დეკემბრის თვის პრიორიტეტული მიზნები

 

 

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის წესების მიხედვით,  დეკემბრის თვეში მდგრადი განვითარების მე-2 და მე-3 მიზნები პრიორიტეტულია და შესაბამისად, აღნიშნული მიზნების ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ფასდება გაზრდილი კოეფიციენტით (თითოეული აქტივობის ნერგი მრავლდება 1.5-ზე).  

არ დაგავიწყდეთ, წლევანდელი საკონკურსო წლის თემატიკა და მე-13 მიზანი, რომლის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერ აქტივობა ასევე შეფასდება ბონუს-ქულით მთელი წლის განმავლობაში

გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნერგების(ქულების) დასაგროვებლად:

 

SDG 2  - არა შიმშილს

             ჩაატარეთ კვლევა:

o   რამდენად ჯანსაღია პროდუქტი, რომლითაც სარგებლობენ სკოლაში ან თემში არსებული სხვადასხვა კვების ობიექტები; გაიგეთ მეტი  ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული საკვები პროდუქტების გამოყენების შესახებ.

o   სოფლის მეურნეობის პროგრესის შესახებ: სოფლის მეურნეობის სექტორი საჭიროებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს, რათა გაიზარდოს მისი წარმადობა და შენარჩუნდეს მისი მდგრადობა. ისწავლეთ სასოფლო-სამეურნეო ახალი პრაქტიკის შესახებ და ცნობიერების ასამაღლებლად გაუზიარეთ თქვენი ცოდნა თქვენს კლასს, სკოლას და თემს.

o   ტყის არამერქნული რესურსების, სეზონური ბუნებრივი პროდუქტების და მათი მდგრადი გამოყენების ადგილობრივი ტრადიციების შესახებ: ყურადღება გაამახვილეთ აღნიშნული პროდუქტების არამდგრად და დაუდევარ მოხმარებასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ და უსაფრთხოების რისკებზე.

 

 

             მონაწილეობა მიიღეთ ან თვითონ წამოიწყეთ ინიციატივა/კამპანია:

o   ადგილობრივი ფერმერების ნაწარმის პოპულარიზაციის, მათ შორის - ადგილობრივ ბაზარზე მათი წილის გაზრდისა და ადგილობრივი კვების ობიექტებში მათი გამოყენების წახალისების შესახებ.

o   როგორ გამოვიყენოთ ტყის არამერქნული რესურსები და სეზონური ბუნებრივი საკვები ნაკლები დანახარჯებით და ეფექტიანად

o   ადგილობრივი კერძების პოპულარიზაციის შესახებ.

 

 

 

             დაიწყეთ ცვლილების ინიცირება

იზრუნეთ, რომ სკოლაში/სკოლებში არსებულ კვების ობიექტებში ჯანსაღ საკვებზე მიგიწვდებოდეთ ხელი. ასევე, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებისთვის საჭირო დღიური რაციონი იყოს უზრუნველყოფილი.

 

 

             მოიძიეთ ლიტერატურა და ჩაატარეთ ტრენინგი: ისწავლე მეტი და ასწავლე სხვას კვების შესახებ : ჩვენი  ჯანმრთელობა  დამოკიდებულია  საკვებზე,   რომელსაც   ვიღებთ.   გაიგებთ რა მეტს კვების შესახებ და დაიცავთ რა ჯანსაღი კვების რეჟიმს, ამით გაზრდით საკუთარ პროდუქტიულობას და გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას. საკვების ყიდვისას დააკვირდით მის კვებით ღირებულებას.

 

 

             გაიღეთ ქველმოქმედება საკვების ბანკებისთვის/თავშესაფრების/სოციალური სასადილოებისთვის: იცოდით, რომ ყოველ წელიწადს, ადამიანები დაახლოებით 1.3 მილიარდ ტონა საკვებს ყრიან? თქვენ შეგიძლიათ ხელმოკლე ადამიანების საკვებით მომარაგება უახლოესი საკვების ბანკების   მეშვეობით.  

გაიღეთ   საკვები,   რომელიც   დაგიგროვდათ   პერსონალური დღესასწაულების აღნიშვნის შედეგად, როგორებიცაა: დაბადების დღე, სკოლის დამთავრება, ან სკოლის ღონისძიება.

 

             გამოყავით ერთი დღე ადგილობრივ თავშესაფარში ადამიანების გამოსაკვებად: იმუშავეთ მოხალისედ მეგობრებთან ერთად ადგილობრივ თავშესაფარში. ასე, თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ საკვები და დააპუროთ მშიერი. მეტიც - გახადეთ ეს თქვენი კლასის რეგულარულ საქმიანობად.

 

 

             მოიყვანეთ საკვები საკუთარი ხელით - სკოლას, შესაძლოა, დამუშავებადი მიწის ნაკვეთი ჰქონდეს, რომელიც გამოუყენებელია. დაფიქრდით, რა კარგი იქნება სადემონსტრაციო ნაკვეთის, სათბურის, პატარა ბოსტნის მოწყობა! სასუქად კომპოსტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელსაც მოსწავლეები სახლიდან წამოღებული და ეზოში მოგროვებული ორგანული ნარჩენებით დაამზადებთ, გაარკვიეთ, რა შესაძლებლობებია, მოამზადეთ პროექტი და დაიწყეთ პრაქტიკული განხორციელება.

