„ნაჯახის აღსარება“
– ერთი წუთით მოვედი, წიფელ... ჩემი პატრონი ელექტრო ხერხის მოსატანად წავიდა.
– მაშ, დაბერდი, ნაჯახ? მარტო შენ ვეღარ გვიმკლავდები, არა? რას იზამ! ქვეყანა წინ მიდის! ამ წინსვლას პროგრესს უწოდებენ, იცოდი?
– ჰოდა, მაგ პროგრესმა დამანგრია თუ ამაშენა, ვერ გეტყვი!
– რატომ, რატომ?
– საჭირო აღარა ვარ, მითუმეტეს
– სასურველი. ამას წინათ გავიგონე, ჩემი პატრონი ამბობდა: ამ ნაჯახმა შეიწირაო ჩემი მარჯვენა. ელექტრო ხერხი უფრო მარტივი მოსახმარია... მაგრამ, რას ვამბობ! ვაი მასეთ საჭიროებას!
– რას ამბობ, ნაჯახ?
– რაღა უნდა ვთქვა წიფელ! ყველასთან შერცხვენილი ვარ, ყველასთან! შენთანაც მალე შევრცხვები, ვატყობ...
– რაო?
– დაივიწყე! უკვე ასი წლისა ვარ, იცი? დავჩაჩანაკდი, ჟანგი მომედო. იცი, რამდენი ხის სიკვდილია ჩემს კისერზე? რამდენს მოვუსწრაფე სიცოცხლე, რამდენს მოვჭერი თავ–ფეხი!..
– შენ რა შუაში ხარ, ნაჯახ?! შენ რა, ხელები გაქვს თუ
– ფეხები?! ადამიანმა იკითხოს!
– ჰაჰ, ადამიანმა! ვაი, რომ ადამიანი არც იკითხავს, არც მოიკითხავს, არც იდარდებს და არც ინანებს. ყველაზე საშიში ცხოველია ადამიანი, წიფელ! შენ ჯერ ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ, ჩემგან იცოდე!.. იქნებ, აღარც დაგჭირდეს, მაგრამ... მაინც... არ ენდო ადამიანს! რომ გითხრას: ჩემო ძვირფასო წიფელ, უკეთეს ადგილას წაგიყვან, მიდი, ხელი შემიწყვე და წამომყევიო – არ დაუჯერო, არ დაისუსტო თავი და არ დაყაბულდე! ცუდს გიპირებს, იცოდე! არ დახარბდე, რაც არ უნდა შემოგთავაზოს! შენი ადგილი მანდ არის, შენი ფესვები მაქედან მოდის,! არ დაყაბულდე, არა! – კარგი, ნაჯახ, მასე ვიზამ! მაგრამ ჩემზე სულ ტყუილად ნერვიულობ! როგორც შენ თქვი, მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, კიდევ ბევრი წელი ვიცოცხლებ, თან ისე, რომ ადამიანი თითსაც ვერ დამაკარებს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ჩახუტება არ უნდა. მე კი, რომ იცოდე, როგორ მიყვარს, როცა მეხუტებიან. როგორ დავიჯერო, რომ მუხაში ვერევი მათ? ალბათ, მეც ისეთივე ძლიერ ხედ მთვლიან! საამაყოა, არა? – კი, წიფელ, კი. მეტად საამაყოა, მაგრამ ხომ იცი... – მე კანონი მიცავს, ნაჯახ! – რა არის ადამიანისთვის კანონი? ადამიანმა არ თქვა განა: კანონი იმისათვის არის, რომ დაარღვიონო. არ ენდო ადამიანს, წიფელ, არა! ჩემსავით არ მოტყუვდე! – როგორ, შენ ადამიანმა მოგატყუა, ნაჯახ? – თან არაერთხელი, წიფელ... არაერთხელ... როგორც გითხარი, უკვე ასი წლისა ვარ... ოთხი თაობის ხელში გავიარე და მეხუთესაც კი მოვესწარი... მძიმე ვარ, ჯერ ხელში ვერ მიჭერს პატარა... ჯერ ვერა, თორემ... ბოროტია ადამიანი, წიფელ, ბოროტი! მიადგება ხოლმე ხეს ეს ჩემი პატრონი. ადრე დამიყვავებდა, ხოტბას შემასხავდა, ასეთი და ისეთი ძლიერი ხარო, შენ დედამიწასაც თავისუფლად გადაჭრი შუაზეო, ამ ხის მოჭრას რა უნდაო !.. მეც, ქება– დიდებით გახელებული, მივადგებოდი