რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს შეხვედრა და ისაუბრეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. ჩვენთვის საინტერესოა 15 მიზანი, რომელიც გულისხმობს დედამიწის ეკოსისტემის დაცვას და მათ გონივრულ გამოყენებას.
პრეზენტაციის დროს მათ ასევე ისაუბრეს ბიომრავალფეროვნებაზე და მათ საფრთხეებზე. თანატოლებს გააცნეს წიგნში შეტანილი ზოგიერთი სახეობა.ეს სახეობები შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მათ შორის: მერქნიან მცენარეთა 56, ძუძუმწოვართა 29, ფრინველთა 35, რეპტილიების 11, ამფიბიების 2, თევზების 11 და უხერხემლოების 42 სახეობა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს საფრთხეების შესახებ და დაასახელეს ისეთი ძირითადი საფრთხეები როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, ბრაკონიერობა და საქართველოში ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას ხელი შეუწყო მაკონტროლებელი უწყებების შესუსტებამ.