პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მხარდაჭერით.
ამ მიმართულებით მაქსიმალური ინფორმირებულობისა და პროექტის ფარგლებში მრავალფეროვანი საინტერესო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით ქარელის N2 სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიოლოგიის მასწავლებელი, ნათია თედოზაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში სკოლასთან დამეგობრებული წირქვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები. შეხვედრის დასრულების შემდგომ შეირჩა ლოკაცია - ძამას ხეობა, სარკინეთის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.
მოსწავლეებმა დასუფთავების ერთობლივი აქცია განახორციელეს. დამეგობრებული წირქვალელი მოსწავლეების ჩართულობით დაიგეგმა სხვა გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება.