კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“ უკვე მრავალი წელია ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსში ყურადღებას იქცევს. მათი აქტიურობა წლიდან წლამდე იზრდება და ფართოვდება - ამ ეკოკლუბს უკვე ყველა ვიცნობთ.
გასულ წელს, კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა, რიგი საქველმოქმედო აქტივობები განახორციელეს, მრავალი საინტერესო გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩაატარეს და კონკურსში დამსახურებული მეორე ადგილიც მოიპოვეს.
ეკოკლუბელებმა მოცვის ჩაი დაამზადეს, რომელიც ტყიდან მოიპოვეს, შეფუთეს, დააფასოვეს და გაყიდეს.
ამასთანავე, ეკოკლუბელებმა მაკულატურაც შეაგროვეს და გადამამუშავებელ კომპანიას ჩააბარეს. შეგროვებული თანხით კი თემში შშმ პირს ის წიგნები შეუძინეს, რომლებიც მას დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა.
„არასოდეს დამავიწყდება მისი ემოციები და გახარებული სახე“ - ამბობს შოთა ზვიადაძე, ეკოკლუბის ლიდერი.
ეკოკლუბელი ანა ზვიადაძე გვიამბობს ზამთარში როგორ ეხმარებოდნენ ხანდაზმულებს - მათთვის შეშა მიჰქონდათ ან საყიდლებზე მიდიოდნენ.
ეკოკლუბმა კვლავ შეაგროვა მაკულატურა, ჩააბარა გადამამუშავებელ კომპანიას, სანაცვლოდ წიგნები მიიღო და სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცა. დიდი დრო დაუთმეს საკვების ნარჩენების თემასაც, მოსახლეობას კომპოსტირება ასწავლეს და საკვების ნარჩენებზე საინფორმაციო კამპანია განახორციელეს . კამპანიის ფარგლებში მათ შექმნეს საინფორმაციო პოსტერები, ჩაატარეს ტრენინგები და პრეზენტაციები.
ეკოკლუბი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კამპანიას - „ნუ მოჭრი, მორთეს“ შეუერთდა. ეკოკლუბელებმა ქოთანში ჩარგული ნაძვის ნერგები მოსახლეობას დაურიგეს და ამით ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, წვლილი შეიტანეს მოჭრილი ხეების რაოდენობის შემცირებაში.
„ყველა მასწავლებელს მოვუწოდებ, რომ ჩაერთოს ამ პროექტში. პროექტი ბავშვებს ავითარებს და ბევრ საჭირო უნარ-ჩვევას ასწავლის. ორი-სამი წელი მხოლოდ ნახევარფინალში გადავდიოდით და ყოველ წელს ვხვეწდით ჩვენს აქტივობებს. თავიდან არ გვქონდა კომპიუტერები და ტელეფონით ვტვირთავდით აქტივობებს, შემდეგ კონკრუსის ფარგლებში გავხდით CENN-ის რჩეული და საჩუქრად ლეპტოპი გადმოგვცეს . წელს უკვე მეორე ადგილის მფლობელი გავხდით და 6,000 ლარის გრანტით დაგვაფინანსეს, რითიც სკოლაში ვაშენებთ ნიკო კეცხოველის სახელობის სკვერს.“ - ამბობს ელისო არჯევანიძე, ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი.
„ძალიან მიყვარს ეს პროექტი, ბევრს ვაკეთებთ ჩემი გუნდი და მეც. ვცდილობთ, შევცვალოთ საცხოვრებელი გარემო, თემი, სოფელი და ასეც მოხდა. შეიცვალა მათი დამოკიდებულებაც გარემოსადმი.
ძალიან საინტერესო პროექტია, ბევრ მეგობარს გაიჩენ, ახალ საინტერესო ადამიანებს შეხვდები, კეთილ საქმეს გააკეთებ და დაეხმარები დედამიწას. ჩვენ არ ვართ კონკურენტები და ერთად ვმუშაობთ გარემოს დასაცავად. მთავარია, არ დანებდე. რაღაც შეიძლება თავიდან არ გამოგივიდეს, მაგრამ, გახსოვდეს, შეგიძლია ისევ მიუბრუნდე შენს საქმეს და განავითარო.“ - გვიყვება შოთა ზვიადაძე.