ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის სკოლაში ნადირობის თემაზე დისკუსია გაიმართა

ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის სკოლის ეკოკლუბის მორიგი სასკოლო შეხვედრა ნადირობის თემას მიეძღვნა. ნადირობა ქართველებს ძალიან უყვართ, ნადირობენ სეზონზე, სეზონს გარეშე, არღვევენ ნადირობის კანონებს და თავს იმით იმართლებენ, რომ ეს უბრალოდ სპორტული ჟინია, მამაკაცური ძალის დემონსტრირება, თორემ არც ნადირის ხორცი უყვართ და ბუნების დიდი მცველებიც არიან.  

სწორედ უკანონო ნადირობამ გააღარიბა საქართველოს ბუნება. ერთ დროს ცხოველითა და ფრინველით სავსე ტყეები, ახლა წითელ წიგნში შეტანილი თითო ოროლა სახეობებით იწონებენ თავს. მასწავლებელმა დაფაზე დაწერა საკვანძო ციტატა ,,ნადირობა უპირველესად სპორტია, საინტერესო ვაჟკაცური სპორტი და მონადირეც, როგორც წესი, კეთილი გულის ადამიანია, ბუნების მოყვარული, მისი დამცველი".  

ცხარე დისკუსია გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯგუფებად გაიყვნენ მოსწავლეები. ერთნი ამბობდნენ, რომ ნამდვილად სპორტის სახეობაა ნადირობა, მეორენი მონადირეებს ბუნების მტრებს უწოდებდნენ, თუმცა მონადირეების ბრალია ცხოველთა გადაშენება, მაინც საჭიროა მათი არსებობა, რადგან სოფელს მგელი ჰყავს შემოჩვეული და ძალიან ბევრი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეიწირა მათი ოჯახებიდან.  მოსწავლეების გაეცვნენ ნადირობის კანონს საქართველოში. 

აგრეთვე წაიკითხეს აკაკი ბელიაშვილის ,,ჯიხვი".  ისაუბრეს პერსონაჟისა და ბუნების დამოკიდებულებაზე. დავალებად მიეცათ მოიძიონ წითელი წიგნისა და ინტერნეტ რესურსების დახმარებით ზუსტი სტატისტიკა მტაცებელი ცხოველების შესახებ და იმსჯელონ მათ როლზე ბუნებაში.  სასკოლო შეხვედრა გამომდინარეობდა მდგრადი განვითარების მეთხუთმეტე მიზნიდან.