მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციაში ცვლილებები შევიდა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №14
2016 წლის 13 მაისი ქ. თბილისი
 
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/05/2014, 360160000.22.023.016242) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი

ინსტრუქცია მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების შესახებ
მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო
ეს ინსტრუქცია ადგენს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში – ელექტრონული სისტემა)  წარმოების წესს.
მუხლი 2. ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება 
1. ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას (მართვას) ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული საქართველოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოებისთვის (შემდგომში – მართვის ორგანოები) ელექტრონული სისტემის წარმოებისა და განვითარების მომსახურებას სააგენტო ახორციელებს უსასყიდლოდ.
3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული სისტემის წარმოებისა და განვითარების მომსახურებას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), სააგენტოსთან შეთანხმებით.
4. ელექტრონული სისტემის განვითარებისათვის საჭირო ცვლილებებს ახორციელებს სააგენტო.
5. კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონულ სისტემაში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (შემდგომში – სახერხი საამქრო) მოდულის სრულყოფისა და განვითარებისათვის საჭირო ცვლილებებს ახორციელებს დეპარტამენტი, სააგენტოსთან შეთანხმებით.
მუხლი 3. ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა შემტანი და ინფორმაციის წარმდგენი ადმინისტრაციული ორგანოები და სხვა პირები
1. ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანისთვის (მათ შორის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვისთვის) ვალდებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენენ მართვის ორგანოები.
2. ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანისა და წარდგენის (მათ შორის –  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვის) ვალდებულება აქვთ ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა ხე-ტყით მოსარგებლეებს (შემდგომში – ხე-ტყით მოსარგებლე), სახერხი საამქროს მფლობელებს.
3. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის მიზნით სააგენტოს მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრულ სხვა პირ(ებ)ს სააგენტო სერვისის საშუალებით აწვდის ინფორმაციას კალენდარული წლის განმავლობაში ფიზიკური პირის მიერ მერქნული რესურსით სარგებლობის, გასაცემი, გამოყენებული და დარჩენილი რესურსის ოდენობის შესახებ.
4. სახაზინო სამსახური აწვდის ინფორმაციას სააგენტოს მერქნული რესურსით მოსარგებლე პირის მიერ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გადახდის შესახებ.
5. სააგენტო უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მერქნული რესურსით მოსარგებლე ფიზიკური პირის იდენტიფიცირების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.
6. სახერხი საამქროს რეგისტრაციის, კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში ასახვისა და წარდგენის ვალდებულება გააჩნიათ სახერხი საამქროს მფლობელებს. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში  სახერხი საამქროს რეგისტრაციის უფლებამოსილება ასევე გააჩნია დეპარტამენტს.
 
