წითელი ნუსხა და წითელი წიგნი

წითელი ნუსხა და წითელი წიგნი

07 დეკემბერი, 2018

საქართველოს წითელი ნუსხა (ბმულზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ აქ)

საქართველოს წითელი წიგნი (ბმულზე  გადასასვლელად დააწკაპუნეთ აქ)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
1900 წელს, როდესაც „მოგზაური“ მტრედი გაქრა, ამერიკული ბიზონი კი გაქრობის პირას აღმოჩნდა, ამერიკელმა ორნითოლოგმა ჯორჯ გრინელმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც  პირველად იყო გამოყენებული ტერმინი „გადაშენებული“ - (Extinct). ამავე წელს შეიქმნა, ეგრეთ წოდებული - Lacey Act of 1900, რომელიც პირველად ითვალისწინებდა ცხოველების კომერციული გამოყენების რეგულირებებს, მაგრამ გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენისთვის რეალური ქმედებების გატარებამდე წინ ჯერ კიდევ დიდი დრო იყო.

პირველი წითელი ნუსხა“, უფრო ზუსტად კი „საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების წითელი ნუსხა“, რომელიც შემდგომში, გადაშენების პირას მყოფი
სახეობების შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა, 1964 წელს „ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირმა“ შექმნა.

თავდაპირველად, ეს ნუსხა მხოლოდ გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს აერთიანებდა და მას საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველებისა და ძუძუმწოვრების
წითელი ნუსხა ეწოდა, თუმცა მალევე დაემატა ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლები და მცენარეები. ნელ-ნელა ასეთი დოკუმენტები არა მხოლოდ
საერთაშორისო, არამედ ქვეყნების დონეზეც კი შეიქმნა. მათ შორის იყო საბჭოთა კავშირიც და მასში შემავალი ქვეყნები, სადაც პირველი „წითელი წიგნი“
1978 წელს შეიქმნა. კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში საქართველოს „წითელი წიგნი 1982 წელს  გამოჩნდა.

მიუხედავად ამისა, 1964 წელს, „ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის“ მიერ მიღებულ ნუსხასა და ზემოხსენებულ წითელ წიგნებს შორის ფუნდამენტური
განსხვავება იყო.

საბჭოთა კავშირში შემავალ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გამოცემული „წითელი წიგნი“ მხოლოდ და მხოლოდ სახეობების ჩამონათვალს
წარმოადგენდა. წიგნში გარკვეული ინფორმაცია იმ სახეობების შესახებაც იყო მოწოდებული, რომლებსაც რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრებოდათ. თუმცა,
მიუხედავად ამისა, ეს წიგნები არ ეფუძნებოდა არანაირ საკანონმდებლო დოკუმენტს, რომელიც საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველებს ან განსხვავებულ სტატუსს
მიანიჭებდა, ან მათ მიმართ რაიმე ტიპის ქმედებებს გაატარებდა.

რეალურად, „წითელი წიგნი“ თაროების დამამშვენებელი, ვიზუალურად კარგად გაფორმებული დეკორაცია იყო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს მაინც წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან წინა პერიოდს თუ გავიხსენებთ, მაშინ სახეობების იშვიათობა საერთოდ
იგნორირებული იყო. „წითელი წიგნის“ შექმნის შემდეგ კი, რიგ შემთხვევებში გაჩნდა დაახლოებით ასეთი პრიმიტიული ტენდენცია - „წითელი წიგნის სახეობაა
და დროებით მათზე მოვერიდოთ ნადირობას“. 

რა თქმა უნდა, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ვითარება კარდინალურად განსხვავებული იყო. მაგალითად, „ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის“
წითელი ნუსხის საფუძველზე, აშშ-ში 1966 წელს შეიქმნა - „საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აქტი“. ამ სიაში მოხვედრილი სახეობები ავტომატურად
ექვემდებარებოდა გარკვეულ სამენეჯმენტო ქმედებებს და ეს დღემდე ასე გრძელდება.

როგორც „წითელი ნუსხით“, ასევე აშშ-ის „საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აქტით“ გათვალისწინებული სამენეჯმენტო მოქმედებები დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნებოდა საფრთხის წინაშე მდგომი სახეობა.

ბუნებრივია, ამა თუ იმ კატეგორიისადმი მიკუთვნება, სახეობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საჭიროებდა. ამ ცნობებს განიხილავდა შესაბამისი კომისია და სახეობებს კონკრეტულ სტატუსს ანიჭებდა. სწორედ ეს სტატუსი განსაზღვრავდა სხვადასხვა კატეგორიაში მოხვედრილი სახეობების მიმართ ჩასატარებელ სამენეჯმენტო მოქმედებებს.

