სამეგრელოში, ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ედელვაისი“-ს წევრებმა სკოლის შეფასების კითხვარის საფუძველზე, წყლის მოხმარებასა და ჰიგიენასთან დაკავშირებით განახორციელეს საკუთარი სკოლის კვლევა, კვლევის შედეგები ასეთია: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლაში 127 მოსწავლე ირიცხება, აქედან ერთი შშმ მოსწავლეა. სკოლაში მომუშავე 26 პედაგოგიდან ორი მამაკაცია, დანარჩენი - ქალი.
სკოლის შენობა ორსართულიანია და მრავალი წელია რემონტი არ ჩატარებულა, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გამოიცვალა სახურავი და ფანჯრები. სკოლაში მოიხმარენ როგორც წყლის მილით სკოლის ეზოში შესულ წყალს, ასევე დაცულ ამოთხრილ ჭის წყალსაც. წყალი გამოიყენება სასმელად, ხელის დასაბანად, ტუალეტის ჩასარეცხად, გასაწმენდად, საკლასო ოთახებში იატაკის მოსარეცხად და ა.შ.
სკოლაში არსებული წყალი არ იწმინდება, რადგან მიჩნეულია უსაფრთხოდ, სასმელი წყალი ხელმისაწვდომია როგორც უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის, ასევე შშმ მოსწავლისათვის, ისინი წყლის დასალევად ძირითადად საკუთარ ჭურჭელს იყენებენ. ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ორმო-ტუალეტი: პედაგოგებისათვის და მოსწავლეებისათვის ცალ-ცალკე.
ტუალეტებს შიგნიდან აქვს ჩასაკეტი და ნაწილობრივ სუფთაა, მათი დიზაინი უმცროსი ასაკის მოსწავლეებისათვის ადაპტირებული არ არის. ტუალეტთან ძალიან ახლოს ფუნქციონირებს ხელის დასაბანი საშუალება, საპონი კი ხელმისაწვდომია ყველასათვის, ტუალეტის გაწმენდა, დაცლა ხდება სანამ გაივსება და მის სისუფთავეზე პასუხისმგებელი პირი არის დამლაგებელი.
ქვედაჩხოროწყუს საჯარო სკოლაში ნარჩენებს აგროვებენ და გატანა ხდება სპეციალური სამსახურის მიერ ორ დრეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ. სკოლაში რეგულარულად ხორციელდება ჭიების საწინააღმდეგო პროგრამა, რაც შეეხება ჰიგიენას, ის ისწავლება როგორც ძირითადი სასწავლო პროგრამის ერთი კომპონენტი.