იმ საწყალ ხეს და დაუნდობლად ვკლავდი... ჩემზე ძლიერი არავინ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე... გვიანღა მივხვდი, რომ მე მხოლოდ ბინძური იარაღი ვიყავი ადამიანის ხელში, თავისი შავბნელი საქმეების გასაკეთებლად რომ სჭირდებოდა... ჰო, მივხვდი და აღარ ვეგებოდი მის ანკესზე, ვუძალიანდებოდი. თავი დავიჩლუნგე, პირი დავიბლაგვე... მეგონა, მიხვდებოდა ჩემი ურჩობის მიზეზს და ახალგაზრდებს მაინც დაანებებდა თავს, მაგრამ უარესი ჩავიდინე... იმან ელექტრო ხერხი იყიდა და ახლა ერთის მაგივრად სამს ჭრის. თან, უხარია, უხარია, უხარია... – მერე შენ? აბა, შენ რისთვისღა დაგატარებს? – მე? მე – ყოველი შემთხვევისთვის. ელექტრო არაფერია სანდო. დამუხტული კი მოაქვს, მაგრამ რომ დაჯდეს? მერე ჩემკენ იხედება ხოლმე... ახლა აღარა მაქებს, ახლა მაშინებს, მემუქრება. – მერე, შინდები, ნაჯახ? – მე ახლა სიკვდილიც ვეღარ შემაშინებს, ჩემო წიფელ. – ამბობენ: სიკვდილი დიდი ცელით მოდისო... – ცელი ჩემი ძმაკაცია, წიფელ. დამიჯერე, ის კაცს ვერ მოკლავს! – აბა, რა მოგვკლავს, ნაჯახ? – ჩვენი მოკვლა მხოლოდ ადამიანს შეუძლია, წიფელ. – და ადამიანს რაღა მოკლავს? – ადამიანი თავისი ხელით ითხრის საფლავს, წიფელ. იგი თავადაა თავისი „ცელიანი სიკვდილი“. გასაგებად რომ აგიხსნა, სწორედ იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის. – ეგ როგორ, ნაჯახ? რა უნდა ადამიანს ხეზე? შეხედე, აბა, ჩემს ტოტზე ადამიანი ზის? – სხვა რამ ვიგულისხმე, წიფელ! ადამიანი ხეებს რომ ჭრის, ჟანგბადის წყაროს, ხომ ზარალდება? ცოცხალ, ახალგაზრდა, შენნაირ ხეებს რომ ჭრის, ხომ აკლდება ჟანგბადი? წარმოიდგინე, ადამიანები დღეში მილიონობით ხეს ჭრიან და რამდენიმეს თუ რგავენ – არც უვლიან... მალე ჟანგბადი აღარ დარჩება დედამიწაზე, წიფელ... – კარგად ვერ გავიგე შენი ნათქვამი, ნაჯახ, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი კარგად იქნება! შენი პატრონი მე და დანარჩენ ახალგაზრდა ხეებს არ მოგვჭრის! – წიფელ, ვერარ ვუძლებ, უნდა გითხრა, რომ ჩემი პატრონი შენს... – ხმა ტარში გაეპარა ნაჯახას. მისი პატრონი მოვიდა. ვერ მოასწრო საბრალომ წიფელას გაფრთხილება. ხის მჭრელმა ელექტრო ხერხის ჩართვა სცადა, მაგრამ არ ჩაირთო. – ოხ, გაფუჭდა ეს უღმერთო! გამყიდველს რომ კითხო, საუკუნე გემსახურებაო! ჩემო ნაჯახ, შენი ჯერია! აბა, მხარში ამომიდექი, თორემ, იცოდე, ისეთი გაბრაზებული ვარ, ამჯერად აღარ დაგინდობ და ხევში მოგისვრი, გაიგე? – ნაჯახს ხელი დაავლო კაცმა. სწორედ იმ ახალგაზრდა წიფლისკენ წავიდა. მოიქნია ნაჯახი, მაგრამ ნაჯახმა თავი დაიჩლუნგა, პირი დაიგლუვა და არ მოჭრა ხე. მეორედ მოიქნია ხის მჭრელმა, მესამედ, მეოთხედ, მაგრამ ნაჯახი ამჯერად დანებებას არ აპირებდა! ეყო საუკუნოვანი მონობა! – უხ, შენი დედა ვატირე! – დაიყვირა ხის მჭრელმა და ხევში მოისროლა თავისი გვარის საუკუნოვანი მეგობარი. იმ დღეს წიფელა არ მოუჭრიათ!..