სენაკის სკოლა-გიმნაზია 6 ნოემბერს, ნიკო კეცხოველის სასკოლო-პრემია-2019-ის ფარგლებში ეწვია გურიის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლას, სადაც მათ მასპინძლობა გაუწია სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლადო აფხაზავამ. მან მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა, რომელთა შორის ერთ-ერთი ხეების დარგვასაც შეეხებოდა.
ახლა სწორედ რომ სეზონია ხეების დარგვის და მოსწავლეებმა ერთობლივად განახორციელეს ეს აქტივობა. თუმცა ამ შემთხვევაში ადგილი ხეების დარგვას კი არ ჰქონია, არამედ პირიქით, ჩიბათელებმა სენაკელებისთვის ამოიღეს კაკლის ხის ნერგები, რათა სენაკში ჩიბათის სახელზე დაირგოს ისინი.
ნერგების ამოღების პროცესს ერთად ესწრებოდნენ, რომლის დროსაც მასპინძლებმა სტუმრებს ჩაუტარეს მცირე გაკვეთილი, თუ როგორ უნდა დაირგოს ისინი. სენაკში დაბრუნების შემდეგ მოხდება ამ ნერგების დარგვა სკოლის ეზოში და იქნება ჩიბათის სკოლის სახელობის. ამ აქტივობით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში, აღდგენასა და მდგრად გამოყენებაში და ტყეების გონივრულ მართვაში.