ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლის ეკოგუნდ ,,მარჯანის“ წევრებმა განახორციელეს სასკოლო აქტივობა: ,,გადავარჩინოთ კოლხური ბზა“. აქტივობა ითვალისწინებდა გადაშენების პირას მყოფი უნიკალური მცენარის პოპულარიზაციასა და აღორძინებას. მოუწოდეს თანატოლებს დაერგოთ და გაეხარებინათ კოლხური ბზის ნერგები.
ამ თვალსაზრისით მასწავლებელმა სკოლაში მიიტანა საინტერესო წიგნები ბიბლიოთეკიდან: არქანჯელო ლამბერტის ,,სამეგრელოს აღწერა“ და ევლია ჩელების ,,მოგზაურობის წიგნი“. სადაც დაცულია ფრიად საინერესო ცნობები იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პოპულარული იყო ეს მცენარე საქართველოში.
გუნდ ,,მარჯანის“ წევრებმა მოუთხრეს თანატოლებს, რომ არქანჯელო ლამბერტის ცნობით მე-17 საუკუნეში, დასავლეთ საქართველოში, სახელდობრ შავი ზღვის სანაპირო ზოლში უცხოელ ვაჭრებს, განსაკუთრებით კი თურქებს შემოჰქონდათ მარილი და სხვადასხვა საქონელი. გაჰქონდათ: ბეწვეული, სელი და სელის ქსოვილები, თაფლი, სანთელი, ღვინო, აბრეშუმი, ძაფი და ერთი დასახელების ხეები, რომლითაც მდიდარი იყო ოდიში და გურჯისტანი. განსაკუთრებით ძვირად ფასობდა იგი კონსტანტინეპოლში.
ევლია ჩელების ცნობით სწორედ ეს ხეები წარმოადგენდა ექსპორტის ძირითად სახეს საქართველოში და იცვლებოდა მარილზე. იზრდებოდა 10-18 მეტრ სიმაღლემდე. ნაყოფმსხმოიარობას იწყებდა 30-40 წლის შემდეგ. ცოცხლობდა 500-600 წელს. მისი მერქანი ძალიან ჰგავდა სპილოს ძვალს და მისგან მზადდებოდა უნიკალური ნივთები. ეს იყო სწორედ ბზა. რომელიც დღესდღეობით ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას და შველას საჭიროებს.
დღეს ფლორის ამ ულამაზეს სახეობას პრეისტორიული პოპულარობა არ დაუკარგავს, თუმცა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე. გუნდის წევრები შეუთანხმდნენ სკოლის მოხალისეებს, რომ ოჯახებში ყველა გაახარებდა ბზის ნარგავებს და მერე სკოლის ეზოსაც დაამშვენებდნენ ამ უნიკალური სახეობით.