ბორჯომში, თორის ქუჩაზე მცხოვრები ათი ოჯახი, მერიას ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას სთხოვს. მათი განმარტებით, ტერიტორია მეწყერსაშიშია , მათი საცხოვრებელი ბინები კი ავარიული.
ბორჯომში, თორის ქუჩაზე, N42-ში და N44-ში მდებარე კორპუსების მცხოვრებლები ამბობენ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ, ყოველ გაზაფხულზე სტიქიის საშიშროება აქვთ და მერიას გასახლებას სთხოვენ.
გასული წლის მაისში, მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა, ეს ოჯახები დააზარალა კიდეც. მაშინ მერიას სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად, 65 000 ლარი დასჭირდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, ორ ოჯახს კომპენსაცია მისცა, ერთი კი ქირით გაიყვანა და დღემდე უხდის ყოველთვიურ იჯარას.
„მთაზე ტყე გაიჩეხა და წვიმის დროს მიწის მასა მოდის. შარშან ღელე ადიდა და რაც ქვა–ღორღი და ნიაღვარი იყო, ჩვენს ეზოებსა და სახლში შემოიტანა. ოთახებში ფანჯრებამდე იყო ასული წყალი. როგორც ქვაბში, ისე ვართ მოქცეული. გვეშინია, რომ წელსაც იგივე მოხდება“, – ამბობს ამალია გიორგაძე.
„ყოველ წელს წყალდიდობაა, გვეშინია. ვყარაულობთ, რომ წყალი არ შემოვარდეს და მძინარეები არ დაგვახრჩოს. დაგვეხმარონ, სადმე გაგვიყვანონ“, – მეზობელს ეთანხმება მარინა კარაპეტოვი.
გარდა იმისა, რომ ადგილი სახიფათოა, ერთი საუკუნის წინ აშენებული შენობებიც ძველი და ავარიულია.
„იატაკი ყოველდღიურად დაბლა იწევს. სარდაფში ბოძები გვაქვს შეყუდებული, რომ არ ჩავარდეს. ძალიან ცუდ დღეში ვართ. მაგიდა რომ სწორად დავდგა, ხის ნაჭრები მჭირდება“, – ამბობს მარინა კარაპეტოვი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიის შემდეგ გაცემული კომპენსაციები პრობლემას არ აგვარებს.
„გასულ წელს ყველაზე მეტი დარტყმა ჩემმა ოჯახმა მიიღო, – სარდაფებიდან ამოვარდა წყალი, იატაკიდან ამოხეთქა. ხელისუფლებიდან ყველა იყო მოსული, დაგვეხმარნენ კიდეც. კომპენსაცია რომ მივიღე, რემონტიც განვაახლე, მაგრამ მაინც შიშში ვცხოვრობთ“, – ამბობს ნანა გვარამაძე.
„გავარემონტებთ და კიდევ ჩამოწვება მეწყერი, ეს წყალში გადაყრილი ფულია. ვითხოვეთ ღელესთან „სტენკა“ აემაღლებინათ, მაგრამ არ გააკეთეს. თუ ბინით ვერ დაგვაკმაყოფლებენ , მაშინ დგვარში როგორც დარიგდა კომპენსაციები, ისე მოგვცენ ჩვენც“, – აცხადებენ ადგილობრივები.
ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობის გასაყვანად ამ ეტაპზე თვითმმართველობას ფული არ აქვს.
„ამ ბინას ყოველთვის აქვს რაღაც პრობლემები. მოსახლეობის სურვილია, რომ გავიყვანოთ იქიდან, მაგრამ მუნიციპალიტეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს“, – აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან, მაისის სტიქიის შემდეგ, თორის ქუჩაზე სანიაღვრე არხი გაწმინდეს და საყრდენი კედელიც გააშენეს.
მერიის ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ გეოლოგები. სპეციალისტები თორის ქუჩაზე არსებული მთის სამხრეთი ფერდობის გეოლოგიური კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
„წინასწარ რამის თქმა შეუძლებელია, რადგან სტიქია არაპროგნოზირებადია, – გააჩნია რა სიხშირის ნალექია, შეიძლება ზედაპირული ჩამორეცხვაც მოხდეს და წამოიღოს“, – აცხადებს გიორგი ბუცხრიკიძე.
ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ მთის გეოლოგიური კვლევა ამავე ქუჩაზე მდებარე მინერალური წყლის კოპანიის „IDS ბორჯომის“ დაკვეთით, სპეციალისტებმა 2015 წელს ჩაატარეს. ამ კვლევის საფუძველზე გეგმავენ საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, მეწყერისა და ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების დასაგეგმად.
„კვლევა სარეკომენდაციო ხასიათისაა. დოკუმენტის თანახმად, წყალშემკრები ფართის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს პრობლემური უბნის ტოპო გადაღება, ჰიდროლოგიური კვლევა, ასევე საინჟინრო-გეოლოგიური აგეგმვა. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი დარგის სპეციალისტები შეძლებენ დაგეგმონ და დააპროექტონ მეწყერ და ღვარცოფ საწინააღმდეგო ღონისძიებები“, – ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებულ წერილში.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე