მასშტაბური გამწვანების აქცია დუშეთის სოფელ ლაფანაანთკარში

დედამიწის დღის მოახლოვებასთან დაკავშირებით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის სკოლის ეკოკლუბის მოხალისეებმა სლოგანით "ისუნთქე მწვანედ, დედამიწასთან ერთად!" სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიჭვის, ნაძვის და ცაცხვის ნერგები დარგეს. გამწვანების აქციამდე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამსახურის მხარდაჭერით, ლისის სანერგე ფონდიდან ეკოკლუბს გადაეცა 30 ძირი ნერგი.   

მოსწავლეებმა CENN-ის საველე მეგზურის დაინტერნეტში მოძიებულ მასალის გამოყენებით თითოეული სახეობის "ბიოგრაფია" მოიძიეს: წარმოშობის და გავრცელების არეალი, ღეროს ზრდის მაქსიმალური სიმაღლე, ვარჯის დიამეტრი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ნიადაგის გრუნტის სიღრმე ჩარგვისას, მორწყვის ინტენსივობა, სინათლის და ჩრდილის მიმართ მათი დამოკიდებულება.

მოსწავლეებმა გაითვალისწინეს სატყეოს წარმომადგენლის რჩევები: ნაძვებისთვის  უპირატესი აღმოსავლეთის მიმართულების განსაზღვრა; ორმოში ჩარგვამდე ფესვთა სისტემისთვის წყლის ჭარბად ჩასხმა; მიწის დაყრის დროს ფენა-ფენა წყლის დამატება; ირგვლივ ნიადაგი დატკეპნა და ა.შ...

ეკოკლუბ "პანგეას" წევრების მოწადინება სკოლის თემში ყველასთვის გადამდები აღმოჩნდა. ეს იყო პოზიტიური ენერგიების გაცვლის/გადაცემის დღე. ტრადიციულად ეკოკლუბელებმა გადაიღეს ვიდეო-რგოლი მორის ფოცხიშვილის ლექსზე - "ხე დარგე!".