რა განვითარება მოუტანა რუსთავის #9 საჯარო სკოლის გამარჯვებული ეკოკლუბის მოსწავლეებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიამ?

არსებობს მიზეზები, რატომ უნდა ჩაერთო პროექტში, თუმცა, უფრო სწორი კითხვა იქნება - რატომ არ უნდა ჩაერთო? თავიდან გამარჯვებაზე არც გვიფიქრია. უბრალოდ,  გარემოსთვის  ბევრ კეთილ საქმეს ვაკეთებდით და ეს გვსიამოვნებდა. თუ გსურს გარემოსთვის და საზოგადოებისთვის კარგი საქმე გააკეთო , რატომ არ უნდა ჩაერთო? თან საქმეს გააკეთებ, გაერთობი,  ახალ ხალხს გაიცნობ და  ამასთან ერთად, კარგ პრიზებსაც მიიღებ.“ - ნიკოლოზ ერიაშვილი, გამარჯვებული ეკოკლუბელი.

რუსთავის #9 საჯარო სკოლის ეკოკლუბი -„EcoTopia“ უკვე მესამე წელია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებს შორისაა.

ეკოკლუბის შექმნა რუსთავის #9 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ირინა მღებრიშვილის ინიციატივა იყო. 2019 წელს, მან 10-11 კლასის მოსწავლეები შეკრიბა და ერთ ეკოკლუბში გააერთიანა. სკოლამ ეკოკლუბს ცალკე ოთახიც კი გამოუყო და სწორედ იქ დაიწყეს იმ მნიშვნელოვანი აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მალევე განახორციელეს. პირველ წელს, გამოცდილების ნაკლებობის გამო, კონკურსს ნახევარფინალის შემდეგ გამოეთიშნენ, თუმცა, მიღებული გამოცდილება მომდევნო წლებში გამოიყენეს, შედეგი გააუმჯობესეს და 2021 წელს ნიკო კეცხოველის კონკურსის გამარჯვებული ეკოკლუბების სიასაც შეუერთდნენ. 

„2021  წლის კონკურსში გვიან ჩავერთეთ. ონლაინ რეჟიმის გამო გამარჯვების იმედი არ გვქონდა. რთული იყო, მაგრამ მაინც შეუძლებელი შევძელით და გავიმარჯვეთ. ამ კონკურსის შემდეგ ბავშვებმა ისწავლეს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ  თავზე, გარემოზე , ერთმანეთზე ზრუნვა, გუნდური მუშაობა და გაიცნეს ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. ამ კონკურსმა მათ პიროვნულ განვითარებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.”- ირინა მღებრიშვილი,მასწავლებელი.

რუსთავის #9 საჯარო სკოლა საწარმოებთან ძალიან ახლოს მდებარეობს, რაც ჰაერის დაბინძურების სერიოზულ პრობლემას ქმნის. გასულ წლამდე, სკოლას საკუთარი ეზო არ ჰქონდა.  თუმცა, იდეების კონკურსში გამარჯვების შედეგად, ეკოკლუბელების მონდომებითა და დიდი შრომით, ბავშვებმა შეძლეს სკოლისთვის სკვერის მოწყობა და სკოლის ტერიტორიაზე 250 ნერგის დარგვა. ეკოკლუბში ამბობენ, რომ ეს მათი მთავარი მიღწევაა და ეამაყებათ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სხვა ბავშვებს თავიანთ ეკონაკვალევს -  სკვერს დაუტოვებენ.

ეკოკლუბი აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო აქტივობებში. სააღდგომოდ,  3 ოჯახს, სადაც მათივე სკოლის მოსწავლეები ცხოვრობდნენ, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი დაურიგეს. ეკოკლუბელებმა მიუსაფარ ძაღლებზეც იზრუნეს.  სკოლის ეზოში ძაღლებს თავშესაფარი აუშენეს, მოუარეს, შემდეგ მზრუნველი ოჯახი უპოვეს და დააბინავეს. ასევე, დიდი სიამაყით იხსენებენ კრწანისის ტყეპარკში გამართულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობას. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ეკოკლუბი აქტიურად იყო ჩართული გარემოსდაცვით ღონისძიებებშიც. ეკოკლუბმა 50-მდე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა და სკოლის სხვა მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრნენ, როგორიცაა: ტოლერანტობა, ძალადობა, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა. ამაყობენ, რომ აქტივობებში ეკოკლუბელებმა სკოლის სხვა მოსწავლეებიც ჩართეს.

 „ვისწავლეთ პრეზენტაციების აწყობა, საჯარო გამოსვლების მომზადება. CENN-მა მოგვცა იმის საშუალება, რომ წავსულიყავით ბულაჩაურში, სადაც სხვა სკოლის მოსწავლეებს ჩავუტარეთ ტრენინგები. არ არის ეს მარტო ის, რომ ბუნებისთვის კარგ საქმეს აკეთებ, ასევე, ვითარდები პიროვნულად, მეგობრებს იჩენ და მადლობელი ვარ ამ პროექტის, რომ ასეთ პატარა ასაკში ამხელა გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მომცა. იმხელა ემოციაა, როდესაც შენი შექმნილი რაღაც ხალხს უნდა წარუდგინო. ეგ გრძნობა ღირს იმად, რომ ამ კონკურსში ჩაერთო. არ ვიცი ასეთ გამოცდილებას სად შეიძენ სხვაგან“ - ნუკა მაისურაძე, 15 წლის.

 

ეკოკლუბელები წელსაც აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას - გარემოსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ატქივობების განხორციელებას.