ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სოციალურად დაუცველების შეშით მომარაგება 230 000 ათასი ლარი დაუჯდა

  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან  2015 წელს უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებებით მხარდაჭერის პროგრამისთვის 230 000 (ორასოცდაათი ათასი) ლარი იყო გამოყოფილი. პროგრამა ხორციელდებოდა ეტაპობრივად:იანვარ -აპრილისა და ნოემბერ- დეკემბრის თვეებში. 57 000 -ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომლებმაც მიმართეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით, პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ  თანხა - 100  ლარი. როგორც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია განმარტავს, აღნიშნული კატეგორიის ოჯახები 100 ლარიან ფულად დახმარებას, რომელიც მიზერულია,  იყენებენ გათბობის სხვადასხვა საშუალებების (შეშა, თხილის ნაჭუჭი...) შესაძენად. თუმცა არის თანხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებიც. სოფელ ჩხორიის მკვიდრს  პირველი ჯგუფის ინვალიდს ნოდარ ძიმცეიშვილს, რომელიც ცხოვრობს მარტო, 100 ლარიანი დახმარება ძალიან გამოადგა. როგორც ის ამბობს, ამ თანხის ნაწილი მან საკარმიდამო მიწის ფართობზე არსებული თხმელისა და აკაციის ხეებისგან შეშის დასამზადებლად გამოიყენა, დარჩენილი თანხით კი მედიკამეტები შეიძინა. სოფელ კორცხელში მცხოვრებმა 87 წლის ნუცა ყალიჩავამ  კი ამ თანხით თხილის ნაჭუჭი შეიძინა. სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრებმა რამაზმა, რომელიც ტუბერკოლოზით არის დაავადებული და მკურნალობის კურსს ზუგდიდის ტუბდისპანსერში გადის, 100 ლარად 16 ურიკა შეშა იყიდა იქვე , სოფელში და ფიქრობს, რომ სამი თვე იკმარებს. გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილება 57 001 ან ოდნავ მეტი ქულის მქონე ოჯახებსაც არ ტოვებს ზამთარში გათბობის გარეშე. მათ გადასცემენ გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირების დროს მოპოვებულ მერქანს საშეშედ, დაახლოებით 3 მ³-მდე. სოფელ ახალბასთუმანში მცხოვრები ხუთწევრიანი ოჯახის დიასახლისი ელისო ჭანტურია ამბობს, რომ 3 მ³ მოცულობის შეშა, რომელიც მათ გადაეცათ, დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაში მოიხმარეს, შემდეგ კი საკუთარ ეზოში თხილისა და კაკლის ხეებიც მოჭრეს. ამ ეტაპზე სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ჭანტურიების  ოჯახსაც გადაწყვეტილი აქვს ბუნებრივი აირის შეყვანა და მისი გამოყენება გათბობის საშუალებად. 2015 წლის იანვარ-თებერვალში და ნოემბერ-დეკემბერში დაახლოებით 200 -მდე ოჯახს გადაეცა შეშა. გოგი რევიას განცხადებით, 2016 წელს  ,,ზუგდიდტრანსის’’ მიერ  ჯვარი-ხორგის მიმართულებით  მაღალი ძაბვის დერეფნის მოწყობის დროს დაგეგმილი  სპეციალური ჭრების შედეგად  მოპოვებული იქნება 179 მ³ საშეშე მერქანი, რომელიც  აგრეთვე გადაეცემა უმწეო ოჯახებს. 2016 წლის ბიუჯეტშიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გათვალისწინებული აქვს ანალოგიური პროგრამა.