კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფელ ოძისის სკოლაში ტყეების საერთაშორისო დღე აღინიშნა

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღე იყო. საქართველოსთის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყნის ტერიტორიის 40% -ზე მეტი ტყითაა დაფარული. ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა უდიდეს როლს ასრულებს ტყის დაცვით საქმეში. ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ეკოკლუბების უმეტესობამ მათ სკოლაში და თემში ამ დღესთან დაკავშირებით მრავალი საინტერესო ღონისძიება გამართა. მათ შორის იყო, კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლაც.  

ოძისის სკოლოს ეკოკლუბის ორგანიზებით სკოლის ეზოში ხის ნერგების დარგვის აქცია გაიმართა. ამ აქტივობით ბავშვებმა ხელი შეუწყვეს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მათი წვლილი შეიტანეს ბუნების დაცვის საქმეში. 

შემდეგ, ეკოკლუბის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაცია  და წარუდგინეს უმცროსკლასელებს. მათ გააცნეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის რესურსების დაცვას ქვეყნისთვის, რომელი წლიდან აღნიშნავენ ამ დღეს საერთაშორისო დღედ, საქართველოს ტყეებში რომელი ხის ჯიშებია გავრცელებული და ბიომრავალფეროვნების დაცვას რა დიდი მნიშვნელობა აქვს. პრეზენტაციის შემდეგ უმცროსკლასელებს დაუსვეს კითხვები თუ რა  ცოდნა მიიღეს  ამ შეხვედრიდან და ეკოკლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა სურათების ჩვენება მოაწყვეს. მოსწავლეებს ხეების ფოტოებით უნდა ამოეცნოთ რომელი ხის ჯიშები იყო ფოტოებზე ასახული. ბავშვებმა ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალური სიმბოლური ლოგოც დაამზადეს.