იმერეთის რეგიონის სოფელ როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ბიოფილები“ უკვე 5 წელია ნიკო კეცხოველის საკოლო პრემიის მონაწილე და 2019 საკონკურსო წლის გამარჯვებულია. კონკურსში გამარჯვებას აღარ ელოდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, 2022 წელი დიდი მონდომებით დაიწყეს და თავიანთ საქმიანობაში მაქსიმალური შრომა ჩადეს. შედეგად, როკითის სკოლის ეკოკლუბელები 2022 წელს, უკვე მეორედ, გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ და მესამე ადგილი დაიკავეს.
14 წლის შოთა(ბუბა) ლაბაძე როკითის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში მონაწილეობის მისაღებად მოტივაცია მისმა დამ მისცა, რომელმაც 2019 წელს ეკოკლუბთან ერთად კონკურსში გამარჯვება მოახერხა. წელს შოთა თავად გახდა ეკოკლუბის ლიდერი და თავის თანატოლებთან ერთად სკოლას მორიგი წარმატება მოუტანა.
„ამ კონკურსში იყო ჩემი პირველი გამარჯვება. გამარჯვების შეგრძნება ბევრისთვის ნაცნობი, თუმცა, ჩემთვის პირველი და დასამახსოვრებელი იყო. ასეთი განსხვავებული და დასამახსოვრებელი ემოცია არასდროს მქონია და ვფიქრობ, რომ დიდხანს არ მექნება. ამან კიდევ უფრო დიდი სტიმული და მოტივაცია მომცა გავაგრძელო ის აქტივობები, რასაც ვაკეთებთ.“- შოთა ლაბაძე, ეკოკლუბელი.
სკოლის ეკოკლუბმა კონკურსის ფარგლებში სოფლის მოსახლეობისთვის და გარემოსთვის სასიკეთო 335 აქტივობა ჩაატარა. განსაკუთრებით შედეგიანად მიაჩნიათ საინფორმაციო სემინარები სკოლის მოსწავლეებისთვის, სოფლის მოსახლეობისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის. ასევე, ჰქონდათ მასშტაბური დასუფთავების აქციები, მათ შორის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, აჯამეთის ნაკრძალის ტერიტორიის დასუფთავება .
„პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. სკოლაში ინტერნეტის პრობლემის გამო რთული იყო ონლაინ აქტივობების ჩატარება. წელს ფიზიკურ სივრცეში ბევრი აქტივობა მოვასწარით. თითეული ღონისძიების დაგეგმვის დროს ყველა ეკოკლუბელს თავისი მისია და დავალება ჰქონდა. ბავშვები ძალიან გუნდურად მუშაობდნენ, ამ აქტივობებში მთელი სკოლა ჩართეს და სწორედ ამიტომ, ეს წელიც გამარჯვებით დავასრულეთ .“ - ამბობს მაია აბდალაძე, ხელოვნების მასწავლებელი და ეკოკლუბის წევრი.
სკოლას მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები აქვს. მოსწავლეებს სურთ, რომ სკოლის ახლოს მდებარე შენობაში, ახალგაზრდული სივრცე მოაწყონ, სადაც მათ მიზნებსა და იდეებზე ერთად იმუშავებენ. „სოფლის მოსახლეობას, ბავშვებს არ გვაქვს სივრცე, სადაც ვიქნებით კომფორტულად და სადაც მივიღებთ ჩვენი თავისთვის, ჩვენი თემისთვისა და მუნიციპალიტეტეტისთვის სასარგებლო არაფორმალურ განათლებას.“- შოთა ლაბაძე.
როკითის სკოლა ნიკო კეცხვოელის სასკოლო პრემიის მონაწილე ამ წელსაც იქნება, რადგან ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც კონკურსის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების დროს იღებენ.
„ამ კონკრუსმა პირველ რიგში რაც მომცა არის გამბედაობა. ადრე მერიდებოდა ჩემი აზრის გამოხატვა, ახლა მკაფიოდ შემიძლია ჩემი სათქმელი დიდი აუდიტორიის წინაშე ჩამოყალიბებულად ვთქვა. გარდა ამისა, შევიძინე ახალი ადამიანები, ვისწავლე გუნდურად მუშაობა, პროექტის წერა, გავხდი პრეზენტატორი. ერთი სიტყვით, აქ ვისწავლე ის, რასაც მთელი ცხოვრება გამოვიყენებ.
სხვა ეკოკლუბელებს და მათ, ვინც ახლა აპირებს კონკურსში ჩართვას ვურჩევდი, რომ აკეთონ ის, რაც გულით უნდათ და რაც მათ გარშემომყოფებს დადებით შედეგს მოუტანს. ვურჩევდი, რომ იბრძოლონ მანამდე, სანამ არ მიაღწევენ მიზანს და სჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებენ. კონკურსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობებით დადებით შედეგს მოუტანენ არა მხოლოდ თავიანთ თავებს, სოფელს და თემს, არამედ ქვეყანას.“ - შოთა ლაბაძე.
გარდა მიღებული გამოცდილების, როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უკვე მეორე წელია გამარჯვების შედეგად მიღებული ჯილდოებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საკუთარი სკოლის განვითარებაში.