სვანი ბავშვები სოფელ ლატალის სისუფთავეზე ზრუნავენ

ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ჩვენ და ბუნება"-(ი)ს წევრებმა, ხელმძღვანელ მადონა წერედიანთან ერთად ჩაატარეს დასუფთავების აქცია ლატალის თემში. ეკოკლუბის წევრებმა მოხალისეობრივად სკოლის მოსწავლეებთან ერთად ნარჩენებისგან გაწმინდეს თემის ცენტრი, სპორტული მოედნის ტერიტორია და ცენტრალური გზის გარკვეული მონაკვეთი.

აქციის ფარგლებში მოხალისეების მიერ შეგროვილი თანხით დაიბეჭდა მაისურები თემატიკის შესაბამისი წარწერით, რომელთა თანხლებითაც წარიმართა პროცესი. შეგროვებული ნარჩენები მოთავსდა მესტიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოყოფილ ერთჯერად პოლიეთილენის პარკებში და მათი სპეციალურ ადგილამდე გადატანა უზრუნველყო იგივე სამსახურის სპეც. ტექნიკამ.

აღნიშნული აქცია წარიმართა ეკოკლუბისა და მესტიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ეფექტური თანამშრომლობით. ამ აქტივობით მოხალისეებმა მოუწოდეს მოსახლეობას, რომ არ უნდა მოხდეს ბუნებაში  ნარჩენების უკონტროლო მოთავსება. ახალგაზრდები დიდ იმედს იტოვებენ, რომ ეს ქმედება ყოველი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და მაგალითი იქნება.