1964 წელს შექმნილ „წითელ ნუსხაში“ გარკვეული კატეგორიებიც იყო მითითებული და წლების განმავლობაში, გადაშენების პირას მყოფი სახეობების
შენარჩუნების პროცესი სწორედ ამ კატეგორიის მიხედვით იგეგმებოდა. თუმცა, კატეგორიებისა და სტატუსების დეტალურად განსასაზღვრად უფრო ღრმა,
სპეციფიკური კვლევები იყო საჭირო.

1990 წელს ჟურნალ „კონსერვაციულ ბიოლოგიაში“ გამოქვეყნდა ორი მეცნიერის: ინგლისელი ჯეორჯინა მეისისა და ამერიკელი რასელ ლანდის სტატია -
„ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის გადაშენების პირას მყოფი სახეობის კატეგორიების გადაფასებისთვის“. აღნიშნულ სტატიაში მეცნიერებს შემუშავებული
ჰქონდათ გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ამა თუ იმ სახეობისთვის კონკრეტული კატეგორიის მინიჭება.

მანამდე, ამ ტიპის კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობდა. არსებობდა ზოგადი, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ დასკვნებსა და არა კვლევაზე
დაფუძნებული მოსაზრებები. იყო შემთხვევები, როდესაც სახეობა იკარგებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მასზე ინფორმაცია არ არსებობდა.

სწორედ ამ ორმა მეცნიერმა შეიმუშავა დღეს „მეის-ლანდის კრიტერიუმებად“ წოდებული მახასიათებლები, რომელზე დაყრდნობითაც, თითოეული სახეობის
შეფასებისთვის „ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირმა“ (1994 წელს, „წითელი ნუსხის“ მეორე გამოცემაში) კონკრეტული კატეგორიები დაადგინა.

დღეს მოქმედი კატეგორიათა სია 2015 წელსაა შექმნილი და მასში განსაზღვრულია შემდეგი ტიპის კატეგორიები: გადაშენებული; გადაშენებული ბუნებაში; კრიტიკული საფრთხის წინაშე; გადაშენების პირას მყოფი; მოწყვლადი; საფრთხესთან ახლოს 
მყოფი; ნაკლებად საგანგაშო; მონაცემთა ნაკლებობა; შეუფასებელი.

ცხოველის ამა თუ იმ კატეგორიისთვის მიკუთვნება, გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი დამყარებულია უშუალოდ ცხოველის რაოდენობაზე; მეორე - მისი გავრცელების ფართობზე; მესამე კი დინამიკაზე, ანუ იმაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში, იკლებდა თუ მატულობდა სახეობის პოპულაცია.

აღნიშნული კრიტერიუმები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მაგალითად, შესაძლოა, რომ ცხოველის პოპულაცია მცირერიცხოვანი მაგრამ სტაბილური იყოს. ასეთ დროს, ამ სახეობის მდგომარეობა ნაკლებ საგანგაშოა და შესაძლოა ნაკლებ ყურადღებას საჭიროებდეს, ვიდრე იმ სახეობის, რომელიც სწრაფად იწყებს კლებას.

რაც შეეხება კონკრეტულ კატეგორიებს: „გადაშენებულად“ (EX) ითვლება ცხოველი, როცა ამ სახეობის ინდივიდი ბუნებაში 5 წლის განმავლობაში არ არის დაფიქსირებული, ან დაფიქსირდა 1-2 ჯერ, მაგრამ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი არ არსებობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა - „ბუნებაში გადაშენებული“ (EW), რაც აერთიანებს იმ სახეობებს, რომლებიც მხოლოდ ტყვეობაში, მაგ: ზოოპარკებშია შემორჩენილი. ამ შემთხვევაში, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ შესაძლებელია მათი აღდგენა და ბუნებაში რეინტროდუქცია.

კატეგორია - „კრიტიკული საფრთხის წინაშე მდგომი“ (CR) - ის სახეობებია, რომლებიც გადაშენების ძალიან მაღალი საფრთხის წინაშე დგანან და უმოკლეს ვადაში ემუქრებათ გაქრობა.

შემდეგი კატეგორია - „გადაშენების პირას მყოფი“ (EN) - ეს არის სახეობები, რომლებიც გადაშენების მაღალი საფრთხის წინაშე იყოფებიან და უახლოეს მომავალში ემუქრებათ გაქრობა.

კატეგორია „მოწყვლადი“ (VU) - გადაშენების მაღალი საფრთხის წინაშე მდგარი სახეობებია და მათაც ემუქრებათ გაქრობა, თუმცა არა მოკლე დროში.

„საფრთხესთან ახლოს მყოფი“ (NT) - სახეობები, რომლებიც მალე შეიძლება აღმოჩდნენ საფრთხის წინაშე.

