ქართლის "ხილთა ქებანი" სოფელ ტირძნისის სკოლაში

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ლიახვის" წევრებისა და კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ინიციატივით მოეწყო შიდა ქართლის რეგიონში გავრცელებული და წარმოებული ხილის საშემოდგომო გამოფენა "ხილთა ქებანი", სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჯიშის ვაშლის, მსხლის, კომშისა და ხილის სხვა სახეობები.  

მოსწავლეებმა გამოფენაზე ასევე წარმოადგინეს სხვადასხვა სახეობის ხელით დამზადებული ჩირი, ტყლაპი და სხვა. დამთვარიელებელთათვის საინტერესო აღმოჩნდა ტკბილი კუთხე   "ტკბილეული ბებოს მარნიდან" სადაც გამოფენილი იყო საოჯახო პირობებში დამზადებული კომპოტები მურაბები, წვენები და სხვა ნუგბარი.  

აღნიშნული პროექტი განხორციელდა რეგიონში გავრცელებული და წარმოებული ხილის ცნობადობის ამაღლების, შიდა და საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრების, სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით. 

ტირძნისელი მოსწავლეების მიზანია შიდა ქართლის რეგიონი გახდეს ბიოპროდუქტების მწარმოებელი და აგროტურიზმის მნიშვნელოვანი ობიექტი. ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა,  დირექციამ, პედაგოგებმა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა.