დაბა ლაითურის სკოლამ მორიგი გამწვანების აქცია განახორციელა

გურიაში, დაბა ლაითურის საჯარო სკეოლის ეკოკლუბ "მწვანე თაობის" ინიციატივით დაბა ლაითურში გამწვანების აქცია მოეწყო. აქცია მდგრადი განვითარების მე–15 მიზნიდან გამომდინარეობდა, რაც დედამიწის ეკოსისტემების დაცვას, აღდგენასა და მდგრად გამოყენებას გულისხმობს. აქციის დაწყებამდე ეკოკლუბის ხელმძღვანელმა, ბიოლოგიის პედაგოგმა დალი კილაძემ და სპორტის პედაგოგმა ხვიჩა მახარაძემ მოსწავლეებს გამწვანების მნიშვნელობის შესახებ გააცნეს ინფორმაცია. 

ახალგაზრდებში აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მასში აქტიურად ჩაერთნენ როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. განსაკუთრებული მონდომებით მეხუთეკლასელები გამოირჩეოდნენ, რომელთაც ახალდარგული ნერგები გადაინაწილეს და მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობაც აიღეს. ამგვარი შემეცნებითი ხასიათის გარემოსდაცვითი აქტივობები, ერთი მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდების ეკოცნობიერების გაზრდას, მეორე მხრივ კი დედამიწის მწვანე საფარის დაცვასა და აღდგენაში მონაწილეობს.