კავკასია – მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი
ბოლო 50 წელია, რაც დედამიწის ბიომრავალფეროვნება, როგორც სახეობების, ასევე ეკოსისტემების დონეზე, საფრთხის წინაშე დადგა. ამის მიზეზია ბუნებრივი ჰაბიტატების შემცირება და ანთროპოგენური ფართობების ზრდა, დაბინძურება და სხვა შემაწუხებელი ფაქტორების არსებობა, რაც ჩვენი ცივილიზაციის ტექნოგენურ განვითარებას ახლავს თან.
იმისათვის, რომ დედამიწის ბიომრავალფეროვნების კლასიფიკაცია/კატეგორიზაცია მოეხდინათ, შეიმუშავეს სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ტყეების კლასიფიკაციის (Loucks, 1962), ბიომების კლასიფიკაციის (Bailey, 1976, 2014), ბიოგეოგრაფიული ზონების კლასიფიკაციის (WWF/Global 200 scheme of Olson & Dinerstein, 1998) სინთეზზე. შესაბამისად, შეიმუშავეს გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს გლობალური მნიშვნელობის ბიომრავალფეროვნებით ყველაზე მდიდარი და ამასთან, საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიების იდენტიფიცირება. ეს კრიტერიუმები შემდეგია:
1. ბიომრავალფეროვნების სიმდიდრე სახეობებისა და ეკოსისტემების დონეზე
2. ენდემიზმის მაღალი დონე
3. მიმდინარე საფრთხეების ხარისხი
სურ. 1: ეკორეგიონების რუკა
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 900-მდე ეკორეგიონი, ხოლო მათგან 238 – კონსერვაციული ღირებულებებისაა და საფრთხეების ხარისხის მიხედვით პრიორიტეტულია. ამ ეკორეგიონებს Global 200 ეწოდება. სწორედ ამ 238 ყველაზე მნიშვნელოვან ეკორეგიონებს შორის არის კავკასიისითვის 3 რეგიონი, რომლებიც ფლორის, ფაუნის, ჰაბიტატების, ეკოსისტემების და ლანდშაფტების ნაირგვარობის გათვალისწინებით გამოიყო. ესენია:
1. ზომიერი სარტყელის ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეები/კავკასიის ვარიანტებით
2. ჩრდილო ცენტრალურ აზიური უდაბნოები და ქსეროფიტული ბუჩქნარები
3. ზომიერი სარტყლის სტეპები და ბუჩნარები
თავისთავად, ეს ზონები განზოგადებულია და თავის თავში უამრავ ქვეზონას და სხვა გარდამავალ ვარიანტს შეიცავს. ამ სამი წარმოდგენილი ეკორეგიონიდან უმთავრესი, როგორც გეოგრაფიულად, ასევე მრავალფეროვნების მხრივ, ზომიერი სარტყელის ტყეებია.
სურ.2: ცხელი წერტილების რუკა
იმისათვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ეკორეგიონების დაცვა ტექნიკურად გაადვილებულიყო, შეიმუშავეს ახალი მეთოდი და 1990 წელს Norman Myers-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ჩამოაყალიბა ე.წ. ბიომრალფეროვნების ცხელი წერტილების კონცეფცია. ეს მიდგომა ითვალისწინებს როგორც ეკორეგიონალურ, ასევე გეოგრაფიულ და კონსერვაციულ კონცეფციებს. ამჟამად, დედამიწაზე გამოყოფილია 35 ცხელი წერტილი, მათ შორის 2 კავკასიას მოიცავს, ესენია:
1. კავკასიის ცხელი წერტილი (ჩრდილოეთ კავკასია (რუსეთი), საქართველო (გარდა სამცხე ჯავახეთისა), აზერბაიჯანი, სომხეთის მცირე ნაწილი, თურქეთის ჩრდილო აღმოსავლეთი და ირანის ჩრდილო დასავლეთი.
2. ირანი ანატოლიის ცხელი წერტილი - ის მოიცავს ირანის დასავლეთს (ზაგროსის მთათა სისტემას), თურქეთის შიდა ნაწილს (ანატოლია), სომხეთის დიდ ნაწილს და საქართველოს (სამცხე ჯავახეთი), ეს ცხელი წერტილი მოიცავს ასევე შუა აზიის სამრეთ დასავლეთს (კოპერდაღის ქედს).
როგორც ვხედავთ, კავკასია იმ იშვიათ რეგიონებში შედის, რომელსაც 2 ცხელი წერტილი კვეთს. შესაბამისად, ეს ხაზს უსვამს ამ რეგიონის გლობალურ მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების სიმდიდრის და არსებული საფრთხეების მიმართ.
და მაინც, რაში გამოიხატება კავკასიის რეგიონის სიმდიდრე?
მოვიყვანოთ სტატისტიკა: კავკასიის ეკორეგიონის ფარგლებში აღრიცხულია 6500 სახეობის მცენარე, 450-მდე სახეობის ფრინველი (მობუდარი, მობინადრე, მოზამთრე, მოზაფხულე, გადამფრენი, შემხვევით შემომფრენი), 130 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი, 90-ზე მეტი სახეობის ქვეწარმავალი და 20 სახეობის ამფიბია და 130 სახეობის მტკნარი წლის თევზი.