 

SDG 3 - ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

             ორგანიზება გაუკეთეთ სადისკუსიო წრეებს - ნათესავების, მეგობრების ან კოლეგების მონაწილეობით:

დაავადებების მქონე ადამიანების სოციალური იზოლირება სხვადასხვა თემში გავრცელებული პრობლემაა. პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ღია დიალოგით.

ეს ხელს შეუწყობს დაავადებული ადამიანების ინტეგრირებას და ოჯახის ან მეგობრების წრეში ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ გულახდილი საუბრების წამოწყებას. ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ, მიმართოთ მრჩეველს სკოლაში, უნივერსიტეტში, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ეს უშუალო კავშირშია ფსიქიკურ დაავადებებთან გამკლავებასთან და აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან.

 

             ჩაატარეთ კვლევა პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრისათვის:

    ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ადგილობრივი პრობლემებისა (ჰაერის, წყლის, ნიადაგების, კვების პროდუქტების დაბინძურება) და შრომითი უსაფრთხოების შესახებ.

    ადგილობრივად გავრცელებული დაავადებების, მათი პრევენციის არსებული მექანიზმებისა და საჭიროებების შესახებ;

    რეკრეაციის, ლაშქრობებისა და ექსკურსიების უსაფრთხოების შესახებ. გამოიკვლიეთ კონკრეტული ფაქტები. დაიწყეთ ადვოკატირება სტიქიური რეკრეაციული ზონების შესწავლის, რეკომენდებული და აკრძალული ზონების იდენტიფიცირების, სათანადო ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟების, სამაშველო სამსახურების გაძლიერებისა და რეკრეაციისათვის სათანადო უსაფრთხო პირობების შექმნის მიზნით.

    წამოიწყეთ კამპანია სკოლაში ცურვის გაკვეთილების დანერგვისა და ამ მიზნით საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის.

 

 

             გაიღეთ სისხლი: გაიგეთ, სად მდებარეობს სისხლის ჩაბარების ადგილობრივი პუნქტი. ამით თქვენ შეძლებთ დაეხმაროთ სისხლის ბანკებს საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანთა დასახმარებლად საჭირო  სისხლის  მარაგებით.  ასევე,  კარგი  იქნება  თუ კი სემესტრში ან წელიწადში ერთხელ ორგანიზებას გაუკეთებთ სისხლის ჩაბარების პუნქტს სკოლაში, უნივერსიტეტში ან სამუშაო ადგილზე.

 

 

             დაეხმარეთ ადამიანებს მედიკამენტებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფაში: ყველა ადამიანს არ აქვს თანაბარი წვდომა მედიკამენტებზე, განსაკუთრებით - სოფლებში. აწარმოეთ კამპანია, რომ გაიღოთ მედიკამენტები, რომლებიც მიეწოდება სოფლებს ან საგანგებო ვითარების მქონე რაიონებს. შეგიძლიათ ეწვიოთ ამ რაიონებს ჯანდაცვის საკვანძო საკითხებისა და ჰიგიენის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების მიზნით.

 

 

             გაიგეთ მეტი, ზოონოზური დაავადებების შესახებ და იზრუნეთ ფერმერების ინფორმირებულობაზე. ადამიანებსა და ცხოველებს დაავადებების 70% საერთო აქვთ. ამ დაავადებებს ზოონოზები ეწოდებათ. 

 

დაავადებების თავიდან ასაცილებლად და კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს შესანარჩუნებლად - საქართველოში, ყოველწლიურად ხორციელდება ცხოველთა ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ეწვიეთ თქვენ ირგვლივ, ახლომდებარე ფერმებს, შეამოწმეთ იდენტიფიცირებული და ვაქცინირებული არიან თუ არა ცხოველები. ჰკითხეთ მათ მფლობელებს, აწარმოებენ თუ არა ჩანაწერებს ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ. იციან თუ არა, რა დაავადებებზეა მათი ცხოველები აცრილი და რა მიზანს ემსახურება ცხოველთა იდენტიფიკაცია-მიკვლევადობის სისტემა. რამდენჯერ მიდის ვეტერინარი წელიწადში და აქვთ თუ არა მისი საკონტაქტო ნომერი. რამდენად არის დაცული ფერმებში (შინა მეურნეობებში) ჰიგიენა, არის თუ არა საკმარისი ჰაერი და სისუფთავე სადგომში? რა ადგილზე წველიან პირუტყვს?  იცავენ თუ არა ფერმერები ჰიგიენურ ნორმებს მოწველისას (დაწყება-პროცესი-დასრულება).

 

მოგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით:

 

    ჩაატარეთ ღია გაკვეთილი ზოონოზურ დაავადებებზე: ჯილეხი, ბრუცელოზი და ცოფი.

    გაატარეთ ერთი დღე  ვეტერინართან ერთად და მოამზადეთ სტატიების ციკლი: ვეტერინართა საჭიროებების, საქმიანობისა და სირთულეების  შესახებ

    გაატარეთ ერთი დღე ფერმერთან - მოამზადეთ სტატია/ანგარიში/პრეზენტაცია, რომელიც აღწერს და ანალიზს უკეთებს მათ საქმიანობას.