როგორ გამოიყენა საჩხერის #2 სკოლამ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში მიღებული 5 000 ლარიანი საგრანტო პრიზი?

საჩხერის #2 სკოლაში ბავშვების უმრავლესობა გაკვეთილებზე ველოსიპედით მიდის. ეს მათთვის განსაკუთრებული სიამოვნებაა, სკოლისთვის კი ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა  ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სკოლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებს სასიამოვნო და კომფორტული სასწავლო პირობები შეუქმნას. აქამდე, გაკვეთილებზე მისულ ბავშვებს არ ხვდებოდათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც  თავიანთ ველოსიპედებს სასწავლო პროცესის დროს უსაფთხოდ განათავსებდნენ. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს ნიკო კეცხოველის კონკურსის ფარგლებში მიღებული ფულადი პრიზი სკოლის ტერიტორიაზე ველოსადგომის მოწყობაში გამოეყენებინათ.   

 „გამარჯვების შედეგად მიღებული 5 000 ლარიანი ჯილდოთი სკოლის ტერიტორიაზე ველოპარგინგი მოვაწყეთ. როგორც კი ამინდი გამოდის და ბავშვები მზეს დაინახავენ, სკოლაში ველოსიპედებით დადიან. ველოსადგომის მოწყობის იდეა ეკოკლუბელებს გაგვიჩნდა და როდესაც შედეგი დავინახეთ, ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა გვქონდა.“ - მარიამ აბრამიშვილი, 15 წლის ეკოკლუბელი.

მიღებული გრანტით ბავშვებმა ასევე შეძლეს სკოლის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა, გამწვანებითა და ეზოს სკამებით. ჩაატარეს ნახატების კონკურსი გარემოსდაცვით თემაზე, გამარჯვებულები კი წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით დაასაჩუქრეს. ეკოკლუბელებმა  ნარჩენების დახარისხების მიმართულებითაც იზრუნეს და სხვადასხვა ფერის ნარჩენების ურნები შეიძინეს. ახლა უნდა გადაწყვიტონ, რომელი ფერის ურნაში რა ტიპის ნარჩენს განათავსებენ. 

საჩხერის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიას ჯერ კიდევ 2016 წელს შემოუერთდა. მონდომებით, მოტივაციითა და გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, 2021 წელი მათთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ეკოკლუბელები აქტიურად ჩაერთნენ გარემოსდაცვით აქტივობებში. ბლოგისა და ვიდეოების შექმნა, შეხვედრები, დასუფთავების აქციები, ტრენინგები - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რასაც ბავშვები პანდემიის პირობებში, შესაბამისი რეგულაციების დაცვით , მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ და რამაც ისინი გამარჯვებამდე მიიყვანა. სკოლას საბიბლიოთეკო ფონდის განახლების შესაძლებლობები არ აქვს, თუმცა, მაკულატურის შეგროვებითა და ჩაბარებით, ისინი მაინც ახერხებენ სანაცვლოდ ბავშვებისთვის საჭირო წიგნების მოპოვებას.  სკოლამ გარემოსდაცვითი მიმართულებებით არაერთ საერთაშორისო კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა.

 

„სკოლას უკვე მისიაში აქვს გაწერილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა რომელი საგნების მეშვეობით შეუძლიათ. ეს ჩავდეთ არამარტო არაფორმალური,  არამედ ფორმალური განათლების კურიკულუმშიც. შესაბამისად, ეს აქტივობები  ჩვეულებრივი სასკოლო პროგრამის ნაწილი გახდა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკოკლუბის გამარჯვებაში.“ - ლიკა, სკოლის დირექტორი.

ეკოკლუბის შექმნა სკოლის ბიოლოგიის პედაგოგის, ინგა მოსიაშვილის ინიციატივა იყო.

„5 წლის წინ, როდესაც ამ სკოლას შემოვუერთდი, მქონდა გადაწყვეტილი, სკოლაში ჩამომეყალიბებინა ეკოკლუბი. სწორედ იმ პერიოდში გავიგე, რომ არსებობს  კონკურსი , რომელიც პირდაპირ მოიაზრებს სკოლაში ეკოკლუბის შექმნას და გარემოსდაცვითი აქტივობების  განხორციელებას. შევკრიბე ბავშვები, ვინც დაინტერესებულები იყვნენ არაფორმალური განათლებით გარემოსდაცვითი კუთხით და ჯგუფი ჩამოვაყალიბე.  კარგად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან და ვმეგობრობთ. ეს ჯანსაღი გარემო ჩვენს ურთიერთობებზეც აისახება.“ - ინგა მოსიაშვილი, საჩხერის #2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი.

ეკოკლუბში გაწევრიანებული სკოლის მოსწავლეები 2021 წლის კონკურსის ფარგლებში ჩატარებული მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი აქტივობების შესახებ გვიყვებიან და ამბობენ, რომ ეს აქტივობები მათთვის განსაკუთრებით საამაყოა.

„მდგრადი განვითარების მიზნებზე რამდენიმე ინგლისურენოვანი ვიდეო ვთარგმნე და ჩემი ხმაც დავადე. ახლა ამ ვიდეოს  სხვა სკოლებშიც იყენებენ.“ -  ლუკა დეკანოიძე,15 წლის.

„მინდოდა, რომ აქტივობებში არამარტო კლუბის, არამედ სკოლის სხვა ბავშვებიც ყოფილიყვნენ ჩართულები. ამიტომ, V-VI კლასებში ჩავატარე ტრენინგები სხვადასხვა გარემოსდაცვით ტემაზე. ასევე, მდგრადი განვითარების მიზნებს მივყევი და მინდოდა, რომ ყველა მიზანი ამესახა რეალურ ცხოვრებაში. შემდეგ ამ მიზნებზე გავაკეთეთ პრეზენტაცია - რა პრობლემები არსებობს, როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა, ბავშვებს თუ შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ, ან ვის უნდა მიმართონ ამ პრობლემის მოგვარებისთვის", მარიამ გრძელიშვილი, 15 წლის.

ეკოკლუბელები კონკურსში ისევ აქტიურად არიან ჩართულები. იმედი აქვთ, რომ წელსაც გამარჯვებულების სიაში იქნებიან, თუმცა, უმთავრესი მიზანი მათთვის მაინც  გარემოსთვის სასიკეთო აქტივობების ჩატარებაა.