მუხლი 4. ელექტრონული სისტემის ზოგადი სტრუქტურა
1. ელექტრონულ სისტემაში შესვლა მართვის ორგანოებისა და დეპარტამენტის უფლებამოსილი მომხმარებლებისთვის ხორციელდება ვებპორტალის საშუალებით მისამართიდან http://ms.anr.ge.
2. ელექტრონული სისტემის საწყისი გვერდი მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს:
ა) ტყის რესურსები:
ა.ა) ტყეკაფის პასპორტი;
ა.ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთი;
ა.გ) საძიებო სისტემა.
ბ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები;
გ) სახერხი საამქრო;
გ.ა) სახერხი საამქროს რეგისტრაცია;
გ.ბ) სახერხი საამქროს მართვა;
გ.გ) მონიტორინგი;
გ.დ) საძიებო სისტემა;
დ) ელექტრონული შეტყობინებები;
ე) ანგარიშგება.
3. ელექტრონულ სისტემაში შესვლა ხე-ტყით მოსარგებლე და სახერხი საამქროს მფლობელი მომხმარებლებისათვის ხორციელდება ვებპორტალის საშუალებით მისამართიდან http://portal.anr.ge, რომლის საწყისი გვერდი მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს:
ა) ბუნებრივი რესურსები;
ა.ა) ტყის რესურსი;
ა.ა.ა) ტყეკაფი;
ა.ა.ბ) არამარკირებული ხე-ტყის გასხვისება;
ა.ბ) სახერხი საამქროს რეგისტრაცია;
ა.გ) ელექტრონული შეტყობინებები.
4. სახერხი საამქროს მფლობელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სახერხი საამქროს ელექტრონული მართვა ხორციელდება ვებპორტალის საშუალებით მისამართიდან http://emoe.gov.ge, რომლის საწყისი გვერდი მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს:
ა) სახერხი საამქრო;
ა.ა) სახერხი საამქროს მართვა;
ა.ა.ა) მორების მიღება;
ა.ა.ბ) გადამუშავება;
ა.ა.გ) მორების გატანა;
ა.ბ) ანგარიშგება.
მუხლი 5. ელექტრონული სისტემის წარმოების ზოგადი დებულებები
1. მართვის ორგანოების მიერ ელექტრონულ სისტემაში თავისი კომპეტენციის შესაბამისად  ხორციელდება:
ა) ტყეკაფის რეგისტრაცია და მონიშვნის მასალების ასახვა;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტყეკაფის გამოყოფის, გახსნის, დახურვის, გაუქმების  თაობაზე ინფორმაციის ასახვა;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და/ან სპეციალური ფირნიშების თაობაზე ინფორმაციის  ასახვა;
დ) გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის მატერიალური სახის დოკუმენტების დასკანერებული / ელექტრონული ფორმით ატვირთვა;
ე) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების მოდულში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და სპეციალური ფირნიშების გაცემის/განაწილების/დაბრუნების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის ასახვა;
ვ) ხე-ტყის დამზადების ბილეთების სიების ასახვა;
ზ) ხე-ტყით მოსარგებლე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაცემების ასახვა.
2. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, ხორციელდება:
ა) ტყეკაფის რეგისტრაცია და მონიშვნის მასალების ასახვა;
ბ) გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა ან/და სპეციალური ფირნიშების, ასევე არამარკირებული ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით მიწოდების თაობაზე ინფორმაციის ასახვა;
გ) გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის მატერიალური სახის დოკუმენტების დასკანერებული / ელექტრონული ფორმით ატვირთვა.
3. ტყეკაფის მონიშვნის მასალების ასახვისას ხდება ტყეკაფის რეგისტრაცია და ტყეკაფს ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
4. სახერხი საამქროს მფლობელების მიერ ელექტრონულ სისტემაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად და დადგენილი წესით, ხორციელდება:
ა) სახერხი საამქროს რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა;
ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღებისა და გადამუშავების, გადაუმუშავებელი მორის გატანის შესახებ მონაცემების ასახვა და დეპარტამენტისათვის წარდგენა (გადაგზავნა).
5. დეპარტამენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხორციელდება:
ა) სახერხი საამქროს რეგისტრაცია, მასში ცვლილებების შეტანა;
ბ) სახერხი საამქროს მიერ წარმოდგენილი საკონტროლო ფირნიშების ჩამოწერა.
6. ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ ხე-ტყით მოსარგებლის ან სახერხი საამქროს მფლობელისათვის ვებპორტალზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება (ტექსტური და/ან დოკუმენტური სახით) ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ გახსნისთანავე და მას გააჩნია იურიდიული ძალა.
7. ელექტრონულ სისტემაში ყველა პროცესი ხორციელდება ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
მუხლი 6. ტექნიკური მოთხოვნები
1. ელექტრონული სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის მართვის ორგანოსა და დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომელს, შესაბამის ხე-ტყით მოსარგებლეს და სახერხი საამქროს მფლობელს (შემდგომში - მომხმარებელი) უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური პროგრამული უზრუნველყოფა:
ა) ოპერაციული სისტემა Windows XP – 7 (სასურველია 7);
ბ) ინტერნეტი – მინიმუმ 2 მბიტი/წამში;
გ) ვებბრაუზერი – მინიმუმ IE 8.0;
დ) MS Silverlight (ბრაუზერის პლაგინი);
ე) Net Framework 4.0 .
2. კომპიუტერი შემდეგი მინიმალური აპარატურული მოთხოვნებით:
ა) პროცესორის სიჩქარე –  3 GHZ;
ბ) ოპერატიული მეხსიერება – 2Gb;
გ) pdf, .xls, .doc, xlsx, .docx, JPEG გაფართოების ფაილების წამკითხველი საშუალება;
დ) ეკრანის რეზოლუცია 1280 X 1024;
ე) ქართული უნიკოდ-შრიფტი Georgian Unicode Keyboard Driver.
3. სახერხი საამქროს ელექტრონული მართვისა (ელექტრონული ჟურნალის  წარმოების) და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის  უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური პროგრამული უზრუნველყოფა:
ა) ოპერაციული სისტემა Windows 7-Windows 8;
ბ) ინტერნეტი - მინიმუმ 2 მბიტი/წამში;
გ) ვებბრაუზერი - მინიმუმ IE 9.0, Google Chrome;
დ) MS Silverlight (ბრაუზერის პლაგინი);
ე) Net Framework 4.5;
ვ) კომპიუტერი შემდეგი მინიმალური აპარატურული მოთხოვნებით:
ვ.ა) პროცესორის სიჩქარე – 3 GHZ;
ვ.ბ) ოპერატიული მეხსიერება – 2Gb;
ვ.გ) pdf, .xls, .doc, xlsx, .docx, JPEG გაფართოების ფაილების წამკითხველი საშუალება;
ვ.დ) ეკრანის რეზოლუცია 1650 X 1080;
ვ.ე) ქართული შრიფტი Georgian Unicode Keyboard.
ზ) პლანშეტური კომპიუტერი (ტაბლეტი) შემდეგი მინიმალური აპარატურული მოთხოვნებით:
ზ.ა) DISPLAY - 10.0 inches, 2560 x 1600;
ზ.ბ) CPU - Quad-core;
ზ.გ) Memory - 2Gb;
ზ.დ) WiFi, 3G, GPS;
ზ.ე) Android 4.4 Kit Kat.