საქართველოს ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები

რიწის დაცული ტერიტორია— კომპლექსური ნაკრძალი საქართველოში, აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრიდან 60 კმ-ზე. განლაგებულია მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო. ფართობი 16 289 ჰა. დაარსდა 1946 წელს შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის დაცვის მიზნით.ზღვის დონიდან 300-600 მ სიმაღლეზე ტყის მასივებში ჭარბობს მუხა, რცხილა, ცაცხვი, ბზა და სხვა.   ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი — ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბაბანეურსა და არგოხთან, კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდინარე ალაზნის ნაპირზე, ზღვის დონიდან 439-600 მ. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.ნარკძალის ფართობია 747 ჰა. დაარსებულია 1950 წელს მესამეული ხანის რელიქტის — კავკასიური ძელქვისიშვიათი მასივის დაცვა-შემონახვის მიზნით.   ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი – ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.დაარსებულია 1935 წელს. ფართობი 3,0 ათ. ჰა-ზე მეტი.   ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთში, გაგრის ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის კონცხზე. დაარსდა 1926 წელს, საერთო ფართობია 164,7 ჰა. ტყით დაფარულია 123 ჰა, რომლის უმეტესი ნაწილი (69,7) რელიქტურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია; გარდა ფიჭვისა გვხვდება ქართული მუხა, წაბლი, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა, ცაცხვი, იფანი, კოლხური ბზა და სხვა   ბორჯომის ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი – 1995 წელს. დაცული ტერიტორიები წარმოადგენილია უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ კვანძზე, იქ, სადაც თავს იყრის სუბტროპიკული, ზომიერი, სემიჰუმიდური და წინააზიური ლანდშაფტები. ეროვნული პარკის ფართობია 760 კმ², რის მიხედვითაც იგი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, ეროვნულ პარკთან და ნაკრძალთან, ბორჯომის ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ნეძვის აღკვეთილი. ეროვნული პარკის და ნაკრძალის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ლანდშაფტთა ვერტიკალური ზონალობა მუქწიწვიანი და ფართოფოთლოვანი ტყეებით დაწყებული და ფართოფოთლოვანი ტყეებით დამთავრებული. აქვეა ფლორისა და ფაუნის ათეულობით ედემური და რელიქტური სახეობა. დიდი ყურადღება ექცევა კავკასიური ირემის დაცვა-აღდგენას.   გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთში, სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ზემო და შუა დინებაში. ფართობი 13 ათ. ჰა. დაარსდა 1941 წელს (გაუქმდა 1951, აღადგინეს 1976). ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია.   ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი — კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს. ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან —უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.     თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში. დაარსებულია 1961 წელს, მისი ფართობი 10694 ჰექტარია.ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ნაკრძალის ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და მეტად სპეციფიკური ბიო-ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით. ამ ზონაში არსებული სუბალპური არყნარები და დეკიანი კომპლექსები ხასიათდება როგორც ზვავსაწინააღმდეგო, ნაშალდამმაგრებელი და ეროზიასაწინააღმდეგო ცენოზები; ნაკრძალი მნიშვნელოვანია როგორც მესამეული პერიოდის იშვიათ ცხოველთა სახეობების საარსებო გარემო. იგი მოიცავს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობების არეალებსა და საბინადრო ადგილებს. აქ მობინადრე ცხოველთაგან აღსანიშნავია ნიამორი, კავკასიური ჯიხვი — მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში; აგრეთვე აღსანიშნავია არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი და სხვ. ფრინველთაგან – შავარდენი, მთის არწივი და სხვ. ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.   ინტრიშის ნაკრძალი – სახელმწიფო ნაკრძალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის ხეობაში. ფართობი 7166 ჰა (1975). დაარსდა 1959 მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად. კინტრიშის ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ნაკრძალში შემონახულია მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობა. სუბტროპიკული მცენარეულობის სარტყელს (500 მ) ცვლის მუხნარ-რცხილნარის (500-1000 მ)და მუხის (1000-2000 მ) სარტყლები, უფრო ზემოთ სუბალპური მეჩხერი ტყე (2000-2200 მ) და ალპური მდელოებია (2200-2600 მ). მერქნიანი მცენარებიდან აქ გვხვდება ჰარტვისის მუხა, შავი მურყანი, რცხილა, უთხოვარი, ბზა, პონტოს მუხა, მედვედევის არყი, ძახველი, ხეშავი, ჭნავი, ქონდარა ღვია და სხვა. ცხოველებიდან — შველი, არჩვი, დათვი, მელა, კვერნა, ტყის კატა, დედოფალა, კავკასიური გველგესლა და კავკასიური სალამანდრა, როჭო, ტყის ქათამი. მდინარეებში ბევრია კალმახი. ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: კობალაური, ხინო, დიდვაკე. ნაკრძალის ტერიტორიაზეა ცხემოვანის შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ცხემოვანის დედათა მოანსტერი.   ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, საქართველოს ტერიტორიაზე. დაარსდა 1912 წელს. უჭირავს 17668 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12346 ჰა (72 %), დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია. მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი (ზღვის დონიდან 450-2300 მ-მდე) ქართული მუხის მუხნარებით და აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით და ალპური სარტყელი (ზღვის დონიდან 2300-3500 მ) მდელოებით, „ხალებით“ და დეკიანებით.  საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა). ნაკრძალში აღრიცხულია 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ბევრია კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერი, გარეული ღორი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და სხვა. ფრინველებიდან (აღრიცხულია მათი 120 სახეობა) აღსანიშნავია კავკასიური როჭო და შურთხი, დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი, რეგისტრირებულია აგრეთვე ამფიბიის 4 და ქვეწარმავლების 8 სახეობა. ნაკრძალში მოწყობილია ფლორისა და ფაუნის მუზეუმი, მაღამთის მეტეოროლოგიური სადგური. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი დაჯილოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1972   ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. დაარსდა 1977 წელს, ფართობი 6388 ჰა. ნაკრძალის მიზანია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გავრცელებული ძუძუმწოვრების (კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, დათვი, ფოცხვერი, კვერნა), ფრინველისა (როჭო, შურთხი) და მცენარეების (წაბლი, თელა, ბზა, წიფელი, მუხა და სხვა) დაცვა, მომრავლება და შესწავლა.                 მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი — ნაკრძალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე. ფართობი 1033 ჰა. დაარსდა 1935 წელს რელიქტური სოსნოვსკის ფიჭვის იშვიათი მასივის შემონახვის მიზნით. ნაკრძალის ფართობის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. აქ ხარობს რცხილა, ჯაგრცხილა, მუხა, წიფელი, ნეკერჩხლები, თელა. ქვეტყეში მრავალი სახეობის ბუჩქია. სოსნოვსკის ფიჭვი გავრცელებულია ზღვის დონიდან 800-1800 მ-ზე. ქმნის როგორც წმინდა (კონგლომერატებზე, ნაშალებზე, რიყეებზე და გამოტანის კონუსებზე), ისე შერეულ ზევნარებს ფიჭვნარ-მუხნარის, ფიჭვნარ-რცხილნარისა და სხვა სახით. ნარძალში ვხვდებით სოსნოვსკის ფიჭვის ოთხ ფორმას: პირამიდულს, კომპაქტურს, ოვალურსა და ქოლგისებურს.