კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის სკოლის ეკოკლუბელებმა ჩაატარეს სათემო ტყეების კვლევა წინანდლის თემსა და სკოლაში. როგორც გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, ყველა რესპოდენტი პასუხობს, რომ ტყე უნდა იყოს სათემო საკუთრება.
კითხვაზე: თუ რა დანიშნულებით გამოიყენებდა სოფელი ტყეს, თუ ის მათ საკუთრებაში გადავიდოდა, უმრავლესობა პასუხობს, რომ სოფლის მიმდებარედ არსებული ,,მუხიანის ტყე“ უნდა გამოცხადდეს რეკრეაციულ ზონად, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მოხდეს ბუნებრივი რესურსების დაცვის სპეციალისტების, მეტყევეების მიერ ტყის დაცვა და მოვლის ღონისძიებები. (ასევე აღსანიშნავია, რომ ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ტყის დანარჩენი ნაწილი)
რესპოდენტებს მოუწიათ ასევე კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ ქვეყნის სატყეო პოლიტიკა და გამოეყოთ პრობლემები სექტორის მართვაში. გამოიკვეთა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სატყეო პერსონალის სიმცირე. ასევე აღინიშნა ის ფაქტი, რომ ტყის მცველები, მეტყევეები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ვერ უმკლავდებიან მათ პასუხისმგებლობაში არსებულ უზარმაზარ ტერიტორიებს.
კითხვარების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით კომპეტენციები თავმოყრილია ერთ უწყებაში. საჭიროა დეცენტრალიზაცია და თვითმართველობების ჩართვა მართვის პროცესში.