მესტიის სოფელ იელის სკოლა ნიკო კეცხოველის გზაზე

ზემო სვანეთში, მესტიის სოფელ იელის  საჯარო სკოლის  ეკოკლუბის წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მოაწყვეს შეხვედრა,   ეკოკლუბის ხელმძღვანელმა ანა  აბესაძემ  მადლობა გადაუხადა კლუბის წევრებს აქტიური თანამშრომლობისათვის და წარუდგინა მათ მოკლე მოსხენება  გასული სასწავლო  წლის განმავლობაში  განხორციელებული  აქტივობების მნიშვნელობის შესახებ. ასევე გააკეთა პრეზენტაცია  „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია  2020 წლის" კონკურსში მონაწილეობის წესების, მიზნების და ამავე კონკურსში ქულების დაგროვების პრინციპის შესახებ.  

ასევე ისაუბრა კონკურსის არსზე, მის ისტორიასა და პრიორიტეტებზე,  იმ დადებით მხარეებზე, რასაც ეს პროექტი და მასში ჩართვა ემსახურება. განუმარტა მოსწავლეებს  სოციალური პასუხისმგებლობის არსი  და მნიშვნელობა. სთხოვა გუნდის  წევრებს  დაესახელებინათ  ერთი კონკრეტული აქტივობა, რომლის ასახვა და განხორციელებაც , მათი აზრით, სასურველი  და  აუცილებელია „ნიკო კეცხოველის სასკოლო  პრემია 2020“ კონკურსის სამოქმედო  გეგმაში.

კლუბის წევრებმა  გუნდურად იმუშავეს,  შემდეგ კი თითოეულმა მათგანმა დაფაზე  დაწერა არჩეული აქტივობა  და  ისაუბრა ამ აქტოვობის დადებით შედეგებზე და მნიშვნელობაზე.  ამ  ჩამონათვალში იყო:

Ø  მაკულატურის შეგროვება სკოლაში და თემში სასწავლო წლის განმავლობაში, ხეების გადასარჩენად,

Ø  დასუფთავების აქციების მოწყობა (ან მონაწილეობა სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქციებში, „გარემოს გულისთვის“)    შეძლებისდაგვარად ხშირად,

Ø  ნაჭრის ჩანთების  დამზადება  ჩვენი დედიკოებისათვის და არა მარტო... , რათა შევამციროთ  პოლიეთილენის პარკების მოხმარება,

Ø  გამწვანების  აქციები,  „დედამიწის ფილტვების “  გადასარჩენად,

Ø  ბუკლეტების დარიგება, თემში  ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებლად.

Ø  თავისუფალი  გაკვეთილები (გარემოსდაცვით საკითხებზე) 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა აქტიურად იმსჯელეს რისი გაკეთება შეეძლოთ მათ საკუთარი ხელებით  მდგრადი განვითარების მე-12-ე მიზნის ( „გონივრული მოხმარება და წარმოება“ ) მიღწევაში წვლილის შესატანად. დაგეგმეს  აქტივობა „ახალი სიცოცხლე“, როგორც თვითონ განმარტეს, ასე დაარქვეს იმიტომ, რომ გამოუსადეგარ  ნივთებს ისინი ახალი ფუნქციებს შესძენდნენ და გაუხანგრძლივებდნენ „სიცოცხლეს“.

პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ კი კურატორის  დახმარებით  შეიმუშავეს სამუშაო გეგმა.     ეკოკლუბი „ იელი“   იზრუნებს თემში არსებულ  პრობლემებზე და იმუშავებს მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანზე.