაზე პატარა ეკოკლუბელმა, თეკლა წითელიშვილმა სიმღერები შეასრულა და აქტიურად აიყოლა სიმღერაში მასპინძლებიც.
ბავშვებმა ერთობლივად ხატეს და ბოლოს მცირედი საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს დღის ცენტრის ბენეფიციარებს. ეკოკლუბელების ვიზიტი გააშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.