„ნაკლებად საგანგაშო“ (LR) - უახლოეს მომავალში საფრთხე არ ემუქრებათ.

თითოეული კატეგორიისათვისა შემუშავებული იქნა შესაბამისი, მათ შორის რაოდენობრივი კრიტერიუმი. მაგალითად, „გადაშენების პირას მყოფი“ სახეობების პოპულაცია:

•             შემცირებული უნდა იყოს 70%-ით, ბოლო ათი წლის ან სახეობის ბოლო სამი თაობის განმავლობაში; ან,

•             მისი გეოგრაფიული გავრცელება (არეალი) 5 000  კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებს უნდა მოიცავდეს და ა.შ.

სხვადასხვა სიტუაციისათვის და სახეობის შესახებ არსებული ინფორმაციის დონეების შესაბამისად, თითოეულ კრიტერიუმს მრავალი ქვეკრიტერიუმი აქვს. ასეთი დეტალური შეფასება უზრუნველყოფს თითოეული სახეობის წინაშე არსებული საფრთხის დონის ობიექტურ შეფასებას. სწორედ ამის შესაბამისად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს კონსერვაციული ქმედებები. 

იმ სახეობებისთვის, რომლებიც განეკუთვნება კატეგორიებს: „გადაშენებული ბუნებაში“, „კრიტიკული საფრთხის წინაშე“ ან „გადაშენების პირას მყოფი“, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის მიერ რეკომენდებულია რეინტროდუქციის ჩატარება. ამ შემთხვევაშიც არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რადგან არსებობს პრაქტიკა, როდესაც შეცდომების შედეგად ნეგატიური შედეგი დადგა.

მოგეხსენებათ, რეინტროდუქცია ცხოველის კონკრეტული სახეობის ბუნებრივი გავრცელების არეალში დაბრუნებას ნიშნავს. თუმცა, არსებობდა ინტროდუქციის პრაქტიკაც, სხვადასხვა სახეობების შეყვანა იქ, სადაც ისინი მანამდე არ ბინადრობდნენ. სახეობების ინტროდუქცია არაერთ ქვეყანაში მოხდა, თუმცა, ამის შედეგად, ეს ცხოველები უკვე ადგილობრივი ფაუნისთვის იქცნენ სერიოზულ პრობლემად. 

ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხას“ რომ დავუბრუნდეთ, მას არ აქვს კანონის ძალა და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. თუმცა, გარკვეულწილად ეს არის ჩარჩო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მთელი რიგი ქვეყნები მოქმედებენ. ამასთანავე, შემუშავებულია სახელმძღვანელოები, როგორ უნდა მოხდეს ეროვნული და რეგიონული კრიტერიუმების საერთაშორისო კრიტერიუმებთან მისადაგება.

ეროვნული და რეგიონალური კრიტერიუმები შემოღებულია იმისთვის, რომ ქვეყნებმა არ დაკარგონ საკუთარი ბიომრავალფეროვნება. შესაძლოა ცხოველი გადაშენებული იყოს ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ არა რეგიონში; ან, ქვესახეობის დონეზე, გადაშენებული იყოს მთლიანად რეგიონში. ამის კლასიკური მაგალითია კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), რომელიც მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული, საქართველოსა და კავკასიაში კი გადაშენების პირას მყოფად მიიჩნევა, რადგან აქ გვხვდება განსხვავებული ქვესახეობა - კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus maral).

თითოეულ ცხოველისთვის კატეგორიის მინიჭებას, ანალიზს სპეციალური კომისია განსაზღვრავს. ასეთი კომისია საქართველოშიც იყო შექმნილი და მას დავით თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ კომისიამ იმუშავა საქართველოში გავრცელებული სახეობების შეფასებაზე და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მათთვის კონკრეტული კატეგორიების მინიჭებაზე (სამწუხაროდ, კომისიამ უფლებამოსილება დაკარგა და სამუშაო პროცესი აღარ განახლებულა).

სწორედ ამ კომისიის პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ შეკრებაზე მოხდა საქართველოში არსებული სახეობების შეფასება. იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია მწირი იყო, სახეობები ძირითადად შეფასდა როგორც - „მონაცემთა ნაკლებობა“ და „შეუფასებელი“.

ჩვენი სახეობებიდან ყველაზე მძიმე ვითარებაში, „გადაშენების პირას მყოფი“ სახეობის კატეგორიაშია დასავლეთ კავკასიური ჯიხვი - ცხოველის რიცხოვნობაც, მისი განსახლების არეალის ფართობიც და დინამიკაც უარყოფით ტენდენციას ასახავს. 

