ფოთის N4 სკოლის ეკოკლუბმა ბიომრავალფეროვნების დღე კოლხეთის ეროვნულ პარკში აღნიშნა

25 მაისს ქალაქ ფოთის N4 სკოლის ეკოკლუბმა  მსოფლიო ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ დღის აღსანიშნავად  დაიგეგმა ეკოსაგანმანათლებლო სემინარი კოლხეთის ეროვნულ პარკში.  მეცნიერ-თანამშრომლები ესაუბრნენ  კოლხეთის დაცული ტერიტორიების განსაკუთრებულ  ბიომრავალფეროვნებაზე.   

მოსწავლეები ესტუმრნენ საგამოფენო სივრცეს, შემდეგ გავიდნენ საველე დავალების შესასრულებლად. ორნითოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებით დააკვრდნენ ფრინველებს. ინსტრუქციის დაცვით მოახდინეს მათი იდენტიფიცირება და ისწავლეს ფრინველთ დათვლის მეთოდები. ადგილობრივად გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა და მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი და დიდი მყივანი არწივი იზამთრებს. ძნელად თუ შეხვდებით - საქართველოს ფაუნის ულამაზეს ფრთოსანს – კოლხურ ხოხობს.

კოლხეთის ჭაობები პირველ რიგში, თავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვენლოვანი. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი. ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო ბორეალური სახეობები – სფაგნუმის ხავსები , მრგვალფოთოლა დროზერა, ჩრდილოეთის ისლი და ალპური ზონის მცენარეები ისლი და შქერი . დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში წარმოდგენილია მურყანი, ლაფანი, იმერული და ხართვისის მუხები თავისი კარგად განვითარებული მარადმწვანე ქვეტყით. დიუნების ქვიშიან ზოლში კი ხარობს ქაცვი, ძეძვი და სხვა. იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, ქართული მუხა  და თხმელა; ხოლო გადაშენების პირას მისული მცენარეთა სტატუსით ორი სახეობაა - ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი.