საქართველოს ფლორა და ფაუნა

საქართველო თავისი ორგანული სამყაროთი – მცენარეებითა და ცხოველებით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. მცენარეებისა და ცხოველების გავრცელების თავისებურებასა და მრავალფეროვნებას განაპირობებს ეკოლოგიური პირობები, ჰავისა და რელიეფის ნაირგვარობა, გეოლოგიური აგებულება, გეოგრაფიული მდებარეობა, პალეოგეოგრაფიული წარსული (ორგანული სამყაროს ჩამოყალიბების ისტორია) და ადამიანი. საქართველოში მრავლადაა როგორც ენდემური  და რელიქტური, ასევე ადვენტური სახეობის ბუნებრივი და კულტურული მცენარე. საქართველოს მცენარეული საფარის 380-მდე სახეობა ენდემური წარმოშობისაა, ამასთან, ზოგიერთი მათგანი რელიექტურ მცენარეებსაც მიეკუთვნება. ენდემური მცენარეულობიდან აღსანიშნავია ბიჭვინთისა და ელდარის ფიჭვი, ქართული ნუში, ძელქვა, სამეგრელოს არყი და სხვა. რელიექტურ მცენარეებს მიეკუთვნება: ბზა, წყავი, შქერი უთხოვარი, პონტოს მუხა, მოცვი და სხვა. საქართველოში 5000-მდე სახეობის უმაღლესი მცენარეა, რომელთაგან 400 სახეობის მარტო ხე და ბუჩქია. საქართველოს ტყეების უმეტესი ნაწილი მთებშია გავრცელებული. აღმოსავლეთ საქართველოში ვაკე-დაბლობ ტერიტორიებზე ტყეები მხოლოდ დიდ მდინარეთა ჭალებში გვხვდება. დასავლეთ საქართველოში მცენარეთა ოთხი ზონა გამოიყოფა: ტყის, სუბალპური, ალპური და ნივალური; აღმოსავლეთ საქართველოში კი დამატებით – ნახევარუდაბნოების, მშრალი ველებისა და მეჩხერი ტყეების ზონაც გვხვდება. სამხრეთ საქართველოს მთიანეთში ძირითადად მთის მდელოს სტეპისა და სტეპის მცენარეულობაა გავრცელებული. საქართველოს მშრალ რაიონებში მეჩხერ, ე.წ. ნათელ ტყეებს ვხვდებით. აქ, ბალახეულ საფართან ერთად, იზრდება ხე-მცენარეები: ნეკერჩხალი, ღვია, ძეძვი, საკმელის ხე და სხვა. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მშრალ ტერიტორიებზე გავრცელებულია შიბლაკი და ფრიგანა (ქსეროფიტული დაბალტენიანი და მრავალწლიანი მცენარეთა დაჯგუფება). საქართველოში ცხოველთა სამყაროც მდიდარი და მრავალფეროვანია. ცხოველების ბინადრობის პირობები სიმაღლებრივი ზონების მიხედვით იცვლება. საქართველოში ფართოდაა წარმოდგენილი ცხოველთა როგორც ენდემური, ისე სხვადასხვა ქვეყნისათვის დამახასიათებელი სახეობები. ჩვენი ქვეყნის ცხოველთა სამყაროში შერეულია აზიური და ევროპული ელემენტები. საქართველოს ცხოველთა სამყაროს მნიშვნელოვნად ამრავალფეროვნებს რელიექტების (შავი ვირთაგვა, ღეროთვალიანი ბუზი, უფრთო ჭრიჭინა და სხვ.) და ენდემების (კოლხური ხოხობი, კავკასიური ჯიხვი და სხვ.) სიმრავლე. თანამედროვე ფაუნის მნიშვნელოვანი ელემენტია გარედან შემოყვანილი და აკლიმატიზებული ცხოველები – ნუტრია, ენოტისებური ძაღლი, ამერიკული წაულა, ალთაური ციყვი, ცოცხალმშობი თევზი გამბუზია, სარკისებრი კობრი, სიგა და სხვა. საქართველოს ბარის ზონა უმეტესწილად ათვისებულია, რის გამო ველური ფაუნაც უფრო გაღარიბებულია. აქ გვხვდება ევროპული ზღარბი, თხუნელა, კურდღელი, გარეული ღორი, ციყვი, მაჩვი, შველი და სხვ.  ფრინველებიდან – მწყერი, გვრიტი, ქორი, მიმინო, შაშვი, ბულბული, კოდალა, გუგული და სხვა. ტყის ზონა ხასიათდება მდიდარი და ნარიგვარი ფაუნით, რომელიც დღეისათვის მნიშვნელოვნად გაღარიბებულია. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: შველი, ირემი, გარეული ღორი, მგელი, მელა, მურა დათვი, მაჩვი, კვერნა, ციყვი, კურდღელი და სხვ.  ფრინველებიდან გვხვდება: როჭო, ხოხობი, გარეული იხვი, ბატი, ყარყატი და სხვ.  ქვეწარმავლებიდან ტყის ზონაში გავრცელებულია: ჯოჯო, გველხოკერა, ანკარა, გველგესლა და სხვა.  ამფიბიებიდან – სალამანდრა, ტრიტონი, გომბეშო და სხვა. თევზებიდან – ორაგული, კალმახი, შამაია, ხრამული, ლოქო, წვერა და სხვა. ალპურ ზონაში ძუძუმწოვრებიდან ბინადრობენ ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, პრომეთეს მემინდვრია და სხვა. ალპურ ზონაში ბევრია ფრინველი – შურთხი, როჭო, მთის ტოროლა, სტვენია, მთის არწივი და სხვა. ქვეწარმავლებით ეს ზონა არაა მდიდარი. მდინარეებსა და ტბებში ბინადრობს კალმახი. გამოყენებული ლიტერატურა: 1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.