ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე მესტიის სოფელ წვირმის სკოლაში

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებთ 18 მარტს, ზემო სვანეთში, მესტიის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "დედამიწელების" ხელმძღვანელმა სოფიო ქუხილავამ სკოლის მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარა თემაზე: ,,ნარჩენების მართვა“. ასევე მოეწყო ვიდეო ჩვენებებიც.

სოფიომ ისაუბრა სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებზე და აღნიშნა, რომ სახიფათო ნარჩენები განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი, ერთჯერადი ელემენტები, ზოგიერთი ენერგოდამზოგავი ნათურა და ბევრი სხვა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, ნარჩენად გადაქცევის შემდეგ სახიფათო ხდება და მათი სხვა ნარჩენებთან განთავსება არ შეიძლება. სახიფათო ნარჩენები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ვერცხლისწყალი, აზბესტი, ტყვია და სხვა. ისაუბრეს იმაზეც, თუ რას იწვევს ნარჩენების დაბინძურება.

მოსწავლეები სვამდნენ შეკითხვებს, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ნივთების ხელახლა გამოყენება, რომ არ გადაეგდოთ ის ნივთი, რისი ხელახლა გამოყენება შეიძლებოდა. თვალსაჩინოებისთვის ,,დედამიწელებმა’’ მოსწავლეებს მათ მიერ ხელახლა გამოყენებული ნივთები აჩვენეს და აუხსნეს თუ როგორ მისცეს ნივთებს "მეორე სიცოცხლე" და ამ კუთხით შემდგომში ერთობლივი აქტივობაც დააანონსეს.