სამეგრელოსა და გურიის რეგიონში დაფიქსირებული ამერიკული თეთრი პეპლის შემთხვევები გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები გაატარა.
ღონისძიების ფარგლებში მარტვილის, ხობის, ფოთის, ურეკისა და შეკვეთილის ტერიტორიაზე 220 ჰა დამუშავდა თერმული ნისლის მეთოდით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, აუცილებელია შესაბამისი სტრუქტურების- სურსათის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მავნებელთან ბრძოლის ერთობლივი პროგრამის შემუშავება და ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების გატარება მომავალი წლისთვის.
შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში CENN–ის ინიციატივით გამართულ საგანგებო თათბირზე, რომლის მიზანი მავნებლის - ბზის ალურას გავრცელების შედეგად ბზის ინტენსიურ ხმობაზე სწრაფი რეაგირების გეგმის განსაზღვრა იყო, მიღებული რეკომენდაციების მიხედვით, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა არსებული რესურსებით დაუყონებლივ დაიწყეს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გატარება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ წერილობით მიმართა პრემიერ-მინისტრს რეგიონში ბზის ალურას მასობრივი გავრცელების შედეგად შექმნილ საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან და თვითმმართველი ქალაქების მერიიდან შემოსული წერილები დასახელებული პრობლემის შესახებ.