მოგეხსენებათ, დასავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემური სახეობაა და გადაშენების შემთხვევაში, მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდება. სწორედ ამიტომ, ამ სახეობის აღდგენა ჩვენთვის პრიორიტეტულია და ეს პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობს ბუნებრივი პოპულაცია და ამ ბუნებრივ პოპულაციაზე, განსახლების ახალი კერების წარმოქმნაზე მუშაობა ახლავე უნდა დავიწყოთ. 

მეორე, ასევე მნიშვნელოვანი სახეობაა ნიამორი, რომელიც განეკუთვნება „მოწყვლად“ კატეგორიას. ეს ცხოველიც აქტიურ კონერვაციულ ქმედებებს საჭიროებს, თუმცა გარემოებების მიხედვით, ზოგ შემთხვევაში რეკომენდებულია რეინტროდუქცია, ზოგში კი - არა.

მაგალითად, თუშეთსა და პირიქითა ხევსურეთის ნაწილში ჯერჯერობით კიდევაა შემორჩენილი ნიამორი. მაგრამ, მცირე კავკასიონზე, საქართველოს კონტროლირებად ნაწილზე, ეს ცხოველი მთლიანად გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე კავკასიონის სამხრეთით ნიამორი კვლავაც ბინადრობს, მათი რიცხოვნობა იმდენად მცირეა, რომ მათ მიერ ახალი ტერიტორიების ათვისება და საქართველოში შემოდინება პრაქტიკულად გამორიცხულია.

ამიტომაც, „ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის“ მიერ რეკომენდებულია ნიამორის რეინტროდუქცია მცირე კავკასიონზე.

ჩვენთვის პრიორიტეტული მესამე სახეობა კავკასიური კეთილშობილი ირემია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მათი რიცხოვნობა ძალიან მაღალია, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია - კავკასიური კეთილშობილი ირემი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა.

ის როგორც ფიზიკურად, ასევე მორფოლოგიურად და ქცევით მკაფიოდ განსხვავდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული სახეობისგან, შესაბამისად, მისი გადაშენების შემთხვევაში, კავკასიური კეთილშობილი ირმის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ „ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირში“ ცხოველთა თითოეულ ჯგუფზე სპეციალისტთა კონკრეტული ჯგუფი მუშაობს. მაგალითად, მთის, მათ შორის საქართველოში გავრცელებულ ჩლიქოსნებზე -  „CAPRINAE“-  სპეციალისტთა ჯგუფი ზრუნავს.

სწორედ მათი რეკომენდაციების საფუძველზე თბილისის ზოოპარკი იწყებს კამპანიას ჩამოთვლილი სახეობის შენარჩუნებისთვის. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ გავითვალისწინოთ საეტაპო კონცეფცია - „მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის შესახებ“. ეს გახლავთ პასუხი ერთადერთ კითხვაზე - რამდენი ინდივიდია საჭირო იმისთვის, რომ სახეობა აღდგეს. ეს საკმაოდ რთული კითხვაა და კვლევას საჭიროებს.

დღეისათვის თბილისის ზოოპარკის კამპანიის ფარგლებში, დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, ნიამორისა და კავკასიურ კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტის ფარგლებში სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა. ამის შემდეგ უკვე შევძლებთ განვსაზღვროთ, რამდენი ინდივიდით შეიძლება ამა თუ იმ სახეობის აღდგენა. თითოეული სახეობისთვის შედგება კონსერვაციის კონკრეტული გეგმა და მოხდება მათი რეინტროდუქცია.

ბუნებრივია, ეს პროცესი დიდ დროსა და დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ამა თუ იმ სახეობის აღდგენას წლები სჭირდება და, რაც მთავარია, ეს უწყვეტი პროცესი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის აქტივობას, ერთი მხრივ, მათ ფინანსურ მონაწილეობას, მეორე მხრივ კი, მათ პასუხისმგებლობას!

აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი სპეციფიკური გარემოება - როდესაც მთის ჩლიქოსნებსა და მათ აღდგენაზე ვსაუბრობთ, ამ პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია ადგილობრივ მოსახლეობას. სპეციალისტების ჩართულობით, სწორედ მათ უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა კონსერვაციულ საქმიანობაში და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მათთვის შემოსავლის გარკვეულ წყაროდაც უნდა იქცეს (მაგ. „სატროფეო ნადირობა“).

თუკი ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა გარეშეც მთაში ნადირობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, დარწმუნდება, რომ ცოცხალი ცხოველი მისთვის შემოსავლის წყაროა, უფრო დიდი შანსი გვექნება, რეალურ წარმატებას მივაღწიოთ საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის საქმეში. თბილისის ზოოპარკი ამ მიმართულებითაც მუშაობს და კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას სულ მალე ვამცნობთ.